Thumbnail

ბასილაშვილი სეზონს პარიზის მასტერსით ასრულებს, ჯერ მილმანი, მერე ანდერსონი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 29 ოქტომბერს პარიზის მასტერსი იწყება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ჯონ მილმენია
  • ორშაბათს ბასილაშვილი სავარაუდოდ მსოფლიოს 22-ე ჩოგანი იქნება

ATP-ის 2018 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება - ნიკოლოზ ბასილაშვილი (24) სეზონს, რომელიც მის კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო იყო, პარიზის მასტერსით ასრულებს. 

პარიზის მასტერსი ბერსიში დახურულ დარბაზში ჰარდის საფარიან კორტებზე იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდია - € 4 273 775. 

პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი: € 4 273 775

ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეშია და პირველ წრეში 29 წლის ავსტრალიელს, ჯონ მილმანს (36) ხვდება. ისინი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს - 2015 წელს რაანანას (ისრაელი) ჩელენჯერზე ნიკამ 6:3, 6:1 იმარჯვა. 2016-ში პეკინში, უკვე ATP-ის საკვალიფიკაციო ბადეში მილმანმა შური იძია - 6:7 (6), 6:1, 6:4. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი 1/16 ფინალში მე-7 ნომრად განთესილ კევინ ანდერსონს შეხვდება, რომელთანაც ახლახან ვენაში სამ სეტში დამარცხდა. 

ახალი რეკორდი ორშაბათს?

მიუხედავად იმისა, რომ ვენის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში დათმო, ორშაბათს ის დიდი ალბათობით, მსოფლიოს 22-ე ჩოგანი იქნება 1 767 ქულით, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ბასილაშვილს პარიზის მასტერსში შარშანაც უთამაშია, პირველ საკვალიფიკაციო წრეში ვასეკ პოსპიშილთან დამარცხდა. ასე რომ, მას ქულები დასაცავი არ აქვს და წლის ბოლოს საუკეთესო 20-ეულში შესვლის შანსიც აქვს.

მას პარიზში უკვე გარანტირებული აქვს 10 სარეიტინგო ქულა, მეორე წრეში გასვლისთვის კი 45-ს მიიღებს, მესამეში კი - 90-ს. 20-ეულში შესასვლელად სავარაუდოდ, 1 850 ქულა საკმარისი იქნება. ასე რომ, მესამე წრეში გასვლა შესაძლოა, საკმარისიც აღმოჩნდეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები