Thumbnail

რაულის დღე - 24 წლის წინ დაწყებული დიდი ამბავი

ელენე ყურაშვილი პროფილის ფოტო
ელენე ყურაშვილი
  • 1994 წლის 29 ოქტომბერი რაულის მადრიდული დებიუტის დღეა
  • მას შემდეგ: 🏟 741 მატჩი ⚽️ 323 გოლი 🏆 16 ტიტული

დიდი ფეხბურთი პირველად 24 წლის წინ, 17 წლის ასაკში, სარაგოსას წინააღმდეგ ითამაშა. გასვლით მატჩზე, რამდენიმე გაცუდებულ მომენტს ივან სამორანოსათვის გაკეთებული საგოლე გადაცემა მოჰყვა. იმ თამაშში სხვა ვერაფრით გამოიჩინა თავი. სამაგიეროდ, საკუთარ მოედანზე ჰქონდა საკადრისი დებიუტი. ბერნაბეუზე, პირველად, პრინციპული მტრის, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშა...

გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და საგოლე გადაცემაც მიიწერა. მადრიდული დერბის ისედაც სიმბოლური დატვირთვა, დედაქალაქელი ახალწვეულისა და მისი ოჯახისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. შორეულ წარსულში, რაულის მამა "სხვა მადრიდს" აღიარებდა. გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, რომ გითხრათ, ასეთი დებიუტის შემდეგ, ისიც ბლანკოსებს შეუერთდა-მეთქი. ოდესღაც ატლეტოკოს გულშემატკივარმა, თავიდან, შვილიც საყვარელი გუნდის აკადემიას მიაბარა. თუმცა, მადრიდის "არასწორ მხარეს", თინეიჯერი რაულის კარიერა ვერ აეწყო. მერე იყო რეალ მადრიდ C და B-ები. დანარჩენი ისტორიაა... ძალიან მაგარი ისტორია!

მიქაელ ლაუდრუპის პასი და შორეულ ცხრიანში...

ყველასთვის ცნობილ მიღწევებზე, ტიტულებზე და გოლებზე ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, მხოლოდ იმას გაგახსენებთ, რომ მესი-რონალდოს ეპოქამდე, სწორედ რაული იყო ევროპის საუკეთესო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ბომბარდირი.

მადრიდში მჭექარე სახელების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ყველაზე პოპულარული, ძირითადად ნიჭიერი და ყოველთვის მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები ბერნაბეუზე იყრიდნენ თავს. რაულ გონსალეს ბლანკო, ესპანეთს გარეთ, ყველასთვის ისე ხმამაღლა არ ქუხდა, როგორც, მაგალითად, ზიზუ ან რონალდო. არც იმდენი მილიონი გულშემატკივარისთვის შეუყვარებია ფეხბურთი, რამდენსაც მისი თაობის სხვა საკულტო წარმომადგენლებმა შეაყვარეს. თუმცა, ისეთი კარიერა ჰქონდა, რომ მისი სახელი ყოველთვის გაიჟღერებს ყველა დროის საუკეთესოთა შორის.

რითი გამოირჩეოდა და რატომ უყვართ გულშემატკივრებს ასე ძალიან?

ფიზიკურად სუსტი, მაგრამ საიმედო შემსრულებელი

იშვიათად გვინახავს რაულისნაირი ფიზიკური მონაცემების ფორვარდი, რომელსაც ისეთი შესაშური რეზიუმე და იმხელა გავლენა ექნებოდა გუნდის წარმატებაზე, რამხელაც რეალის ლეგენდას ჰქონდა. რაული კლასიკური ფორვარდისათვის იდეალური ფიზიკური მომზადებით არასოდეს გამოირჩეოდა. ძალისმიერ ორთაბრძოლებში უპირატესობას არ ფლობდა, ვერც გასაოცარ სისწრაფეს აკრეფდა და არც მაღალ ბურთებზე თამაში იყო მისი განსაკუთრებით ძლიერი მხარე.

თუმცა, 90 წუთი მოედანზე სირბილი, საჭირო დროს სწორ ადგილას აღმოჩენა და გასაჭირში უკანა ხაზზე დახევა მისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა. სუსტ ფიზიკურ მონაცემებს მაღალი საფეხბურთო ინტელექტითა და შემსრულებლისათვის საჭირო დახვეწილი ტექნიკით აბალანსებდა. დასწრებაზე თამაშშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პოზიციას ყოველთვის ზუსტად არჩევდა.

თუ NBA-სა და დალას მავერიკსის გულშემატკივრებისთვის “fade away” დირკ ნოვიცკისთანაა ასოცირებული, ფეხბურთის მოყვარულებისა და მითუმეტეს მადრიდისტებისთვის, საჯარიმოში, მეტოქეების ჩამოშორების შემდეგ, ფეხის ბურთქვეშ შეცურება, რბილი მოძრაობით მეკარისათვის თავზე გადაგდება და ბადეში ზუსტად გახვევა- რაულის ნიშაა. მისი დროის თითქმის ყველა მაღალი კლასის კიპერი გვინახავს ამ მოძრაობით იოლად გაცურებული.

რაულის ასეთი გოლი ყველას გვინახავს და გვახსოვს

მარცხენით გატანა ერჩივნა, თუმცა, არც მარჯვენა ქონია ურიგო. გოლების სიხშირით და ხარისხით გულშემატკივარს სულ ანებივრებდა. სანამ ბურთს მიაწვდიდნენ, პასის მომენტში, ძალიან მარტივად გაძვრებოდა 2-3 მცველს შორის, თავს გაითავისუფლებდა და ერთი შეხებით გაუშვებდა აუღებელ დარტყმას მეტოქის კარში. ეს ყველაფერი გენიალური სიმარტივით. ურთულესი გადაცემის მისაღებად და ბურთის დასამუშავებლად სულ 1-2 შეხება იყო საკმარისი.

თავმდაბალი კაპიტანი

"ბუცით" გატეხილი თავი, მოედანზე ნასროლი ცხოველები, სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებები, წითელი ბარათით დატოვებული მსოფლიოს თასის ფინალი... მხოლოდ გალაქტიკოდან მოყოლებული, რეალის სუპერვარსკვლავების ირგვლივ აგორებულ სკანდალებზე მრავალტომეულის გამოცემა შეიძლება, მაგრამ  რაულის სახელს ვერცერთ ტომში ვერ გადავაწყდებოდით.

სკანდალები ყვითელი პრესისთვისაა საინტერესო, ფეხბურთის გულშემატკივრისათვის კი დამღლელი და უსიამოვნოც კია. რაულის ხიბლი იყო მისი გაწონასწორებულობა - მოედანზე და მის გარეთ, თამაშის სიყვარული, გუნდელებისა და მეტოქეებისადმი პატივისცემა. ყველას ეამაყება კაპიტანი, რომელიც არც სიმულაციით შეგარცხვენს და არც ხელჩართულ ბრძოლაში ამოყოფს თავს. 741 მატჩი (37 ელ კლასიკო) - 0 წითელი ბარათი.

რაიციგერს შანსი რა თქმა უნდა არ ჰქონდა

რაულს თანაგუნდელებთან რამდენიმე თაობა ჰყავს გამოცვლილი, რომლებიც მას ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე უკონფლიქტო, ინტროვერტ ადამიანს, რომელსაც, ყველას გასაკვირად, შეეძლო ისეთი გრანდის ლიდერობა, როგორიც მადრიდის რეალია. ხმაურიანი რაული მხოლოდ რამდენჯერმე, ისიც საზეიმო ცერემონიისას, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უნახავთ.

ის ლიდერების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც სხვების როლ მოდელები საკუთარი სამაგალითო ქმედებების და ფეხბურთისადმი დამოკიდებულებების გამო ხდებოდნენ. სტატუსის გასამყარებლად, გრძელი და ხმამაღალი სამოტივაციო მონოლოგები არასოდეს დასჭირვებია. მშვიდად და ლაკონურადაც კარგად გამოსდიოდა კონკრეტული სათქმელის სხვებამდე მიტანა.

ადგილობრივი საგანძური

სუპერვარსკვლავებით გადაჭედილ რეალში, წლების მანძილზე, ერთადერთი ადგილობრივი ლიდერი რაული იყო. ერთგვარი სტაბილურობის გრძელვადიანი გარანტი გულშემატკივრებისათვის, რომლებისთვისაც გუნდის შემადგენლობაში ძირეული გარდაქმნები, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბევრი ტალანტი მოდიოდა და მიდიოდა, რაული კი რჩებოდა. 16 წელი დარჩა.

საშუალო ფენის ოჯახში გაზრდილი მადრიდელი ბიჭი, რომელმაც რეალ მადრიდ C და B-ები გამოიარა, 17 წლის ასაკში მთავარ გუნდში მოხვდა და მას შემდეგ დიდხანს არ შეუწყვიტავს არც გოლების გატანა და არც ტიტულების მოგება - იდეალური მაგალითი ესპანელი ბავშვებისათვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. 80-90-იანებში დაბადებულ ესპანელ მადრიდისტებს რომ კითხოთ, ვინაა მათი კუმირი, უმრავლესობა რაულს დაგისახელებთ.

სოსიედადის კარში გატანილი გოლი რაულის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა

ახლა 41 წლისაა და ისევ იქაა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. რეალის კადეტებშია, ოღონდ, ამჟამად, ახალ თაობას წვრთნის. ცხოვრების მომდევნო საინტერესო ეტაპს იწყებს. მისი გავლილი კარიერის, საფეხბურთო ინტელექტის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მწვრთნელის როლშიც გამორჩეული უნდა იყოს. ესპანეთი და მადრიდისტები კაპიტნის დაბრუნებას, ახლა უკვე თავკაცის ამპლუაში, უკვე მოუთმენლად ელოდებიან.

საუკეთესო სამწვრთნელო კარიერას გისურვებ, კაპიტანო!

კომენტარები

ბოლო ამბები