Thumbnail

ისე მოხდა, რომ პირლოზე უნდა დავწერო. პირლო არასდროს ყოფილა ჩემთვის მოთამაშე, რომლის თამაშსაც კვირიდან კვირამდე ველოდები, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქცია, რაც მას მოედანზე აქვს, ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. პირლო კი სულაც ერთერთი პირველი გამთამაშებელი იყო, ვინც საყრდენის პოზიციიდან თამაშობდა. ასეთი ფეხბურთელები, თანაც უდიდესები საკმარისად იყვნენ მილენიუმის მერე - ჩავი, ჩაბი ალონსო, ფაბრეგასი, შვაინშტაიგერი, დე როსი... ამ ჩამოთვლილ და ჩამოუთვლელ ფეხბურთელებს მეტნაკლებად ევალებოდათ შეტევების განვითარება. ერთი სიტყვით, გასული საუკუნის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა ჩვენ საუკუნეში და თუ ამ პოზიციაზე იდეალური კანდიდატები უნდა დავასახელო, ჩავისთან ერთად, პირველ რიგში აუცილებლად პირლოს დავაყენებდი.

იმის გამო, რომ ჩემი მეხსიერება დაახლოებით 500-მეგაბაიტიანი ფლეშკასავითაა, პირლოზე ბევრი რაღაცის გახსენება დამჭირდა და ღმერთს დიდება, რომ ამ ყველაფრის გასახსენებლად, ჩემი წინაპრებივით არქივში ქექვა და ძველ გაზეთებში სტატიების კითხვა არ მომიწია. იუთუბზე ყველაფერია. მათშორის პირლოს აუდიოწიგნიც. მართალია, ფილიპინურად და ცოტა შეკვეცილი, მაგრამ ესეც საქმეა.

ყველაფრის ნახვა შეიძლება პირლოზე. ერთადერთი, რასაც ვერ ნახავთ, არის პირლო, რომელიც ხინკალს ჩანგლით ჭამს. დანარჩენი ყველაფერია. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მისმა წიგნმა დამაინტერესა, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი იქამდე, ვიდრე ფილიპინურად არ მოვისმინე. უკეთესად რომ გამეგო, რა წერია წიგნში, ჩემთვის უფრო ნაცნობ ენებზე მოვძებნე და წავიკითხე. ძალიან კარგი წიგნია, ძალიან სწორი აქცენტებით და ძალიან კარგად დაწერილი. პირველი შთაბეჭდილება, რაც კითხვის შემდეგ დამრჩა და ეს შთაბეჭდილება კი არა, უფრო ფაქტია - პირლო გაცილებით თავხედია, ვიდრე ის მოედანზე ჩანს, თითქმის უემოციო სიფათს ამოფარებული. გოსთ რაითერიც ალბათ ძალიან სწორად შეარჩია, რადგან თხრობაც ზუსტად ისეთივე თავხედურია, როგორიც ამბები.

ერთი სიტყვით, გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. მთავარი მაინც მის წიგნში ის არის, რომ არ გავს არცერთ ავტობიოგრაფიას, რაც კი წამიკითხავს. წაკითხვით კი, საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის წიგნი წამიკითხავს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, როგორც სთორითელინგით, ასევე გაკეთებული აქცენტებით.

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“ - ასე ვთარგმნიდი მე პირლოს წიგნს, რომლის ორიგინალური სათაურიც ასეთია: I think therefore I play. მომწონს ალუზია, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს და სიტყვებს მახსენებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი. 

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ძალიან საინტერესო წიგნია და მართლა განსხვავებული სხვა ავტობიოგრაფიებისგან, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო ამ წიგნში ის იყო, რომ დიდებული ფეხბურთელი, რომელსაც მოედნის გამორჩეული ხედვა ქონდა, საუკეთესოდ ასრულებდა გრძელ პასებს და საჯარიმო დარტყმებს, სამ დეტალზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას. ეს არის სამი პენალტი სამ სხვადასხვა დროს.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი იყო 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამ თამაშის გახსენება თუ ვინმეს ჭირდება, აქვე დაამთავროს კითხვა. პირლოს დარტყმული თერთმეტმეტრიანი ამ თამაშში დუდეკმა მოიგერია. პირლო იხსენებს:

“უძილობა დამემართა და როცა ძლივს, დიდი ტანჯვის მერე ვიძინებდი, საკუთარი თავის მიმართ გულისამრევი გრძნობა მაღვიძებდა. მე ვეღარ ვთამაშობდი. დასაძინებლად საწოლში დუდეკთან და მის ლივერპულელ თანაგუნდელებთან ერთად ვწვებოდი. ღამის კოშმარის მთელი ძალა იმაშია, რომ ის იწყება, როცა თვალებს ხუჭავ, მაგრამ არ მთავრდება, როცა ახელ. წამება გრძელდებოდა. ვერ ვერეოდი უმწეობის გრძნობას, როცა განგება ერთვებოდა საქმეში. ახლაც, როცა პასს ვერ ვაკეთებ, ყველაფერს ბნელ ძალას ვაბრალებ და ამიტომაც არ ვეკარები დივიდი დისკს, რომელზეც 2005 წელს ლივერპულთან ფინალის ჩანაწერია - მე არ მივცემ მას მეორედ დამჭრას, ისედაც დიდხანს მათრია.”
 


მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი თერთმეტმეტრიანი, 2006 წლის ცხრა ივლისს დაარტყა პირლომ. ცხრა ივლისს პირლოს შუადღემდე ეძინა, მერე ფლეისთეიშენზე ფეხბურთი ითამაშა, საღამოს კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. იმ თამაშში დამატებული დროის ამოწურვის შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა:


“კარიერაში უამრავი კილომეტრი გავირბინე, მაგრამ ყველაზე მეტად მოკლე დისტანციები მღლის. ისინი ფსიქოლოგიურ გამოცდას გიწყობენ და სულ არ აინტერესებთ შენი სისწრაფე. ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დააბიჯა, მე კი - ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. ფრანგებთან ფინალში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა, რომელსაც ძალიან განვიცდიდი. დამატებითი დროის დასრულების შემდეგ, ჩემთან მარჩელო ლიპი მოვიდა. ჩემ თავში სრული ქაოსი იყო. ლიპიმ შემომხედა და ისეთი რამ მითხრა, რასაც მილიონი დეციბელი ხმაურიც ვერ გადაფარავდა: “შენ პირველი ხარ!” ეს ნიშნავდა, რომ პენალტების სერიას მე ვხსნიდი. ვინც პირველი ურტყამს, ტვირთსაც მალევე მოიშორებს. ყველა ამაზე ოცნებობდა. დაგარტყმევინონ პირველი პენალტი ნიშნავს, რომ შენ საუკეთესოდ მიაჩნიხარ, მაგრამ თუ გამაზე, ყველაზე ბანძების სიას ჩაუდგები სათავეში.”

„მარჯვნივ დავარტყამ, არა, მარცხნივ ჯობია, რადგან ეს მეკარისთის უხერხული კუთხეა. არა, ცხრიანში ჯობია, ვერანაირად მიწვდება, მაგრამ ტრიბუნებზე რომ გაფრინდეს ბურთი?“ თავში ათასი რამე მიტრიალებდა და მართლა არ ვიცოდი, როგორ დამერტყა. როცა თამაშის ბედი თერთმეტმეტრიანი დარტყმებით წყდება, ერთი მოთამაშეა მთელი სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც მეკარე უდგას სათავეში. გუნდები სადისტურ რიტუალს ატარებენ. ორივე გუნდის წევრები იკრიბებიან მოედნის ცენტრში, დამრტყმელი გამოეყოფა მასას და მიდის საჯარიმოსკენ. ეს გზა მთლიანობაში 50 მეტრიც არ არის, მაგრამ შენ ასწრებ ჩახედო თვალებში შიშს, რომელიც მხოლოდ შენია. ვფიქრობ, ეს 50 მეტრი ძალიან გავს მწვანე მილს, რომელსაც სიკვდილმისჯილი გადის. დადგა ჩემი ჯერი და მხოლოდ ინსტინქტებს მივენდე.

„დავარტყამ ცენტრში და მაღლა, ბარტეზი აუცილებლად კუთხეში გადახტება და ფეხებითაც ვერ შეძლებს მოგერიებას. საჯარიმოში სუნთქვა შევიკავე. ბურთი ავიღე. ის ისეთივე მძიმე იყო როგორ ატმოსფერო რომელიც მთრგუნავდა. ბუფონს გავხედე, რომელიც საჯარიმოს გარეთ იდგა კუთხურის ხაზთან. ვიფიქრე რამე ნიშანს მომცემდა, მაგრამ ჯიჯის თავისი პრობლემები ქონდა. ბურთს მოვეფერე, ცაში ავიხედე და ღმერთს დახმარება ვთხოვე (თუ ის არსებობს, ფრანგი ნამდვილად არ იქნება). კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ შეიძლება, ეს მე არც ვყოფილვარ, მე ვიყავი ქარხნის მუშა, რომელიც დღე და ღამეს ასწორებს, რომ თავი გაიტანოს, ვიყავი გაქსუებული ბიზნესმენი, მასწავლებელი, სტუდენტი, იტალიელი ემიგრანტი, რომელიც მთელი ტურნირი გვქომაგობდა, ვიყავი მდიდარი მილანელი სინიორა ან მეძავი. იმ მომენტში ყველა ვიყავი.

არ დაიჯერებთ, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი თუ როგორი დიდებულია, იყო იტალიელი და ამას ვერცერთი პოლიტიკოსის ვერცერთი ცარიელი სიტყვები ვერ გადმოსცემს. მათ არ იციან, რას ნიშნავს იყო იტალიელი, რადგან მათთვის ყველაფერი ჯიბიდან იწყება. ვერც ისტორიულ წყაროებში ამოიკითხავთ ამას. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერს პასუხი პენალტის დარტყმის წინ გაეცემოდა. მე დავინახე მანქანა, არასრულფასოვანი, უამრავი დეფექტით, ძველი და ნათრევი, მაგრამ უნიკალური მანქანა. იტალია გიყვარს, უბრალოდ იმიტომ, რომ ის იტალიაა. მე გავიტანე.”

ის პენალტი პირლომ ზუსტად ისე გაიტანა, როგორც გაიფიქრა - მაღლა და ცენტრში. იტალიამ კი მეოთხედ მოიგო მუნდიალი. მესამე პენალტი კი ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელია, თუმცა წინა ორზე ნაკლებად მნიშვნელოვანი. იტალია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისს ეთამაშებოდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დამთავრდა. პენალტები კი იტალიელებმა უკეთესად დაარტყეს.

ერთ-ერთი იყო პირლოს პანენკა:

“სიმართლე ვთქვა, არ ვგეგმავდი ტოტივით დამერტყა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ის მივიდა მალდინისთან და უთხრა რომ ბურთს ამოუსვამდა და ისე დაარტყამდა. (2000 წელს ტოტიმ ვან დერ სარს გაუტანა პანენკა) გადაწყვეტილება დარტყმის წინ მივიღე, როცა დავინახე რომ ჰარტი რაღაც უცნაურ და სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა. ის ისე ხტუნავდა, შეუძლებელი იყო რომელიმე კუთხეში არ გადამხტარიყო. როცა დასარტყმელად გავიქეცი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ დავარტყამდი, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, სანამ ბურთს შევეხებოდი, ჰარტის მოძრაობა დავინახე - ის გადახტა, მე კი რბილად ამოვუსვი ბურთს. მხოლოდ ასე შეიძლებოდა 100 პროცენტით შევარდნილიყო გოლი. პუბლიკაზე არ მითამაშია, ეს არაა ჩემი სტილი. ამის შემდეგ, ეგრედწოდებული ექსპერტები ათას ქვეტექსტს ხედავდნენ ჩემ დარტყმულში. ამბობდნენ, რომ მე შურისძიება მამოძრავებდა, რომ ამ დარტყმისთვის განსაკუთრებით ვვარჯიშობდი, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამ დაგეგმო? ამას თუ დაგეგმავ და გამოგივა, მაშინ უნდა იყო ტოტი, ნათელმხილველი, ან სრული იდიოტი.

ასე რომ, ჩემი აღიარება ალბათ ბევრს გააკვირვებს, მაგრამ არცისე რომანტიულად არის საქმე, როგორც ტელევიზორიდან ჩანდა. მე ვმოქმედებდი პრაგმატულად და ყველაზე ნაკლებად სარისკოდ, პანენკა მომეჩვენა. ბევრისთვის ჩემი პანენკა მეოთხედფინალის გვირგვინი იყო, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ფავორიტს ვაჯობეთ და ნახევარფინალში გავედით. ჩემთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მიუხედავად იმის, რომ გუნდელებმაც კი რაღაც უფრო მეტი დაინახეს ჩემ დარტყმაში, ვიდრე სინამდვილეში იყო. მათ მომილოცეს და მერე ყველამ ერთი და იგივე კითხვა დამისვა: ანდრეა, ხომ არ გაგიჟდი?!

პირლო ნაღდად არის ისეთი ფიგურა, ვის კარიერაზე წერის ამოწურვაც, თითქმის შეუძლებელია. ეს პენალტები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას მოედანზე აქვს ნაკეთები, მაგრამ, რადგან მე ვირჩევდი, ეს ავირჩიე, თანაც, როგორც აღმოჩნდა, მართალი გამოვდექი - პანენკა, ეს არის ყველაზე ეფექტური მომენტი, რომელიც უმრავლესობას ახსოვს მისი კარიერიდან. ამაში დავრწმუნდი მაშინ, როცა ჩემ ათი წლის შვილს ვკითხე, რამე თუ იცოდა პირლოს შესახებ, მან კი ტვინში დაარქივებული ვიდეოები გადაქექა და მითხრა: „პანენკა, მაგრამ არ მახსოვს ვის გაუტანა.“

სანდრო ნავერიანი
ხან მწერალი, ხან რეჟისორი, ხანაც სცენარისტი, მაგრამ მუდმივი მოქალაქე, ქმარი და მამა.

კომენტარები

ბოლო ამბები