Thumbnail

ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონია! 2017 წლის ბოლო ოქრო მოჭადრაკემ მოიგო

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • ნანა ძაგნიძემ წელს მეორე დიდი ტურნირი მოიგო.
  • ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი იგი პირველად გახდა.

ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო პირველობა ერ-რიადიში, საუდის არაბეთში მიმდინარეობდა. ნანამ პირველიდან ბოლო დღის ჩათვლით სტაბილურად კარგი თამაში აჩვენა და საბოლოოდ ტურნირის ღირსეული ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონის რანგში მოიგო

ერ-რიადიში მოგებული ჩემპიონობა ნანა ძაგნიძისთვის მიმდინარე სეზონში მოგებული უკვე მეორე დიდი ტიტულია. წლის დასაწყისში ქართველი მოჭადრაკე ქალი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონიც გახდა.

საუდის არაბეთში ძაგნიძემ სუფთა პირველი ადგილი დაიკავა. 16,5/21 ქულის მოგროვება მეტოქეთათვის შეუსრულებული მისია გამოდგა.

ნანა ძაგნიძე - მსოფლიოს ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში
"რთული იყო. ტიტულის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არც კი ვიცი რა ვთქვა. ჯერ კიდევ არ გამიაზრებია ბოლომდე თუ რა მოხდა. ტურნირის ბოლო დღე რთული და მნიშვნელოვანი იყო. შევძელი ყველა თამაშში კონცენტრაცია შემენარჩუნებინდა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მომეგო და ოცნება ამეხდინა!"

ნანას ნახევარი ქულით რუსი მეტოქე, ვალენტინა გუნინა ჩამორჩა. მესამე ადგილი ჩინელმა ციუ ვენციუნმა და კიდევ ერთმა რუსმა სპორტსმენმა, კატერინა ლანგომ დაიკავეს. მათ 14-14 ქულა მოაგროვეს.

ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი მაგნუს კარლსენმა აჩვენა. ტურნირის პირველი დღის შემდეგ ნორვეგიელი მოჭადრაკე მხოლოდ მეორე იყო, ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, სერგეი კარიაკინს იგი ორი ქულით ჩამორჩენოდა.

რუსი კარიაკინის ჰანდიკაპისგან მეორე დღეს აღარაფერი დარჩა. კარლსენმა ნათამაშები 10 პარტიიდან ყაიმით მხოლოდ 2 დაასრულა, დანარჩენ რვაში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და საბოლოოდ ელვისებურ ჭადრაკში მსოდლიოში საუკეთესოს წოდება კარიერაში მესამედ მოიპოვა. მისმა ქულათა ჯამმა 16/21 შეადგინა.

მაგნუს კარლსენი ბლიცში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები