Thumbnail
  • ქართველების სან ხოსეს რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს გალაქსი პლეი ოფში ვერ გაიყვანა
  • ბასტიან შვაინშტაიგერს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ჯერ არ სურს
  • ჩემპიონობისთვის ბრძოლას უეინ რუნი და დავიდ ვილია აგრძელებენ 

MLS-ში რეგულარული სეზონი დასრულდა. სან ხოსესთვის, რომლის ღირსებას ამ სეზონში ვაკო ყაზაიშვილთან ერთად გურამ კაშიაც იცავდა, ჩემპიონატი დასრულებულია. ბოლო მატჩი სან ხოსემ სტუმრად სიეტლთან ანგარიშით 1:2 დათმო და საბოლოოდ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო - მე-12 ადგილი დაიკავა.

სან ხოსემ ჩატარებული 34 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 21 დათმო, რაც ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგია. უკვე ცნობილია, რომ გუნდს მომავალი სეზონიდან წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, 44 წლის მატიას ალმეიდა გაწვრთნის.

გურამ კაშიას MLS-სთან ადაპტაცია არ გასჭირვებია

25 წლის ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსეს მაისურით, რომლის ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს, წელს 33 მატჩში ითამაშა, 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი მიითვალა. ვაკო ამ სეზონში სამჯერ მოხვდა MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

გურამ კაშია ამერიკულ კლუბს ამ ზაფხულს შეუერთდა. საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა 12 შეხვედრაში ითამაშა და ერთხელ კვირის სიმბოლურშიც მოხვდა, ვაკოსთან ერთად.

MLS-ის ვარსკვლავები - ზოგი პლეი ოფში, ზოგი არდადეგებზე

შვედი თავდამსხნელი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

რაც შეეხება MLS-ის ვარსკვლავებს, პლეი ოფს მიღმა დარჩა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ბოლო ტურში მისი გუნდი - ლოს ანჯელეს გალაქსი ბოლო ტურში შინ ჰიუსტონთან დამარცხდა (2:3). გალაქსის ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოეგო, რათა პლეი ოფში ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგრამ 48 ქულით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეშვიდე ადგილზე დარჩა. შვედი ფორვარდი რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 22 გოლით მეორე ადგილზე გავიდა ჟოსეფ მარტინესის შემდეგ (31 გოლი). 

დიდი შანსია, იბრა ევროპაში დაბრუნდეს. მისი დამატებით მადრიდის რეალი და მილანი ინტერესდებიან.

ზლატანისგან განსხვავებით, პლეი ოფში თამაშის უფლება უეინ რუნიმ და დავიდ ვილიამ მოიპოვეს. 

უეინ რუნის ამერიკაში მეორე სუნთქვა გაეხსნა

რუნის გუნდმა DC იუნაიტედმა ბოლო ტურში სტუმრად ბასტიან შვაინშტაიგერის ჩიკაგო ფაირთან ქულა მოიპოვა (0:0) და აღმოსავლეთ კონფერენციაში 51 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. 33 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა, რომელიც ამერიკაში ევერტონიდან გადაბარგდა, MLS-ში ჩატარებულ 20 მატჩში 12 გოლი მიითვალა. კონფერენციის ნახევარფინალში გასასვლელად DC იუნაიტედს კოლამბუსთან მოუწევს დაპირისპირება.

34 წლის შვაინშტაიგერი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს 

რაც შეეხება 34 წლის გერმანელ ნახევარმცველს, შვაინშტაიგერმა სეზონის ბოლო მატჩში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, მისმა ჩიკაგომ კი საბოლოოდ ცხრილში აღმოსავლეთის ცხრილში ბოლოსწინა, მე-10 ადგილი დაიკავა. ბასტიანს კლუბთან კონტრაქტი სეზონთან ერთად ეწურება, თუმცა ჯერ უცნობია, დაასრულებს თუ არა ბაიერნისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი კარიერას. 

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. შეკითხვა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუსვათ. მე კი  ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მანიჭებს სიამოვნებას. თუ კლუბი დარჩენას შემომთავაზებს, სიამოვნებით დავთანხმდები", - აცხადებს შვაინშტაიგერი, რომელმაც ამ სეზონში 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დავიდ ვილიამ MLS-ში 74 გოლი მიითვალა

დავიდ ვილიამ და ნიუ იორკ სიტიმ კი ბოლო ტურში შინ ფილადელფია იუნიონს სძლიეს (3:1), საბოლოო ანგარიში 36 წლის ესპანელმა თავდამხმელმა დააფიქსირა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, რომელიც MLS-ში 2015 წლიდან გამოდის, წელს 23 მატჩში 14 გოლი შეაგდო. ნიუ იორკ სიტი, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში 56 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, პლეი ოფში ისევ ფილადელფია იუნიონს დაუპირისპირდება.

31 წლის იტალიელის 13 გოლი ტორონტოს პლეი ოფში გასასვლელად არ ეყო

პლეი ოფში ვერ გავიდა ლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელის, სებასტიან ჯოვინკოს ტორონტო, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა 36 ქულით მე-9 პოზიციაზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები