Thumbnail

დაცვა უმთავრესია - MVP შენგელიამ და ბასკონიამ ევროლიგაში მოგება გაიხსენეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონია 82:56 დარუშაფაკა
  • ბასკონიას გულშემატკივრების აზრით შენგელია MVP-ია

ევროლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელების, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ 26-ქულიანი სხვაობით დაამარცხა შინ დარუშაფაკა - 82:56. ამით ბასკურმა კლუბმა სამ-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ბასკონიას კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო - 13. თოკომ მხოლოდ 17:34 წუთი ითამაშა, რადგან მისი გუნდის უპირატესობა მეტოქეზე დიდი იყო. მან 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 მოხსნა, 2 ბლოკი და 1 პასია. თოკოზე უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ ვენსან პოარიეს ჰქონდა - 19 და 21. თუმცა მატჩის MVP-დ ბასკონიას ფანებმა (68%) თორნიკე შენგელია დაასახელეს.

მეტ ჯენინგი სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მან შენგელიაზე ოდნავ მეტი ითამაშა - 18:56 წუთი. ნატურალიზებულმა ამერიკელმა 8 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 ბლოკი და თითო პასი და მოხსნა მიითვალა. ჯენინგს პოარიესა და შენგელიას შემდეგ საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 13. 

ბასკონია 9 ნოემბერს ფენერბაჰჩეს მიიღებს. 

რა თქვა კაპიტანმა

თორნიკე შენგელია: "ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა მესამე მეოთხედში თამაში იყო. ახლა ყველაფერი შევცვალეთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ დაცვაში. დაცვა კი კალათბურთში გადამწყვეტია. როცა თავს კარგად იცავ, შეგიძლია შეუტიო და ქულები დააგროვო.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყოველ თამაშს მნიშვნელობა აქვს და ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება. იმედია, ასევე გავაგრძელებთ მოგებებს". 

კომენტარები

ბოლო ამბები