Thumbnail
  • მიუხედავად ლეო მესის არყოფნისა, ბარსელონამ "ელ კლასიკოში" რეალი გაანადგურა
  • ბარსელონა 5:1 რეალი | 1:0 კოუტინიო (11), 2:0 სუარესი (30-პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 სუარესი (75), 4:1 სუარესი (82), 5:1 ვიდალი (87)

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას და რეალს ყოველთვის ბევრი ვარსკვლავი ჰყავდათ, ბოლო წლებში “ელ კლასიკო” ძირითადად ორ ფეხბურთელზე იყო ხოლმე კონცენტრირებული: ლიონელ მესიზე და კრიშტიანო რონალდოზე. ეს კი პირველი “კლასიკო” იყო წლების შემდეგ, რომელშიც რონალდომ და მესიმ არ ითამაშეს - პორტუგალიელი იუვენტუსშია, არგენტინელი კი - ტრავმირებულია.

ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მოედანზე ზუსტად ის შემადგენლობა გაიყვანა, რომლითაც კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაში მილანის ინტერი დაამარცხა. მესის გარდა, ბარსას უმტიტიც არ ჰყავდა, არტურო ვიდალი და უსმან დემბელე კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, მესის ნაცვლად ისევ რაფინია გამოჩნდა.

რაც შეეხება რეალის შემადგენლობას: ჩემპიონთა ლიგაში პლზენთან გამარჯვების შემდეგ, ხულიენ ლოპეტეგიმ სასტარტოში ორი მოთამაშე შეცვალა - კარში, კეილორ ნავასის ნაცვლად ტიბო კურტუა ვიხილეთ, მარჯვენა მცველად ნაჩო. რაფაელ ვარანი დაცვის ცენტრში სერხიო რამოსს შეუწყვილდა, ლუკას ვასკესი კი სკამზე აღმოჩნდა. ასეა: დანი კარვახალის ტრავმის შემდეგ, რეალს მარჯვენა მცველის პოზიცია გაუპრობლემდა.

ბარსელონა 5:1 რეალი

გოლი: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 სუარესი (30-პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 სუარესი (75), 4:1 სუარესი (82), 5:1 ვიდალი (87)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (81. ვიდალი) - რაფინია (69. ნელსონ სემედუ), სუარესი, კოუტინიო (74. დემბელე).

რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, ვარანი (46. ვასკესი), სერხიო რამოსი, მარსელო (82. მარიანო დიასი) - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (77. ასენსიო), ბენზემა, ისკო.

⚽ 1:0 კოუტინიო (11)

ივან რაკიტიჩმა მარცხენა ფლანგზე იდეალური პასი გაუკეთა ალბას. ამ უკანასკნელის გარღვევას გამჭოლი პასი მოჰყვა, რომელსაც ფილიპე კოუტინიო გამოეხმაურა და კურტუას ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

⚽ 2:0 სუარესი (30-პენ)

სუარესისა და ვარანის ორთაბრძოლის შემდეგ, საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო და რეალის კარში პენალტი სამართლიანად დაინიშნა.

თერთმეტმეტრიანი თვითონ დაზარალებულმა შეასრულა - 2:0. ურუგვაელმა გოლი ახალდაბადებულ შვილს მიუძღვნა.

⚽ 2:1 მარსელო (50)

მეორე ტაიმის დასაწყისში ბარსელონელებს ჩაეძინათ და რეალმა სხვაობა შეამცირა. შეცვლაზე შესულმა ვასკესმა შესანიშნავი პასი მისცა ისკოს, რომლის გადაცემას ლენგლე გადაუდგა, მაგრამ ბურთი მარსელოს მიუვიდა, რომელმაც უპრობლემოდ გაიტანა.

⚽ 3:1 სუარესი (75)

შეცვლაზე შესული დემბელე კონტრშეტევას გაუძღვა - ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა სერხი რობერტომ საჯარიმოს მისადგომებიდან 4 მეტრში მყოფი სუარესისთვის ჩაწოდება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგი რამ გამოუვიდა, სუარესმა კი თავით შესანიშნავად გადაგზავნა ბურთი კურტუას კარში.

⚽ 4:1 სუარესი (82)

ისევ სერხი რობერტო, ისევ მშვენიერი პასი სუარესს, ურუგვაელი კურტუასთან პირისპირ დარჩა და ჰეთთრიკი გაიფორმა.

⚽ 5:1 ვიდალი (87)

რეალის წამებას წერტილი არტურო ვიდალმა დაუსვა. დემბელეს ჩაწოდება ვიდალმა დააგვირგვინა.

რეალის თავკაც ხულიენ ლოპეტეგისთვის ეს საბოლოო განაჩენია! ესპანური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ის ანტონიო კონტემ შეცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები