Thumbnail

‘ერთ დღესაც, სიმართლეს ყველა გაიგებს!’ - რონალდოს გულახდილი ინტერვიუ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • France Football-მა კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • CR7-მა გაუპატიურების სკანდალზე და იუვეში გადასვლაზე ისაუბრა
  • პორტუგალიელის თქმით, ფული მისთვის მეორეხარისხოვანია

ჟურნალ France Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანო რონალდომ თავისი ცხოვრების (სავარაუდოდ) ყველაზე ცუდ ამბავზე გულახდილად ისაუბრა. 

აშშ-ის მოქალაქე კეტრინ მაიორგამ, გაუპატიურების ბრალდებით, 33 წლის სუპერვარსკვლავის იმიჯს უდიდესი დარტყმა მიაყენა. რონალდო 2009 წელს მაიორგაზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

“წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა შენზე ამბობენ, რომ მოძალადე ხარ. მე ვიცი, ვინ ვარ და რა გავაკეთე. ერთ დღესაც, სიმართლეს ყველა გაიგებს და ის ადამიანები, რომლებიც მაკრიტიკებენ და ჩემი ცხოვრების ცირკად გადაქცევას ცდილობენ, ყველაფერს დაინახავენ. დადგება დღე და ეს ადამიანები გაზეთების პირველ გვერდებზე ისევ გამოაქვეყნებენ ჩემს ფოტოს, ოღონდ სათაურით, უდანაშაულოა!” - აცხადებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

იუვენტუსის გოლეადორი აღიარებს, რომ ბრალდებებმა მას უკვე მიაყენა ზიანი: “ამ ამბავმა ჩემს ცხოვრებაზე უკვე იმოქმედა უარყოფითად. მე ხომ ქმარი და 4 შვილის მამა ვარ, მყავს ასაკოვანი დედა, დები და ძმა - ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს.”

View this post on Instagram

La famiglia bianconera! #finoallafine

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

კრიშტიანომ იუვენტუსში გადასვლაზეც კიდევ ერთხელ ისაუბრა: “ასეთ ასაკში არცერთი ფეხბურთელი არ იყიდება 100 მილიონად ერთი დიდი გუნდიდან მეორე გრანდში. ვიცი, რომ ეს სიგიჟეა. ჩემს ასაკში ფეხბურთელები ჩინეთში, ინდოეთში ან MLS-ში მიდიან ხოლმე და როცა ამას ვამბობ, ნამდვილად არ მსურს მათი დაკნინება - მე ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ. უბრალოდ, ისინი კარიერის მიწურულს ასეთ ნაბიჯებს დგამენ და დონეს არ ინარჩუნებენ. მე ვამაყობ, რომ ასე არ ვფიქრობ და ასე არ ვიქცევი. არ ვამბობ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ - უბრალოდ, სხვანაირი ვარ. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მაღლა,” - ამბობს CR7.

გერმანულმა “ბილდმა” ყოფილი ფეხბურთელის, კრისტოფ მეტცელდერის კომენტარები გამოაქვეყნა, სადაც რეალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი რონალდოს ახასიათებს: “კრიშტიანო ექსტროვერტია, რის გამოც ბევრს არ უყვარს. ამასთან, იმდენად ამბიციურია, რომ ეს თვისებაც ბევრში იწვევს უკმაყოფილებას. არადა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და 33 წლის ასაკშიც კი თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს. მცველისთვის ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა იცის, რომ წინ თამაშობს კაცი, რომელიც 30 გოლს გაიტანს - ის ტიტულების გარანტიაა!” - ამბობს 37 წლის მეტცელდერი.

რონალდო: “როცა ვგრძნობ, რომ არ მიჭერენ მხარს, არ ვუნდივარ და არ ვჭირდები, ლოგიკურია, რომ წასვლა მინდა - ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს ჩემს ასაკს და ხელფასს. ამბობდნენ, ფულის გამო წავიდაო. 33 წლის ვარ და როცა დილას ადრე ვდგები და ვარჯიშზე ერთ-ერთი პირველი მივდივარ, რამდენად სწორია იმის გაფიქრება, რომ ამას ფულის გამო ვაკეთებ? უბრალოდ ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და მიყვარს გამოწვევები. სწორედ ეს არის ჩემი მოტივაცია. რაც შეეხება ფულს: მადრიდშიც იმდენს ვიღებდი, რამდენსაც ტურინში მიხდიან. შესაძლოა, რეალში უფრო მეტიც მქონდა. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ის იყო, რომ იუვენტუსს მართლა ძალიან ვუნდოდი!”

მეტცელდერი: “რონალდოს სჭირდება იმის შეგრძნება, რომ უყვართ და აფასებენ. ტურინში სწორედ ეს მიიღო - ისე ექცევიან, როგორც ღმერთს.”

კომენტარები

ბოლო ამბები