Thumbnail

ბედნიერი დროგბა - 40 წლის დიდიე ისევ თამაშობს და გოლებსაც იტანს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი კარიერას USL-ში აგრძელებს
  • კოტდივუარელმა გოლი ფინიქს რაიზინგის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

დიდიე დროგბა, რომელმაც ჩელსისთან ერთად 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინგლისის პრემიერლიგაში კი ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ფეხბურთის თამაშს 40 წლის ასაკშიც აგრძელებს და გოლებიც გააქვს.

კოტდივუარელი თავდამსხმელი ამერიკის რანგით მესამე ლიგაში (USL) თამაშობს და ისეთი ბედნიერია, ვერც წარმოიდგენთ. დიდიემ, რომელიც 2017 წლიდან ფინიქს რაიზინგის ღირსებას იცავს და მისი თანამფლობელიცაა, თავის გუნდს USL-ის პლეი ოფში სვოპ პარკ რეინჯერსთან გამარჯვებაში, კომპენსირებულ მესამე წუთზე გატანილი გოლით დაეხმარა (4:2).

დროგბამ გოლი მეოთხედფინალური მატჩის მიწურულს, ერთი შეხებით შეაგდო და ფინიქსი ტურნირის მომდევნო რაუნდში გაიყვანა. გახარებული კოტდივუარელი ტრიბუნასთან მივიდა და გაზონზე გაწვა, თანაგუნდელები კი ზემოდან დაახტნენ.

აღსანიშნავია, რომ დროგბამ გოლი ფინიქსის წინა მატშიც გაიტანა. პორტლენდ 2-თან მოგებულ შეხვედრაში (3:0) დიდიემ ანგარიში საჯარომო დარტყმით გახსნა.

ფაქტია, დროგბა თამაშობს და ძალიან ბედნიერია - 40 წლის ვეტერანს, რომელსაც თანაგუნდელებიდან ასაკით ბევრი შვილადაც ეკუთვნის (ფინიქსის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 24 წელია), მეორე სუნთქვა აქვს გახსნილი.

დიდიე დროგბამ ფინიქს რაიზინგის მაისურით 2018 წლის სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი შეაგდო. მანამდე გამოაცხადა, რომ ეს სეზონი მის კარიერაში ბოლო იქნებოდა. ვნახოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები