Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა sovsport-ს ინტერვიუ მისცა
  • 26 წლის ფეხბურთელმა ტრავმაზე, კლუბზე, ნაკრების შანსებსა და ბევრ სხვაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა საბა კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში თავის ტრავმა მიიღო, მაგრამ თამაში თავშეხვეულმა მაინც გააგრძელა და ამის გამო შექება მწვრთნელისგანაც დაიმსახურა და ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისგანაც.

სისხლი და თავდადება - საბა კვერკველია WHOSCORED-ის სიმბოლურში

მატჩის შემდეგ საბას თავზე 12 ნაკერის დადება დასჭირდა და ამის გამო 26 წლის მცველმა სათასო შეხვედრაც გამოტოვა. მოგვიანებით კი sovsport.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ტრავმაზე, საკლუბო და სანაკრებო ამბებზე ელაპარაკა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

თამაშში მთელი თავით ვერთვები, თუნდაც გატეხილით

ტანმაღალი ქართველი მცველი რუსეთის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა

ენისეისთან (3:0) შეხვედრაში ტრავმა სარკისოვთან შეჯახების შედეგად მივიღო. ძალიან მტკივნეული იყო, მოედანზევე ბევრი სისხლი დავღვარე. შემეძლო თუ არა შეცვლა? სათარიგოთა სკამზე მცველი არ იყო, ანგარიში კი უსიამოვნო გვქონდა - 1:0. ენისეი გვიტევდა, შეცვლა კი სარისკო იყო.

თანაც, არც ვიცოდი, თუ ასეთი საზარელი ტრავმა მქონდა. ვიფიქრე, თავი პატარაზე გამიტყდა და ისეთი არაფერი მჭირდა. შემდეგ ექიმმა ნახა, გასახდელში ტელეფონით გადამიღო და გული ლამის წამივიდა,, თავზე ნაკერები იქვე დამადეს.

თამაშის დროს ტრავმაზე არ ვფიქრობდი, გონებაში მხოლოდ მოგება მიტრიალებდა. თამაშში მთელი თავით ვერთვები, თუნდაც გატეხილით და ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია ხოლმე, სხვა არაფერი.

აქ ახალი ცხოვრება დავიწყე

კვერკველიამ მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი უკვე მოიგო

რუბინიდან ლოკომოტივში გადასვლის შემდეგ, ახალი ცხოვრება დავიწყე და მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდა. მწვრთნელ იური სიომინზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ის კარგი და კეთილი ადამიანია. ის ფეხბურთით ცხოვრობს.

როდესაც კლუბის ბაზაზე შევდივარ, ისეთი განცდა მეუფლება, როგორიც საკუთარ სახლში მაქვს. აქ ყველას ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. როდესაც ვიღაცას პრობლემა აქვს, ამას ერთად ვაგვარებტ. თუკი ვინმეს თავს კარგი ხდება, ყველას უხარია. და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იყო, სანამ ჩემპიონები გავხდებოდით. გუნდში ყველა კარგი ბიჭია, გავშინაურდით და ყველა კომფორტულად ვგრძნობთ თავს. როგორი ფეხბურთელიც არ უნდა იყო, ადამიანად უნდა დარჩე, თორემ ყველგან გაგიჭირდება. 

როდესაც ლოკომოტივში მოვედი, მითხრეს, რომ ამ კლუბს ქართველი ლეგიონერის ყოლა კარგად აქვს დაცდილი. თავიდან მეცინებოდა, მაგრამ შემდეგ წელიწადნახევარში თასი და ჩემპიონობა მოვიგეთ, ორი წარმატებული სეზონი - როგორც ჩანს, ეს მთლად ხუმრობა არაა.

მისაუბრია თუ არა ზაზა ჯანაშიასთან ან მალხაზ ასათიანთან (მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი ქართველი ფეხბურთელები)? საქართველო პატარა ქვეყანა და რა თქმა უნდა, ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ. საქართველოში ლოკომოტივი ძალიან უყვართ, ყველამ იცის, რომ ეს დიდი გუნდია.

მუნდიალზე რუსეთსა და საფრანგეთს ვქომაგობდი

რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს შეკრება დაემთხვა. რა უნდა გვექნა? ვუყურებდით ფეხბურთს და ვვარჯიშობდით. მეც მუნდიალის ყველა თამაშს ვუყურე. რა თქმა უნდა, რუსეთს ვგულშემატკივრობდი - იქ მოთამაშე ლოკომოტივის ფეხბურთელებს. რუსეთის ნაკრებმა კარგად ითამაშა, ამ შედეგს არავინ ელოდა. ყოჩაღ ბიჭებს. ასევე მომეწონა საფრანგეთის თამაში. მანქანა! ყველა გაანადგურა. 

ერთა ლიგა საქართველოსთვის შანსია

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველობა უკვე გაინაღდა

საქართველოს ნაკრები ურიგოდ არ გამოდის ერთა ლიგაზე. ყველა ერთ მუშტად ვართ შეკრული - ფეხბურთელები, ფედერაცია. ფეხბურთელების ისეთი დიდი არჩევანი არ გვაქვს, როგორიც რუსეთს აქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, სტაბილური გუნდი გავხდით. არამხოლოდ ერთმანეთთან შევთამაშდით, მივეჩვიეთ გატანას და არგაშვებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გვყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, განსაკუთრებით შეტევაში. პლუს - იშვიათად იცვლება შემადგენლობა. გვინდა, ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცას მივაღწიოთ. ღმერთმა ქნას, გამოგვივიდეს. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ.

უეფას ერთა ლიგის ფორმატი მომწონს. ისეთი მოკრძალებული ნაკრებებისთვის, როგორიც ჩვენია, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. გერმანიასთან, იტალიასა და საფრანგეთთან, გინდა თუ არ გინდა, თამაში ძნელია. ასეთი გუნდების წინააღმდეგ გასვლა საინტერესოა, მაგრამ შედეგი, რომელიც გჭირდება, არ მიიღწევა. ერთა ლიგა გვაძლევს შანსს, უპრობლემოდ მოვხვდეთ ევრო 2020-ზე.

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე ტირილი მინდება

უბრალოდ, ტირილი მინდება ხოლმე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მესმის. ამ დროს ბავშვობის მოგონებები ცოცხლდება - როგორ ვიჯექი, ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და ვოცნებობდი ფეხბურთელების ადგილას ყოფნაზე.

ჩემპიონთა ლიგაში ლოკომოტივის რთული სტარტის მიზეზი ისაა, რომ არ გვიმართლებს, ვუშვებთ ისეთ გოლებს, რომლებსაც არ უნდა ვუშვებდეთ და ვერ ვიტანთ ისეთ სიტუაციებში, როგორშიც ვიტანთ ჩემპიონატში. მაგალითად, პორტუსთან (1:3) მე-20 წუთზევე შეგვეძლო ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურებულიყავით, მაგრამ პირიქით გამოვიდა.

ახლა ბრწყინვალე ფორმაში ვართ და დღეს რომ ვიწყებდეთ ჯგუფში გამოსვლას, მინიმუმ 6 ქულას ავიღებდით. სამი ტური ჯერ კიდევ წინაა და გვჯერა, მდგომარეობას გამოვასწორებთ. მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, ევროპალიგის საგზური ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიპოვოთ.

ხინკალი? ბორშჩი და პელმენი უფრო  მიყვარს

საბას ფეხბურთის თამაშის გარდა, სიმღერაც კარგად ეხერხება და ცეკვაც

ქართული რესტორნების ხშირი სტუმარი არ ვარ. საერთოდ კი, არ დამიჯერებთ და, ძალიან მიყვარს ბორშჩი და მასზე უარის თქმა მიჭირს. როდესაც ბაზაზე ბორშჩი მზადდება, ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ორ თეფშს მივირთმევ. კიდევ ძალიან მიყვარს ბაზაზე მომზადებული პელმენი არაჟნით.

როგორც ყველა ქართველს, რა თქმა უნდა, სიმღერაც მიყვარს და ცეკვაც. როდესაც გუნდი სადმე ვიკრიბებით, აუცილებლად ვიღებ მიკროფონს. ვცეკვავ კიდეც. ჯერჯერობით არავის უთქვამს, ცუდად ცეკვავო, თორემ შევეშვებოდი.

თავისუფალ დროს შინ, ოჯახთან ვატარებ, ასევე მიყვარს რესტორანში ან კინოში წასვლა. საზოგადოებაში როგორი ვარ? ავტოგრაფებსა და ფოტოსურათებზე უარს არ ვამბობ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის უარი მეთქვას. ამისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე.

ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი კალაძეა

რა თქმა უნდა, რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებთან მაქვს ურთიერთობა. ახლო მეგობრობა მაკავშირებს ჭანტურიასთან, ოქრიაშვილთან, ჯანოსთან. 

რაც შეეხება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ასეთი კახა კალაძეა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ალექსანდრე ჩივაძეს, მაგრამ 1992 წელს ვარ დაბადებული და მისი თამაში არ მახსოვს, კალაძე კი კარგად მახსოვს - როგორ იგებდა ჩემპიონთა ლიგას და სერია A-ს არაერთგზის. შედეგებით ის ნამდვილად საუკეთესოა.

ჯერ არ მინდა ამაზე ვიფიქრო

მინდა, ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები ჯანმრთელად იყვნენ. ეს ყველაზე მთავარია. დანარჩენს კი დრო აჩვენებს. რაც შეეხება კარიერას, მინდა გავაგრძელო მაღალ დონე მუშაობა. ვფიქრობ თუ არა მწვრთნელობაზე? ამაზე ჯერ არ მინდა ვიფიქრო. ცოტას ჯერ კიდევ ვითამაშებ.

კომენტარები

ბოლო ამბები