Thumbnail

ანდრეა პირლო ის იშვიათი ფეხბურთელია, რომელიც სპორტის ფარგლებს გასცდა. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ის იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ისევე, როგორც ბერნინი, რაფაელო სანციო ან სანდრო ბოტიჩელი. ის, რასაც პირლო მოედანზე აკეთებდა, ეს უფრო მეტად ხელოვნებისა და სპორტის სინთეზი იყო, ვიდრე უბრალოდ თამაში - სწორედ ამიტომაც ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, პირლო არ თამაშობდა, პირლო ქმნიდა.

შიდა საფეხბურთო დაპირისპირებები იტალიის ორგანული ნაწილია. ფრანჩესკო ტოტი ჩრდილოეთში არ უყვართ, ალექს დელ პიერო იტალიის სამხრეთში და ასე დაუსრულებლად. ანდრეა პირლო კი, ლეგენდარულ რობერტო ბაჯოსთან ერთად, ერთადერთია, რომელსაც მთელ იტალიაში აღმერთებენ. მან, ბაჯოს მსგავსად, თავისი კარიერის მანძილზე სამივე დიდ იტალიურ გუნდში (ინტერი, მილანი, იუვენტუსი) ითამაშა და იტალიის ნაციონალურ სიამაყედ იქცა. უფრო მეტიც, დედამიწის არცერთ კუთხეში, ყველგან სადაც კი გულშემატკივრებთან მისაუბრია, არ მინახავს ადამიანი, რომელსაც პირლო არ ყვარებოდეს.

ახალგაზრდა გენიოსი

პირლო ჩემთვის რამდენიმე დაუვიწყარ პირად ემოციასთან არის დაკავშირებული. პირველად პირლო ტელევიზორში ვნახე. ეს იყო 2002 წელს, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. უფრო სწორად ტელევიზორიდან 2002 წლამდეც მახსოვს პირლო, მაგრამ ჩემთვის ეს ევროპის ჩემპიონატია, როდესაც აღმოვაჩინე, რომ რაღაც ძალიან დიადს, ძალიან გენიალურს, გადავაწყდი.

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირლო უბრალოდ სხვა პლანეტიდან იყო. თითქოს დემონსტრაციულად ნელა თამაშობდა, მაგრამ ბურთს ვერავინ ართმევდა. იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს მინდოდა მენახა, როგორი იქნებოდა შემდეგი თაობა, ახალგაზრდულ ევროპასაც ამიტომ ჩავუჯექი და ჩემპიონატის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჯოს, ტოტის და დელ პიეროს შემდეგ იტალიის შემდეგი დიდი ათიანი ანდრეა პირლო იქნებოდა. ახალგაზრდულ ნაკრებში პირლო სწორედ გამთამაშებლის, ათი ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, თავდამსხმელების უკან.

მე მხოლოდ 2002-ში მივხვდი რომ პირლო მაგარი იყო, თორემ იტალიამ ეს ფაქტი ბევრად უფრო ადრე იცოდა. ბავშვობის წლებიდანვე პირლო თავისი თაობის გამორჩეული მოთამაშე იყო - გამორჩეული არამხოლოდ ტალანტით, არამედ სათამაშო სტილითაც. თავად პირლო იხსენებს, რომ თავისი დემონსტრაციულად ელეგანტური და ტექნიკური სტილის გამო ბავშვობაში მას ხშირად აკრიტიკებდნენ.

სარკაზმი და კარგი გაგებით ცინიზმი პირლოს ხასიათის განუყოფელი თვისებაა. ეს თვისება მის სათამაშო სტილზეც აისახა. თავის ავტობიოგრაფიაში, იმავე მონაკვეთში, სადაც იგი ამ ისტორიას ყვება, ხუმრობით აღნიშნავს, რომ უწოდო მოზარდს მარადონა, ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, დაახლოებით ისეთი, როგორიც კალათბურთელს ჯორდანი, რომ დაუძახო, ანდაც სილვიო ბერლუსკონის - გოლიათი. შეხსენებისათვის, ბერლუსკონის სიმაღლე 165 სანტიმენტრია.

წარუმატებლობა საყვარელ გუნდში

დებიუტი სერია A-ში სულ რაღაც 16 წლის ასაკში ჰქონდა, 1995 წელს, ბრეშას რიგებში. ჩემპიონატში მას დებიუტის საშუალება ბრეშას იმდროინდელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მისცა. მოგვიანებით ლუჩესკუ მილანის ინტერის მწვრთნელი გახდა და 19 წლის პირლო თავისთან წაიყვანა. ამ დროისთვის პირლოს სერია A-ში უკვე ჰქონდა 50-მდე თამაში დაგროვებული.

ლუჩესკუ მალევე მოხსნეს და პირლოს კარიერა ინტერში არცთუ ისე კარგად წარიმართა. სამი წლის მანძილზე მან მხოლოდ 22-ჯერ ითამაშა და დროის დიდი ნაწილი განათხოვრებებში გაატარა, ჯერ რეჯინაში, შემდეგ ისევ ბრეშაში.

შენიშვნა: რეჯინაში და ბრეშაში პირლო ინტერიდან იყო განათხოვრებული

ინტერში წარუმატებლობა პირლოზე მძიმედ აისახა. პირლო ბავშვობიდან ინტერს გულშემატკივრობდა, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი ლოტარ მათეუსი იყო, ინტერის ლეგენდა 90-იანების დასაწყისში. პირლოს ძალიან უნდოდა კარიერა სწორედ ინტერში აეწყო. ამ წლების ინტერი რონალდოს და რობერტო ბაჯოს გუნდი იყო, ვარსკვლავური და ძალიან ამბიციური, თუმცა ინტერისთვის ტრადიციული ქაოსით მენეჯმენტში. პირლოს პირველივე წელს გუნდმა ოთხი მწვრთნელი შეიცვალა, ამას მოყვა მარჩელო ლიპის ერთი წელი და მარკო ტარდელის მწვრთნელობა, როდესაც პირლომ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ინტერზე. ტარდელი პირლოს საერთოდ არ ათამაშებდა და ადამიანურადაც ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს.

ეს უცნარია, რადგან ტარდელი პირლოს მწვრთნელი იყო იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც 2000 წელს, ორი წლით ადრე, ვიდრე მე აღმოვაჩინე, რომ პირლო იტალიის შემდეგი თაობის ყველაზე დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, მთელმა იტალიამ გაიგო ეს ამბავი - პირლოს და ტარდელის „აძურინიმ“ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. პირლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ფინალში დუბლი შეასრულა და 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

პირლო ინტერიდან სწორედ ტარდელის გამო წავიდა და მუდამ იხსენებს, მარჩელო ლიპი რომ ინტერის მწვრთნელად დარჩენილიყო, შესაძლოა, მისი კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო და ისტორიაში ინტერის ერთ-ერთ ლეგენდად დარჩენილიყო.

ინტერმა პირლო მილანში გაუშვა, უფრო სწორად გაცვალა ანდრეს გუგლიენმინპიეტროში (იყო ასეთი ფეხბურთელიც, რომელსაც გრძელი გვარის გამო მაისურზე მხოლოდ „გული“ ეწერა) და დაახლოებით 10 მილიონ დოლარში. რომელი მილანური კლუბი დარჩა ამ გაცვლით მოგებული, თქვენ თვითონ განსაჯეთ -ინტერის მენეჯმენტზე ზემოთ უკვე გითხარით.

პირლო პოზიციას პოულობს

მილანში გადასვლამდე პირლომ ნახევარი სეზონი ბრეშაში განათხოვრებით გაატარა. სულ რაღაც 10 თამაში, რომელმაც მისი კარიერა სამუდამოდ შეცვალა. ბრეშაში პირლოს უკვე რობერტო ბაჯო დახვდა, მისი ბავშვობის ერთ-ერთი გმირი და იტალიური ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი. აქამდე პირლო ყოველთვის ათი ნომრის, გამთამაშებლის, პოზიციაზე თამაშობდა, ბრეშაში კი მას ამ პოზიციაზე ბაჯო ელოდებოდა.

ბრეშას მწვრთნელმა კარლო მაცონემ, იტალიური ფეხბურთისთვის ლეგენდარულმა პერსონაჟმა, ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღო. მან პირლო უკან დაწია, ნახევარმცველად, მცველების წინა პოზიციაზე, გამთამაშებლად, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე კი ბაჯო დარჩა.

სწორედ პირლოს ბრეშაში მეორედ მისვლის პერიოდით თარიღდება გოლი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. 2001 წლის პირველი თვეები იყო, იუვენტუსი ბრეშას მასპინძლობდა. რა თქმა უნდა, იუვეს ვგულშემატკივრობდი, თუმცა მინდოდა, რომ რობი ბაჯოს კარგად ეთამაშა და გოლიც შეეგდო. ყველას, ვისაც ბაჯო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გვახსოვს, დამეთანხმება, რომ ბაჯოს ნაკრებში დაბრუნება ყველას გვინდოდა. 1994 წლის მუნდიალი იტალიის გულშემატკივრებისთვის ტრავმა იყო - რობი ბაჯომ, ჩემპიონატის ყველაზე მთავარმა გმირმა, ფინალში სრულიად უსამართლოდ პენალტი ააცილა (ამჩნევთ ალბათ რომ ამ ფაქტს დღემდე ვერ ვინელებ). უკვე ვეტერანი ბაჯოს ნაკრებში დასაბრუნებლად ბრეშას ვგულშემატკივროდით.

იუვე 1-0-ს იგებდა და თამაშის ბოლო წუთებში, იქნებოდა ალბათ 85 წუთი, მოედნის სიღრმიდან გრძელი პასი წამოვიდა. სასწაულად გათვლილი და გამოზომილი. ბურთმა ალბათ ერთი 50 მეტრი იფრინა და იუვეს მცველებს უკან ჩაეშვა. იქ, ბაჯო იყო ჩასაფრებული, რომელმაც მცველებს უკან შეირბინა, ბურთი ერთი და აბსოლუტურად საოცარი შეხებით ისე მიიღო, რომ იუვეს მაშინდელი მეკარე ვან დერ სარი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

ისეთი გოლია, ფეხბურთის შორიდან მაყურებელ ხალხს ძალიან თვალში არც მოხვდება, მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს, ეგრევე იგრძნობ კლასს - ჯერ პასი რა იყო და მერე მიღება. ეს გოლი სერია A-ს საუკეთესო გოლების სიაშია შესული და პირველ რიგში რობი ბაჯოსთან ასოცირდება. ვაღიარებ, იმ მომენტში პასის ავტორი, არ შემინიშნავს, შემდეგ გამეორებაზე ვნახე, რომ ეს ანდრეა პირლო იყო. პასი მოედნის სიღრმიდან, რომელიც შემდეგ წლებში პირლოს საფირმო ნიშნად იქცა.

მაცონემ არა მხოლოდ პირლოს შემდეგი კარიერა განსაზღვრა, არამედ თავისი ამ გადაწყვეტილებით გაასწრო ფეხბურთის შემდეგი წლების ტენდენციებს. მაცონეს გათვლა ჰქონდა, რომ ფეხბურთელს, რომელიც ასე ხედავს მოედანს და ასეთი გრძელი პასი აქვს, შეუძლია გამთამაშებელი მოედნის სიღრმიდანვე იყოს და არ სჭირდება აუცილებლად მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიუახლოვდეს.

პირლო არასოდეს ყოფილა ყველაზე სწრაფი და ათლეტური მოთამაშე, პირიქით. რთული სათქმელია, რამდენად შეძლებდა იგი თანამედროვე ფეხბურთში 10 ნომრის პოზიციაზე მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს უმაღლეს დონეზე თამაშს. ამ პოზიციაზე იგი უფრო მეტად ძველი დროის ფეხბურთელს გვაგონებდა - ელეგანტურს, ტექნიკურს, თუმცა ნაკლებად ათლეტურს. მაცონემ კი იგი მოედნის სიღრმეში გაამწესა, სადაც პირლოს უფრო მეტი სივრცე და დრო ჰქონდა და ათლეტიზმი ნაკლებად სჭირდებოდა.

მაცონემ დროს გაასწრო. უკვე რამდენიმე წელში გვარდიოლამ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა. აქტუალური გახდა მაღალი პრესინგი. თითქმის ყველა გუნდს დასჭირდა, ტექნიკური მოთამაშე მცველების წინ, რომელსაც ბურთის გათამაშება და მეტოქის პრესინგის მიუხედავად დაცვის ხაზიდან ამოტანა შეეძლო. ბურთზე კონტროლის დაწესება პრიორიტეტული გახდა. პირლოს სტილის და ფუნქციის მოთამაშეები თითქმის ყველა დიდ გუნდს ჰყავდა, თუმცა იმ წლებში, როდესაც მაცონემ ეს გადაწყვიტა, მოდური ორი ჩამშლელი ნახევარმცველით მოედნის ცენტრში თამაში იყო.

10 წელი მილანში

პირველი სეზონი მილანში ქაოტური გამოვიდა - კლუბმა მწვრთნელი შეიცვალა - შუა სეზონში ფატიჰ თერიმის ნაცვლად კარლო ანჩელოტი მოვიდა. მახსოვს, ანჩელოტის მეორე სეზონის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა. სეზონის დასაწყისი იყო, მილანი მოდენაში ჩავიდა. იმ ზაფხულს მილანმა ახალი ფეხბურთელები შეიძინა და ძალიან მაინტერესებდა ახალი მილანი, როგორ ითამაშებდა. მახსოვს, ჯერ კიდევ შემადგენლობის გამოცხადებისას გამიკვირდა ნახევარდაცვაში ერთდროულად პირლო, რუი კოშტა და ზეედორფი, რომ დავინახე. კიდევ უფრო გამიკვირდა, პირლო ნახევარდაცვაში მცველების წინ, რომ აღმოვაჩინე. არაფრით გამორჩეული თამაში იყო, მილანმა ადვილად მოიგო 3-0, თვალში ის მომხვდა, რომ ანჩელოტის გუნდი ძალიან კარგად იჭერდა ბურთს ცენტრში და დიდხანს ათამაშებდა. ეს პირლოს დამსახურება იყო. ახალ პოზიციაზე პირველივე სეზონში პირლო გუნდის ლიდერად იქცა.

მილანთან ერთად პირლომ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც საკლუბო ფეხბურთში შეიძლებოდა. მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა და ორი იტალიის ჩემპიონატი. ამ წლების ყველაზე მტკივნეული მარცხის, სტამბულში ლივერპულთან წაგებული ცნობილი ფინალის შემდეგ კი, პირლომ აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა. მით უმეტეს, რომ პენალტების სერიაში ერთ-ერთი პენალტი მან თავად ვერ გამოიყენა.

თუმცა ორი წლის შემდეგ რევანში შედგა - მილანმა ლივერპული უკვე ათენურ ფინალში დაამარცხა. პირლო კი გოლის თანაავტორი გახდა - მისი დარტყმული ჯარიმა პიპო ინძაგის მოხვდა და კარებში შევარდა.

ამ წლების მილანი ერთი დიდი ოჯახი იყო. კარლო ანჩელოტი თავის წიგნში აღწერს იმ მეგობრულ გარემოს, რომელიც მის მილანში იყო. თამაშისწინა შეკრებები ყოველთვის ხუმრობებითა და კარტის თამაშით სრულდებოდა. პირლო ანჩელოტის მამას და მასწავლებელს უწოდებს. მილანის ბირთვს იტალიელები წარმოადგენდნენ - პირლო, გატუზო, ნესტა, მალდინი, ინძაგი. ეს იყო მართლაც ლეგენდარული გუნდი.

პირლოს  კარიერა: 6 -  ჩემპიონატი, 2 - თასი, 3 - სუპერთასი, 2 -ჩემპიონთა ლიგა, 2- ევროპის სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი

მილანში ასპარეზობის პერიოდში პირლო იტალიის ნაკრების ლიდერად იქცა. შემდეგი 10 წლის მანძილზე იტალიის უმთავრესი გუნდი პირლოს გარეშე წარმოუდგენელი იყო.

Gli eroi di Berlino - ბერლინის გმირები

პირლო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი ცხოვრების მთავარი გუნდი იტალიის ნაკრები იყო. სწორედ ნაკრებს უკავშირდება პირლოს კარიერის ყველაზე დაუვიწყარი მომენტი - მსოფლიოს ჩემპიონობა 2006 წელს.

ტურნირს იტალია ბევრი პრობლემებით შეხვდა. გუნდის ლიდერმა ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე უმძიმესი ტრავმა მიიღო და გერმანიაში, მუნდიალზე, უთამაშებელი, ფეხში დამაგრებული 13 ვინტით ჩავიდა. საუკეთესო ფორმაში არ იყო ალექს დელ პიეროც. ნაკრებს ლიდერი სჭირდებოდა. კარს ბუფონი იცავდა, დაცვაში, ტრადიციულად, აძურის ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, გუნდის შუა ხაზსა და შეტევაში კი სწორედ პირლო იყო ის მთავარი კაცი, რომლის გარშემოც ლიპიმ გუნდი ააწყო.

თუ გსურთ წარმოიდგინოთ, პირლოს მნიშვნელობა იტალიის ნაკრებისთვის, შეგახსენებთ, რომ პირლოსთან ერთად შუა ხაზში სიმონე პეროტა და ჯენარო გატუზო თამაშობდნენ - რბილად რომ ვთქვათ ორი არცთუ ისე ტექნიკური მოთამაშე. თუმცა, იტალიას ყველაფერი გამოსდიოდა - პირლო ბურთს ანაწილებდა, დაცვიდან პასით ამოჰქონდა, შეტევის ორგანიზებას ახდენდა, თამაშის ტემპს აკონტროლებდა და საგოლე პასებს არიგებდა.

იტალიამ ტურნირი სწორედ პირლოს გოლით გახსნა განასთან. ამავე თამაშში მან საგოლე გადაცემით ვინჩენცო იაკინტა დატოვა ერთი ერთზე. შემდეგ თამაშში ამერიკასთან ჯილარდინომ და პირლომ ჯარიმა ვირტუოზულად გაითამაშეს - პირლოს პასი, ჯილას თავური და შემდეგ გოლის აღნიშვნა - ჯილამ ვიოლინოზე დაუკრა -  ფეხბურთის პაგანინი ვარ და ეს კომბინაციაც ნოტებზე გვქონდა დალაგებულიო.

ნახევარფინალში პირლოს პასით ფაბიო გროსომ იტალიური ფეხბურთის ყველაზე ეპიკურ მატჩში გერმანიას გაუტანა. პასი ისეთი იყო პირლოს სტილში - მარჯვნივ გაიხედა და მარცხნივ მისცა, გროსომ დაარტყა და დორტმუნდში მთელი გერმანია დადუმდა. დანარჩენი უკვე ისტორიაა.

ფინალში კიდევ ერთი საგოლე პასი - მარკო მატერაციმ პირლოს მოწოდებული კუთხური თავურით დაააგვირგვინა. 

ყველაზე რთული დარტყმა პირლოს თამაშის მერე ელოდა. ბერლინში, ფინალში საფრანგეთთან აძურის პენალტების დარტყმა მოუწია. იტალიას პენალტებთან ძალიან ცუდი მოგონებები აქვს - ზედიზედ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე (1990, 1994, 1998) იტალიამ პენალტებით დათმო. მათ შორის 1994 წლის ტრაგიკული ფინალი ბრაზილიასთან და 1998 წლის მეოთხედფინალი სწორედ საფრანგეთთან. ამას 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იმავე საფრანგეთთან ბოლო წამზე გაშვებული გოლი და შემდეგ დამატებით დროში წაგებული შეხვედრაც დაამატეთ და მიხვდებით, რომ იტალია პენალტების წინ ძალიან ღელავდა.

იტალიაში ყველას, ვინც ბერლინის ფინალი მოიგო და იტალიას ჩემპიონობა მოუტანა ბერლინის გმირებს - Gli eroi di Berlino უწოდებენ. ეს გამარჯვება უკვე ლეგენდის ნაწილია. ერთ-ერთ წიგნში ფინალის მონაწილეები ფინალის წინა ღამეს აღწერენ. ჯენარო გატუზო იხსენებდა, რომ ნერვიულობისგან მთელი ღამე გაათენა, თუმცა გაუმართლა, რადგან ოთახში პირლოსთან ერთად იყო, რომელიც მთელ გუნდში ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც მშვიდად ეძინა.

წინა ღამეს მშვიდად ეძინა, მაგრამ, როდესაც ლიპიმ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა მას დაავალა, სიმშვიდის საფუძველი აღარ ჰქონდა. იმ 40 თუ 50 მეტრს, რომელიც მან ცენტრის ხაზიდან პენალტის ნიშნულამდე გაიარა, პირლო ცხოვრებაში ყველაზე გრძელ და ჯოჯოხეთურ გზად აღწერს.

ბარტეზი კუთხეში გადახტა, ბურთი კი ცენტრში გავიდა - იტალიამ სერია პირლოს ზუსტი დარტყმით დაიწყო და გროსოს ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ჩემთვის ნაკრებში პირლოსთან დაკავშირებული ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ევრო 2012 ეძღვნება. პრანდელის იტალია მეოთხედფინალში ინგლისს ეთამაშებოდა. მთელი თამაში უტევდა, ბევრი მომენტი გააცუდა - თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა, უგოლო ფრე ისევ პენალტებით დასრულდა.

პენალტებში ინგლისმა ორიდან ორი შეაგდო იტალიიდან კი რიკარდო მონტოლივომ ააცილა. ჰაერში თითქოს წაგების სუნი დადგა - ბურთს ინგლისის კარში შესვლა არ უნდოდა, ჯო ჰარტი ყველაფერს იღებდა, ფიქრებში კი იტალიის წაგებული პენალტები ამოტივტივდა. მესამე პენალტი ანდრეა პირლოსი იყო. პირლომ დაარტყა აბსოლუტურად მშვიდად, თითქოს ცინიკურად, ისე, როგორ ჩვენთან პანენკას დარტყმას უწოდებენ, იტალიაში კი - ‘cucchiao-ს’. ჯო ჰარტი გადახტა, ბურთი კი ნელა შეფრინდა კარის ცენტრში, იქ სადაც წამის წინ მეკარე იდგა.

არ ვიცი, მოთამაშეები ამ დროს რას გრძნობდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს დარტყმა სიმშვიდის და გამარჯვების რწმენის მომტანი იყო. ამ დარტყმაში იყო რაღაც ძალიან მშვიდი და დიადიც და ძალიან დამამცირებელიც მეკარისთვის. თითქოს პირლო აჩვენებდა, რაც არ უნდა მოხდეს მე თქვენზე მაგარი ვარ, თქვენ მე ვერ მომიგებთ. შემდეგ იყო ეშლი იანგის ძელი, მეორე ეშლის, კოულს, ბუფონმა აუღო და იტალია ნახევარფინალში გავიდა. მე მაინც მგონია, რომ სერიაში პირლოს პანენკამ შეიტანა გარდატეხა - მთავარი დარტყმა ეს იყო. მახსოვს ამ თამაშს ათენში ინგლისელებით გადაჭედილ ბარში ვუყურებდი. პირლოს დარტყმის შემდეგ წამის წინ მოზეიმე ინგლისელები ერთხმად დადუმდნენ, თითქოს გამარჯვების რწმენა დაკარგეს.

გაქცევის მცდელობები

პირლოს მილანიდან წასვლის მცდელობა სულ მცირე ორჯერ ჰქონდა. 2006 წელს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული იყო რეალთან. სამეფო კლუბის ახალი მწვრთნელი ფაბიო კაპელო პირლოს მადრიდში ელოდებოდა, თუმცა მილანმა პირლო არ გაუშვა. ადრიანო გალიანიმ პირლოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც საკუთარი ხელფასის თანხა პირლოს თვითონ უნდა ჩაეწერა.

მეორეჯერ უკვე გვარდიოლას ბარსელონა იყო ახლოს პირლოს ტრანსფერთან. გვარდიოლა პირლოს ჩუმად შეხვდა თავისივე კაბინეტში, კამპ ნოუზე, ბარსელონა-მილანის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ.

ორივეჯერ პირლოს წასვლა ძალიან უნდოდა. ბარსელონას შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. ბარსა პირლოს ოცნების გუნდი იყო. თავისივე სიტყვებით ფლეისთეიშენზე (ფლეისთეიშენი პირლოს ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა) იგი ყოველთვის ბარსელონათი თამაშობდა და ნოუ კამპზე მოსახვედრად ყველაფერს გაიღებდა.

უფრო უცნაური რეალის შემთხვევაა. 2006 წელს რეალი აღარ იყო არც ზიდანის და ფიგუს გალაქტიკოსების გუნდი და არც შემდეგი თაობის დიდი რეალი - კრისტიანო რონალდოთი. მადრიდელები გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდნენ და პირლოს მილანი, რომელმაც 5 წელიწადში სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, იმ მომენტში უფრო ძლიერ გუნდად გამოიყურებოდა.

პირლო მაინც წავიდა, უკვე 2011 წელს და წავიდა მილანის კონკურენტ იუვენტუსში.

როგორ გახდა პირლო იუვენტინო

მის ავტობიოგრაფიული წიგნის კითხვისას, რომელსაც ძალიან სიმბოლური სახელო ჰქვია ‘ვფიქრობ, მაშასადამე ვთამაშობ’, მკითხველს არ ტოვებს შთაბეჭდილება, რომ მილანი მას არცთუ ისე ძალიან უყვარდა. ამ წიგნმა მილანის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მილანში გატარებული 10 წლის და მოგებული ყველა ჯილდოს მიუხედავად, მასში მილანზე არცთუ ისე ბევრი კარგი რამ არის. მის ავტობიოგრაფიაში მუდამ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი თავს იუვენტინოდ გრძნობს და არა მილანისტად.

პირლოს მილანიდან წასვლა იქამდე უნდოდა, თუმცა წავიდა იუვენტუსში, რომელსაც იმ წლებში ბევრი პრობლემა ჰქონდა. კალჩოპოლის შემდეგ გუნდი 5 წელი ვერაფერს იგებდა, ბოლო ორი სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაშიც არ თამაშობდა. მწვრთნელები ყოველ წელს იცვლებოდნენ და ახალ სეზონსაც იუვე ახალი და იმ დროისთვის თავისი სამწვრთნელო დამსახურებებით სრულიად უცნობი ანტონიო კონტეთი იწყებდა - არეცო, ბარი, ატალანტა და სიენა - ასე გამოიყურებოდა კონტეს არცთუ ისე შთამბეჭდავი CV.

პირლო ამ იუვეში იტალიის ჩემპიონი მილანიდან წავიდა - იბრაჰიმოვიჩის, რობინიოს, ტიაგო სილვას და ნესტას გუნდი. ერთი შეხედვით, კარიერული უკუსვლა აშკარა იყო. იუვეში კი მას იმ დროისთვის სრულიად უცნობ არტურო ვიდალთან ერთად უნდა ეთამაშა, რომელიც იუვემ ლევერკუზენიდან სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ იყიდა, დაცვაში ვოლფსბურგიდან ჩამოწერილი ანდრია ბარძალი ელოდებოდა, თავდასხმაში კი - მუდმივად პერსპექტიული ალესანდრო მატრი. და ეს ყველაფერი ნესტას, იბრაჰიმოვიჩის და რობინიოს მერე?! Are u kidding me?!

მილანიდან წასვლის მიზეზებზე იგი თავის წიგნში ბევრს საუბრობს. მილანს მისი დატოვება სურდა, თუმცა არ სჯეროდა, რომ 30 წელს გადაცილებული პირლო გუნდის ლიდერად შეიძლება დარჩენილიყო. პირლო კი საწინააღმდეგოში იყო დარწმუნებული. მას მხოლოდ გუნდის ლიდერობა უნდოდა.

სიამაყე და საკუთარი ძალების აბსოლუტური რწმენა მისი ხასიათს ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ალბათ ამ თვისებების გარეშე ვერც ითამაშებდა ისე მშვიდად და ელეგანტურად, როგორც მას სჩვევია. 10 მილანური წლის შემდეგ საკუთარ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა თავის გუნდს არ აპატია და წავიდა. იუვესთან კონტრაქტს კი მისი თქმით, იმავე პასტით მოაწერა ხელი, რომელიც მილანში დამშვიდობებისას იქ გატარებული 10 წლის სახსოვრად აჩუქეს. პირლოს ცინიზმზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

პირლოს იუვენტუსი

კონტეს გუნდში ბუფონისა და დელ პიეროს გარდა ერთადერთი სუპერკლასის მოთამაშე ჰყავდა - ანდრეა პირლო და თამაშიც მასზე ააწყო. ახალი იუვენტუსიც სწორედ პირლოს წყალობით დაიბადა. პირველივე სეზონში იუვემ ჩემპიონობა მილანს წაართვა, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში. პირლო იუვეში კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა - მას ძალიან უნდოდა მილანისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრე იყო.

სიმბოლური იყო, რომ პირველი გოლი იუვეს ახალ სტადიოზე შტეფან ლიხშტაინერმა სწორედ პირლოს საფირმო გრძელი გადაცემით გაიტანა. პირველივე თამაშში პირლომ 110 პასი გააკეთა - პირლოსთან ერთად იუვე სხვა გუნდი იყო.

პირლოს პირველი სეზონი იუვენტუსში

ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში პირლოზე მეტი გადაცემა შეასრულა ბარსელონას ჩავი ერნანდესი იყო.

პირლო იუვეში ცოცხლად 2014 წელს ვნახე. ეს იყო რიგითი შეხვედრა ლივორნოსთან. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ იუვეს თამაშს სწორედ პირლო უძღვებოდა, მაგრამ სტადიონიდან ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მთელი გუნდი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში პირლოს ეძებდა, რომელიც დირიჟორივით ხელმძღვანელობდა მთელ თამაშს. როგორც იუვეს გულშემატკივარს, შემეშინდა კიდეც - წარმოუდგენლად მეჩვენებოდა პირლოს წასვლის შემდეგ, როგორ უნდა ეთამაშა იუვეს. ტრიბუნებიდან ყურებისას ბევრად უფრო ნათლად ჩანდა, თუ რა გავლენა ჰქონდა პირლოს იუვეს თამაშშზე. მინახავს ლეო მესი და ანრი, რიბერი და ინიესტა, მაგრამ არცერთ ცოცხლად ნანახ ფეხბურთელს არ მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ანდრეა პირლოს იმ რიგით შეხვედრაში, ლივორნოსთან.

ოთხი სეზონის განმავლობაში პირლომ იუვესთან ერთად ოთხი ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა. კალჩოპოლის სკანდალის მერე იუვე ევროპული ფეხბურთის გრანდებში სწორედ პირლოს წყალობით დაბრუნდა.

პირლინიო

იუვენტუსში პირლო ჯარიმების ძირითადი შემსრულებელი იყო. პირლოს ეს საქმე იუვემდეც ეხერხებოდა, თუმცა ტურინში თამაშის დროს მან ჯარიმების დარტყმა სხვა დონეზე აიყვანა. მისი აღიარებით, შთაგონების წყარო ლიონის ლეგენდარული დამრტყმელი ჟუნინიო იყო - პირლომ დარტყმის ტექნიკა სწორედ მისგან გადაიღო. იუვეში გატანილი 19 გოლიდან 15 სწორედ ჯარიმიდან შეაგდო.

როდესაც 2013 წელს იტალიის ნაკრები ბრაზილიაში კონფედერაციის თასზე სათამაშოდ ჩავიდა, თითოეული ჯარიმის დარტყმის წინ ბრაზილიელი გულშემატკივარი სკანდირებდა - ‘პირლინიო, პირლინიო’.

Ho visto un Re ანუ ჩვენ მეფე ვნახეთ

იტალიაში ფეხბურთზე ნებისმიერი დისკუსიისას, ყველა ვისაც მარადონა უნახავს, სიამაყით გეტყვით ho visto Maradona –„მე მარადონა ვნახე“, ანუ რას მეკამათები, მარადონა მყავს ნანახიო. პირლო მალე მხოლოდ მოგონებებში და იუთუბზე იცხოვრებს და ყველამ, ვისაც გაგვიმართლა და პირლოს მოედანზე მოვესწარით, შეგვიძლია შვილებს, შვილიშვილებს და ყველას, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, ვუთხრათ, რომ ჩვენ გაგვიმართლა და პირლო ვნახეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები