Thumbnail
  • ბორნმუთი 1:2 იუნაიტედი
  • ჟოზე მოურინიოს ზედიზედ მეორე გამარჯვება პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტური ბორნმუთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედი ჩავიდა. 

"დინ კორტზე" ანგარიში მე-11 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ბორნმუთმა შეტევა მარჯვენა ფრთაზე განავითარა, საიდანაც მეკარის საჯარიმოსკენ ჯუნიორ სტანისლასმა ჩააწოდა. მანჩესტერელთა დაცვა ამ დროს ამოსვლასა და თამაშგარე მდგომაროების შექმნას ცდილობდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დე ხეასთან პირისპირ დარჩენილმა კალუმ უილსონმა ბურთს კარისკენ მიმართულება ერთი შეხებით შეუცვალა - 1:0. ეს გოლი თავდამსხმელისთვის 50-ეა ბორნმუთის მაისურით.

მოურინიოს შეგირდება წონასწორობა შესვენებამდე, მსგავსი კომბინაციით აღადგინეს და ეს ანტონი მარსიალმა მოახერხა, რომელიც საგოლე გადაცემით ალექსის სანჩესმა მოამარაგა. 

მანჩესტერელთა 22 წლის ფრანგი ფორვარდი სუპერფორმაშია - ბოლო ხუთ მატჩში მეხუთე გოლი შეაგდო. ჩილელის ანგარიშზე კი პრემიერლიგის 7 მატჩში გოლი და 2 საგოლე პასია.

მარსიალმა პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში 5 გოლი შეაგდო

შესვენების შემდეგ მოედანზე უკეთესი აშკარად მანჩესტერ იუნაიტედი იყო, ბორნმუთი კი მეტწილად თავს იცავდა. პორტუგალიელმა მეტოქეზე წნეხის გაძლიერება მოედანზე ერერას, რაშფორდისა და ლინგარდის შეყვანით სცადა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.

ერთ ეპიზოში მარკუს რაშფორდმა და პოლ პოგბამ ძალიან ხელსაყრელი შანსი ზედიზედ ვერ გამოიყენეს.

მაგრამ მიზანს მოგვიანებით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაინც მიაღწიეს. პოგბამ მარცხენა ფრთიდან მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა. რაშფორდმა ბურთის მიღება-დამუშავებას საკმაო დრო კი მოანდომა, მაგრამ ხელი რატომღაც არავინ შეუშალა და მანაც საბოლოოდ დაარტყა - 1:2.

მარკუს რაშფორდის ანგარიშზე პრემიერლიგაში 2 გოლია და ორივე შეცვლაზე შესულმა გაიტანა

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე, ბოლო ოთხ მატჩში კი მესამე გამარჯვება იზეიმა და 20 ქულით სატურნირო ცხრილში დროებით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს სწორედ ბორნმუთთან იყოფს. 

ჟოზე მოურინიოს გუნდს წინ ორი ურთულესი გასვლითი შეხვედრა ელოდება. “წითელი ეშმაკები” 11 ნოემბერს, პრემიერლიგის მომდევნო ტურში მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის უნდა დაუპირისპირდნენ, იქამდე კი, 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩი ტურინში იუვენტუსთან უნდა გამართონ.

ბორნმუთი 1:2 იუნაიტედი

გოლები: 1:0 უილსონი (11’),1:1 მარსიალი (35’). 1:2 რაშფორდი (90+2)

ბორნმუთი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - ფრენსისი, სტივ კუკი, აკე, სმიტი - სტანისლასი (90+1' სურმანი), ლუის კუკი (68' გოსლინგი), ლერმა, ფრეიზერი (74' აიბი) - ბრუკსი - უილსონი.

იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ - ფრედი (56' ერერა), მატიჩი, პოგბა - მატა (56' რაშფორდი), სანჩესი (78' ლინგარდი), მარსიალი.

კომენტარები

ბოლო ამბები