Thumbnail

როცა პორტუგალიას დასჭირდა - რონალდომ ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის თავდამსხმელი ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაში დაეხმარება
  • 33 წლის ფეხბურთელი იტალიასა და პოლონეთთან მატჩებს არ გამოაკლდება

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც სექტემბერსა და ოქტომბერში გამართულ პორტუგალიის ნაკრების მატჩებში მონაწილეობა არ მიიღო, ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება და ნოემბერში, უეფას ერთა ლიგის შეხვედრებში დაეხმარება. ამის შესახებ football-italia.net იუწყება.

33 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა ამ შემოდგომაზე თავად ითხოვა ეროვნული გუნდიდან გათავისუფლება, რათა მეტი ყურადღება იუვენტუსში ადაპტაციისთვის დაეთმო. მოგვიანებით ფეხბურთელს კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა, როდესაც ამერიკელმა კეტრინ მაიორგმა ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

თავდაპირებლად იწერებოდა, რომ კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრებში მომავალ წლამდე აღარ ითამაშებდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ფეხბურთელი მზადაა ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს და მას ერთა ლიგაში, იტალიასა და პოლონეთთან მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმაროს. 

რონალდოს არყოფნაში, ფერნანდო სანტუშის გუნდმა ერთა ლიგაში იტალიასა (1:0) და პოლონეთს (3:2) მოუგო და A ლიგის მესამე ჯგუფის ლიდერია. პორტუგალია იტალიას 2 ქულით უსწრებს, პოლონეთს კი - ხუთით და თან, მეტოქეებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგაში 17 ნოემბერს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება, 20 ნოემბერს კი შინ პოლონეთს მიიღებს.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 154 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება. 

კრიშტიანო ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის, 2008 წლიდან კი მისი კაპიტანია. რონალდომ ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ზე გაიმარჯვა. ევრო 2012-ზე ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო ევრო 2004-ზე - ვერცხლი.

კომენტარები

ბოლო ამბები