Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიას გუნდი ბრუკლინთან ბოლო წამებზე დამარცხდა
  • ქართველმა ცენტრმა 12 წუთში 9 ქულა და 3 გადაცემა დააგროვა

წარმატებული სტარტის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ქართველმა კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს პირველი ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით მოუგო და მეოთხე მეოთხედი წინაც სწორედ ამ უპირატესობას ფლობდა. ძირითადი დრო 110:110 დასრულდა, დაინიშნა ოვერტაიმი, სადაც გამარჯვება ბრუკლინმა მოახერხა.

ბრუკლინი ორ ქულას აგებდა, როდესაც სპენსერ დინვიდიმ სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები დააწინაურა. დეტროიტმა დარჩენილ 7 წამში თამაში ვერ მოიგო და ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

ზაზამ 12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ფაჩულიამ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს ამ თამაშში ბურთი ფარიდან არ მოუხსნია.

მასპინძელთა რიგებში სპენსერ დინვიდის 25 ქულა ჰქონდა, რაც საუკეთესო შედეგი იყო. ასევე 25 ქულა დააგროვა ბლეიკ გრიფინმა, დეტროიტელთა კალათბურთელმა 9 მოხსნაც მიითვალა. ანდრე დრამონდი ორმაგი დუბლით გამოირჩა - ფაჩულიას თანაგუნდელმა 24 ქულა აიღო და 23-ჯერ მოხსნა ბურთი.

დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში ფილადელფიას დაუპირისპირდება. მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება და ქართველ გულშემატკივარს SILK UNIVERSAL-ის ეთერში შეეძლება პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა.

კომენტარები

ბოლო ამბები