Thumbnail
  • ხამეს როდრიგესს ბაიერნში დარჩენის პერსპექტივა არ ხიბლავს
  • მისმა აგენტმა მიუნხენური კლუბის ბოსებთან შეხვედრა მოითხოვა
  • კოლუმბიელი, შესაძლოა, ტურინის იუვენტუსში გადავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს ხამეს როდრიგესის კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს, კოლუმბიელის მიუნხენურ გრანდში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. “შპორტ ბილდის” ინფორმაციით, ფეხბურთელის მრჩეველი ჟორჟე მენდეში უახლოეს მომავალში რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებთან შეხვედრას და მათთან ხამესის მომავლის შესახებ ლაპარაკს ითხოვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მენდეშსა და ბაიერნის შეფებს შორის შეხვედრა დეკემბერში, ზამთრის პაუზამდე უნდა შედგეს.

“შპორტ ბილდში” ვკითხულობთ, რომ ხამესს ბაიერნში დარჩენის პერსპექტივა არ ხიბლავს. კოლუმბიელი უკმაყოფილოა იმით, რომ მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ნაკლებად ენდობა. ესეც რომ არ იყოს, 27 წლის ნახევარმცველს ტურინის იუვენტუსი და ერთი ინგლისური ტოპ-კლუბი ეპატიჟება.

როგორც ჩანს, როდროგესი ბაიერნის დატოვებაზე იანვარშივე ფიქრობს, რაც ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს ნამდვილად არ მოეწონებათ. როგორც იცით, ხამესი ჯერ კიდევ რეალის საკუთრებაა, ბაიერნთან გაფორმებული არენდის კონტრაქტი კი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება. რეკორდმაისტერს შეუძლია, რეალს 42 მილიონი შესთავაზოს და ფეხბურთელი გადაიბიროს, მაგრამ თუ ხამეს მიუნხენიდან წასვლა სურს, ბავარიელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ მენდეში კრიშტიანო რონალდოს მრჩეველიცაა. ამიტომ, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ კოლუმბიელი სწორედ ტურინულ გრანდში აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები