Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | მშვენიერი სტარტი - გოგა ჩხაიძე B ჯგუფის ლიდერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველი ნაკრებიც ჩაება
  • 67 კგ. წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე გოგა ჩხაიძე წარსდგა და B ჯგუფში გალიდერდა
  • დღესვე მოგვიანებით 61 კგ-ში შოთა მიშველიძე იასპარეზებს

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 67 კგ. წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე გოგა ჩხაიძე წარსდგა და B ჯგუფში გალიდერდა.

ჩხაიძემ ატაცში სამივე ცდა (132, 136, 139) წარმატებით გამოიყენა, რაც მესამე შედეგი იყო. ქართველ ძალოსანს კიდევ უფრო კარგი შედეგი აკვრაში ჰქონდა (164, 168, 172), სადაც მეორე იყო. ორჭიდის ჯამში, 311 კგ-ით, გოგამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და B ჯგუფში ლიდერი გახდა. ჩხაიძემ უახლოეს მდევარდ ყაზახ ფარხი ხარკის 3 კგ-ით აჯობა. 

67 კგ. წონით კატეგორიაში A ჯგუფში ასპარეზობა 4 ნოემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. გოგასთვის აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე დღეში ზედიზედ მეორე ჩემპიონატია. 

თურქმენეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიცარნაგზე დღეს კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი გავა. მსოფლიო პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე 61 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი - აშხაბადი ტურნირს 1-10 ნოემბერს მასპინძლობს

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადში 7 სპორტსმენით გამოვა, მათ შორისაა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, ლაშ ტალახაძე, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე:

3 ნოემბერი 09:00 საათი - გოგა ჩხეიძე 67 კგ. 
3 ნოემბერი 16:25 საათი - შოთა მიშველიძე 61 კგ. 
6 ნოემბერი 18:55 საათი - რეზი დავითაძე 89 კგ. 
7 ნოემბერი 16:25 საათი - ანტონ პლესნოი 96 კგ. 
8 ნოემბერი 18:55 საათი -ირაკლი ჩხეიძე 102 კგ. 
10 ნოემბერი 16:25 საათი - ირაკლი თურმანიძე + 109 კგ.
10 ნოემბერი 16:25 საათი - ლაშა ტალახაძე +109 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები