Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველი რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • ქართველ ფეხბურთელს თავდადება მწვრთნელმაც დაუფასა და ანალიტიკურმა პორტალმაც
  • "საბას ვერაფერი შეაჩერებს"

ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა საფეხბურთო პორტალმა Whoscored-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი საბა კვერკველიაც მოხვდა.

რუსეთის მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო ტურში კრასნოიარსკში ენისეი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს, კვერკველიამ კი შეხვედრა ტრადიციულად შეუცვლელად ჩაატარა. 

26 წლის ქართველი მცველი ამ მატჩში ყურადღების ცენტრში სხვა რამის გამოც მოექცა. 51-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფორვარდ არტურ სარქისოვთან ორთაბრძოლისას თავის ტრავმა მიიღო. საბას სისხლი წასკდა და მედიკოსების დახმარება დასჭირდა, თუმცა 3 წუთის შემდეგ თავშეხვეული მოედანზე დაბრუნდა და თამაში გააგრძელა. 

ქართველმა მცველმა კრასნოიარსკში მატჩი თავშეხვეულმა გააგრძელა

Whoscored-მა ამ თამაშში კვერკველიას ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება - 8,1 ბალი დაუწერა. საბაზე მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ გოლების ავტორებს: ედერს, მირანჩუკსა და ფერნანდეშს აქვთ. 

მატჩის შემდეგ ქართველი მცველის თავდადება ლოკომოტივის მწვრთნელმა იური სიომინმაც აღნიშნა: 

"ავღნიშნავ ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობას. წაგებების შემდეგ საერთო ატმოსფერო არცთუ პოზიტიური იყო, მაგრამ ყოჩაღ ბიჭებს, თავდადებით ითამაშეს. მეტოქე ბევრს გვიტევდა, დაცვაში კი ვიბრძოლეთ. კვერკველია მოედნიდან გატეხილი თავითაც კი არ გავიდა. დადებითი მომენტია".

საინტერესო შედარება მოსკოვის ლოკომოტივის ტვიტერზე: "ორთქმავალი კი არა - ჯავშანმატარებელი!"

მოსკოვურმა კლუბმა ტვიტერზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ემზადება თავშეხვეული საბა რუსეთის თასის შეხვედრისთვის.

"საბას ვერაფერი შეაჩერებს", - ასეთი მინაწერი აქვს ვიდეოს.

საბა კვერკველიამ მოსკოვის ლოკომოტივის მაისურით რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში ყველა - 12-ივე მატჩი შუეცვლელად ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საბა ერთხელ გააფრთხილეს.

12 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს მოსკოველები ჩემპიონატში 3 ნოემბერს, შინ ტულის არსენალთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები