Thumbnail

უარი რეალის გაწვრთნაზე - მიქაელ ლაუდრუპმა მიზეზიც დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • AS-ის ცნობით, ლაუდრუპი პერესის სასურველი კანდიდატი იყო 
  • რეალის ყოფილი ნახევარმცველისთვის კლუბის მომავალი ბუნდოვანია 

მიქაელ ლაუდრუპმა უარი განაცხადა რეალის გაწვრთნაზე. ამის შესახებ AS იუწყება, რომლის ცნობით, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ 54 წლის დანიელი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავდა.

ლაუდრუპთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას აცნობა, რომ მიქაელს ძალიან უყვარს თავისი ყოფილი კლუბი, მაგრამ მისი გაწვრთნა არ სურს, რისი მიზეზიც კლუბის არადამაჯერებელი სპორტული პოლიტიკა და ბუნდოვანი მომავალია.

მიქაელ ლაუდრუპი რეალის ღირსებას ფეხბურთელობისას 1994-96 წლებში იცავდა.

ლაუდრუპმა რეალთან ერთად 1995 წელს ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა

დანიელ ლაუდრუპს მშობლიურ კოპენჰაგენსა და ბრონდბიუში, იტალიურ ლაციოსა და იუვენტუსში, ესპანურ ბარსელონასა და რეალში, ჰოლანდიურ აიაქსსა და იაპონურ ვისელ კობეში უთამაშია. 

კარიერის დასრულების შემდეგ ის დანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა დროს კი ბრონდბიუს, ხეტაფეს, მოსკოვის სპარტაკს, მალიორკას, სუონსის წვრთნიდა. ამჟამად სპეციალისტი ყატარულ ალ რაიანში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 29 ოქტომბერს ხულიენ ლოპეტეგის დაატოვებინეს, დროებით კი გუნდს სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს.

მადრიდულ გუნდს 14 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

რეალის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად ასევე სახელდებოდნენ ანტონიო კონტე და მაურისიო პოჩეტინო. 

კომენტარები

ბოლო ამბები