Thumbnail

ლეო მესის ტროფეი - ლა ლიგაში ახალი ჯილდოს დაწესების იდეა გაჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს მესის ტროფეის დაწესების იდეა მოსწონს
  • არგენტინელის სახელობის ჯილდოს ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს მისცემენ

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მხარს უჭერს იდეას, დაწესდეს ლიონელ მესის სახელობის ჯილდო, რომელსაც სეზონის შედეგების გათვალისწინებით, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს მიაკუთვნებენ. 

56 წლის ფუნქციონერის სურვილი რიკარდო სამორას, ტელმო სარასა და რაფაელ მორენო არასანდის (პიჩიჩი) სახელობის ჯილდოების მსგავსი ტროფეის დაწესებაა. 

"ეს იდეა მომწონს, მაგრამ ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქროთ. მიმაჩნია, რომ მესის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებენ, თუკი ჯერ კიდევ არაა ასეთი. ზოგიერთები ნეიმარს ახსენებენ, მაგრამ ის უკვე 26 წლისაა, ლეო კი კარიერის დასაწყისიდანვე გვაოცებს. კარგი იდეაა - მომავალში დავაწესოთ მესის სახელობის ჯილდო, რომელიც ესპანეთში სეზონის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს Goal.com.

ლიონელ მესი ბარსელონას აკადემიაში 2001 წელს გამოჩნდა, კლუბის ღირსებას პროფესიულ დონეზე კი 2003 წლიდან იცავს. 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 427 მატჩში გატანილი 390 გოლია.

ლეგენდარული ესპანელი მეკარის რიკარდო სამორას სახელობის ჯილდო (ესპ. Trofeo Ricardo Zamora) ესპანურმა გაზეთმა MARCA-მ 1958 წელს დააწესა და მას მეკარეს აკუთვნებენ. 

ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელის ტელმო სარას (ესპ. Trofeo Zarra) სახელობის თასს MARCA 2005 წლიდან პრიმერასა და სეგუნდას საუკეთესო ესპანელ ბომბარდირს აძლევს. 

ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელის რაფაელ მორენო არანსადის, იგივე პიჩიჩის სახელობის თასს Marca ესპანეთის ლიგის საუკეთესო ბომბარდირს 1952-53 წლების სეზონიდან გადასცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები