Thumbnail
  • გერმანული გამოცემა მსოფლიო ფეხბურთში მორიგ სკანდალს აანონსებს
  • ვინ არიან ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებიც დოპინგს მოიხმარენ
  • ეჭვები ფიფას პრეზიდენტზე 

გერმანული გამოცემა Spiegel მსოფლიო ფეხბურთში სკანდალს აანონსებს. გამოცემა ვარსკვლავების, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის გამარჯვებული ფეხბურთელების დადებითი დოპინგ-ტესტების შესახებ პუბლიკაციას ამზადებს. ამასთან, იგეგმება სტატიების ციკლი იმაზე, თუ როგორ არიდებენ თავს გადასახადებს "ინგლისური პრემიერლიგის ტიტანები". პუბლიკაციები უახლოეს კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც დოპინგის მიღებაში არიან მხილებულნი, ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ამ დროისთვის ასევე გასაიდუმლოებულია იმ ინგლისური კლუბების სახელებიც, რომლებიც გადასახადებთან დაკავშირებით მაქინაციებში არიან მხილებულნი.

სიტისა და პსჟ-ის მფარველი ფიფას პრეზიდენტი 

მანამდე Spiegel-მა მასშტაბური გამოძიება ჩაატარა Football Leaks-ი დოკუმენტების საფუძველზე და დაადგინა, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს ფინანსური ფეარ-პლეის წესის დარღვევისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარა. ჟურნალისტების ვერსიით, ეს 2014 წელს მოხდა, როდესაც ინფანტინო უეფას გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ირკვევა, 2011-იდან 2013 წლამდე პსჟ-სა და სიტის ბიუჯეტის სერიოზული დეფიციტი ჰქონდათ. ფრანგულ კლუბს - 218 მლნ ევრო, ინგლისურს - 188 მლნ ევრო. წესით, უეფას კლუბების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაეწესებინა და ევროთასებიდან მოეკვეთა, თუმცა ინფანტინოს წყალობით, ეს არ მოხდა.

წყაროს ცნობით, ამ ფაქტის გამო შოტლანდიელმა ექსპერტმა ეკონომიკის დარგში ბრაიან კუინმა, რომელიც იმჟამად ფინანსური ფეარ-პლეის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და პსჟ-ისა და მანჩესტერ სიტის დარღვევებს სწავლობდა, თანამდებობა დატოვა. ის მიიჩნევდა, რომ უეფამ ამ კლუბების წინააღმდეგ მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი გამოიყენა.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ევროპის 16 ტოპ-კლუბი 2021 წელს ახალი ტურნირის შექმნას აპირებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები