Thumbnail

ქართველმა მოკრივემ რინგზე თავის მწვრთნელს სცემა - კრივის სამყარო შოკშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლევან შონია სოფიაში გამართულ ბრძოლაში დამარცხებას ვერ შეეგუა
  • 34 წლის მოკრივემ ბრძოლის შემდეგ ჯერ მეტოქეს შეუტია, შემდეგ მწვრთნელს
  • ინცინდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა

ქართველმა პროფესიონალმა მოკრივე ლევან შონიამ, წაგებული ბრძოლის შემდეგ, თავის მწვრთნელთან იჩხუბა. ინცინდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა, ფაქტს კი კრივის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოყვა.

27 ოქტომბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პროფესიული კრივის საღამო შედგა, სადაც მთავარი მოვლენა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ყოფილი პრეტენდენტების: ბულგარელი კუბრატ პულევისა და ბრიტანელი ჰიუი ფიურის შეხვედრა იყო. გამარჯვება საკუთარი ქომაგის თვალწინ ბულგარელმა მოიპოვა. 

თუმცა, არანაკლებ რეზონანსული გამოვიდა ქართველი მოკრივის შეხვედრა კიდევ ერთ ბულგარელ მოკრივესთან - სპას გენოვთან. საშუალო წონაში გამართულ შეხვედრაში მსაჯებმა გამარჯვებულად ერთხმად ბულგარელი მოკრივე გამოაცხადეს. შეფასებების გამოცხადების შემდეგ, შონია კარიერაში მე-12 წაგებამ ისე გაანაწყენა, რომ თავდაპირველად მეტოქეზე თავდასხმა დააპირა, მაგრამ შუაში მთავარი არბიტრი ჩაუდგა. ამ დროს რინგზე შონიას მწვრთნელი გამოჩნდა, რომელიც თავისი სპორტსმენის დამშვიდება სცადა, მაგრამ პასუხად მოკრივისგან ორი დარტყმა მიიღო. მწვრთნელმა რინგის გარედან გააგრძელა შონიას დაწყნარება, მაგრამ მოკრივის მუშტი ერთი-ორჯერ იქაც მიწვდა და ამის შემდეგ უკვე თავადაც შეუტია სპორტსმენს. 

ქართველი მოკრივისა და მისი მწვრთნელის ჩხუბი დაახლოებით 20 წამს გაგრძელდა. შემდეგ შონია რინგის ბაგირზე ავიდა და ქომაგებს ისე მიესალმა, როგორც გამარჯვებული. მოკრივე კარგა ხანს არ ტოვებდა რინგს, რათა არბიტრს განოვის გამარჯვება არ გამოეცხადებინა.

მოკრივისა და მისი მწვრთნელის ჩხუბის ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა. მომხმარებლების დიდი ნაწილი შონიას აკრიტიკებს, ზოგიერთი კი ფაქტზე ხალისობს. კრივისა და შერეული ორთაბრძოლების (MMA) მოყვარულებმა პარალელი ლას ვეგასში გამართული ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლასთანაც კი გაავლეს. მაშინ დაღესტნელი სპორტსმენი ირლანდიელის მწვრთნელს დილონ დენისს თავს დაესხა. 

34 წლის ლევან შონიასთვის ეს 27-ე შეხვედრა იყო, საიდანაც 15 მოიგო (11 ნოკაუტით), 12-ში კი დამარცხდა. ქართველი მოკრივე ბოლო წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები