Thumbnail
  • ხულიენ ლოპეტეგის რეალის მწვრთნელად დიდხანს აღარ გააჩერებენ
  • ესპანური მედიის ცნობით, მთავარი კანდიდატი ანტონიო კონტეა
  • იტალიელი რეალის ბოსებს 3 ფეხბურთელის გაშვებას და 2 ახალი ვარსკვლავის შეძენას სთხოვს

არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ხულიენ ლოპეტეგი ჯერაც თანამდებობაზეა, ესპანური მედია და ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მისი დღეები მადრიდული გრანდის თავკაცის პოსტზე დათვლილია. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ლოპეტეგის სავარაუდო შემცვლელთა სიაში ფავორიტი იტალიელი ანტონიო კონტეა.

“დონ ბალონი” წერს, რომ თუ რეალი “ელ კლასიკოს” წააგებს, ლოპეტეგის მაშინვე გაათავისუფლებენ. მეტიც: ესპანელები წერენ, რომ იტალიელმა, რომელიც ზაფხულამდე ლონდონის ჩელსის დამრიგებელი იყო, “სამეფო გუნდის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს და კლუბის სხვა შეფებს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, რეალის თავკაცის პოსტზე ფავორიტი ანტონიო კონტეა

როგორც ირკვევა, კონტეს რეალიდან მცველი მარსელოს, თავდამსხმელი ქარიმ ბენზემას და მეკარე კეილორ ნავასის გაშვება სურს. სამაგიეროდ, იტალიელი სპეციალისტი მილანის ინტერის არგენტინელ გოლეადორ მაურო იკარდის და მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველ დავიდ ალაბას ითხოვს. მისთვის სწორედ ამ ორი მოთამაშის შეძენაა პრიორიტეტული.

მაურო იკარდი

აღსანიშნავია, რომ ესპანური მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ კიდევ ერთი სერიოზული კანდიდატი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც რეალის ბოსებს ასევე მარსელოს, ბენზემას და ნავასის გაყიდვა მოსთხოვა. პორტუგალიელი ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედის დამრიგებელია და, შესაბამისად, რეალში კონტეს დანიშვნა უფრო რეალურია, რადგან იტალიელი უმუშევარია.

კომენტარები

ბოლო ამბები