Thumbnail

50 ქულა და ცრემლები! დერიკ როუზის გალა - ემოციური დღე NBA-ში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA ტრავმებით დატანჯული ყოფილი MVP-ს გრანდიოზულ შედეგს ზეიმობს
  • დერიკ როუზმა იუტასთან 50 ქულა ჩააგდო
  • ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე NBA-ს ისტორიაში: ახლო წარსულში “მუდმივ პაციენტად” წოდებულმა დერიკ როუზმა, რომელსაც კარიერა ტრავმებმა გაუფუჭა, 50 ქულა ჩააგდო და მთელი საკალათბურთო სამყარო აალაპარაკა. რა გასაკვირია, რომ მატჩის შემდეგ 30 წლის როუზმა ცრემლები ვერ შეიკავა.

იუტა ჯაზთან მოგებულ შეხვედრაში (128:125) როუზმა კარიერის საუკეთესო შედეგი დადო და გარდა 50 ქულისა, მინესოტას გამარჯვება პირადად მისი დამსახურება კიდევ იმიტომაა, რომ ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში, სწორედ მან შემოგვთავაზა დაფარება, რითაც მისმა გუნდმა მოგება გაიფორმა.

მინესოტას გამთამაშებლისთვის, რომელიც ტრავმების გამო დიდხანს იტანჯებოდა, ეს ფენომენალური შედეგია!

მათთვის, ვინც არ იცის: 2011 წელს როუზი სეზონის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდა, მერე კი მუხლის ტრავმებმა ისე დატანჯეს, რომ კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა. წინა სეზონი მან კლივლენდში გაატარა, მაგრამ კავალიერსში საქმეები ძალიან ცუდად წაუვიდა და იუტაში “გაათრეიდეს”, საიდანაც თებერვალში გააგდეს.

როუზმა თავისი ადგილი მინესოტაში იპოვნა და ახლა სწორედ იუტასთან ითამაშა ზღაპრულად - თანაც, ჯიმი ბატლერისა და ჯეფ ტიგის არყოფნაში! შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დერიკი მატჩის შემდეგ ცრემლებს ებრძოდა.

“ეს გავაკეთე გუნდისთვის, ფანებისთვის, ყველასათვის… ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოვიგოთ. დღეს საოცარი საღამო გამოვიდა,” - თქვა მატჩის შემდეგ თვალცრემლიანმა როუზმა აკანკალებული ხმით.

დერიკმა მეორე ტაიმში 34 ქულა ჩააგდო. აქედან, 15 მეოთხე მეოთხედში, რომელშიც ძალიან დიდი ბრძოლა იყო. გარდა ამისა, როუზმა 41 წუთი ითამაშა, რაც ბოლო 2 წელიწადში მისთვის ყველაზე მეტია.

“MVP! MVP!” - სკანდირებდნენ მატჩის შემდეგ მინესოტას ფანები. დერიკმა 31 მცდელობიდან 19 ჩააგდო, კალათში 4 სამქულიანი მოათავსა და 6 პასიც გააკეთა.

ექს-სუპერვარსკვლავის “მეორედ დაბადებას” NBA-ს სხვა, ყოფილი თუ ამჟამინდელი ვარსკვლავები გამოეხმაურნენ.

“დაუჯერებელია!” - აღნიშნა ლებრონ ჯეიმსმა, - “სუპერგმირი ყოველთვის სუპერგმირია - მაშინაც კი, როცა დაეცემა. დღეს მან დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ სუპერგმირია!”

“დერიკ როუზის წარმატება დღეს NBA-ს ყველა ფანს უნდა უხაროდეს. დღევანდელი საღამო კარგი მაგალითია, რომ არასდროს უნდა დანებდე. არ უნდა დანებდე, რადგან ძალიან მაგარი რაღაცები ხდება. ისე მიხარია, თითქოს მე ჩავაგდე 50 ქულა. ვულოცავ ამ ძალიან კარგ ტიპს!” - დაწერა “ტვიტერზე” დუეინ უეიდმა.

ემოციური იყო ჩიკაგოს ლეგენდა სკოტი პიპენის კომენტარიც: “დიროუზი ძალიან მაგარია! მან იმდენი რამ გადაიტანა… ამაზე მეტად ბედნიერი ვერ ვიქნები, მის თამაშს რომ ვუყურებ.”

ასე გამოხმაურა NBA როუზის ბრწყინვალე თამაშს:

კომენტარები

ბოლო ამბები