Thumbnail
  • 📅 შაბათი | ⌚ 17:30 | ⚽ დორტმუნდი V ჰერტა
  • ბუნდესლიგის ლიდერი ჰერტას სახით რთულ მეტოქეს ეთამაშება
  • ატლეტიკოს განადგურების შემდეგ ბორუსიას გერმანიაში პირველობის განმტკიცება სურს

გერმანიის ჩემპიონატში 8 ტურია ჩატარებული და დორტმუნდის ბორუსია ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელსაც ჯერ არ წაუგია. ლუსიენ ფავრის შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდის მეტოქე ამჯერად ბერლინის ჰერტაა - გუნდი, რომლის დამარცხება არცისე ადვილია (მხოლოდ 1 წაგება 8 ტურში).

დორტმუნდელები არა მარტო გერმანიაში, არამედ ზოგადად ამ სეზონშიც დაუმარცხებლები არიან. ბორუსიამ ჯამში (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 12 ოფიციალური მატჩი გამართა, 10 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, გერმანიის ჩემპიონატში კი ბოლოს სულაც ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. ფავრის გუნდის დომინანტობას ბურთების შეფარდებაც კარგად გამოხატავს - 27:8.

მარკო როისს ამ სეზონში 5 გოლი და 5 პასი აქვს

ყურადღების ცენტრში არიან თავდამსხმელი პაკო ალკასერი (7 გოლი) და ტოპ-ფორმაში მყოფი მარკო როისი (5 გოლი, 5 პასი). ალკასერი გამოჯანმრთელდა და თუ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, შეცვლაზე მაინც ითამაშებს. 

რაც შეეხება ჰერტას: ბერლინელებმა ის ერთადერთი მარცხი ვერდერთან იწვნიეს და მას მერე 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (1 მოგება, 2 ფრე). “ბორუსიასთან სათამაშოდ კარგად მოვემზადეთ. დორტმუნდში წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს,” - თქვა მატჩის წინ დედაქალაქელთა თავკაცმა პალ დარდაიმ.

დიდი შანსია, რომ ატლეტიკოსთან გადატანილი ბრძოლის (4:0) შემდეგ, ფავრმა მცირე როტაციას მიმართოს - ცვლილებები ძირითადად ნახევარდაცვას უნდა შეეხოს, სადაც მას მეტი არჩევანი აქვს. ჰერტას შტარკი და რეკიკი უბრუბდებიან. ცენტრფორვარდი კვლავ ვედად იბიშევიჩი უნდა იყოს, მისი ალტერნატივა კი ზელკეა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, დიალო, ზაგადუ, ჰაკიმი - ვიტსელი, დაჰუდი - პულიშიჩი, როისი, ბრუუნ ლარსენი - ფილიპი (ან ალკასერი).

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ლაზარო, შტარკი, რეკიკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, მაიერი - კალუ, დუდა, დილროსუნი - იბიშევიჩი.

საინტერესო ფაქტები

► ჰერტამ დორტმუნდში ბოლოს 2013/2014 წლების სეზონში მოიგო, ხოლო მას მერე, რაც ბუნდესლიგა დაარსდა (1963), ბერლინელებს დორტმუნდში ჯამში მხოლოდ 4 თამაში აქვთ მოგებული. ოთხივე 2:1...

► ბორუსია ბუნდესლიგაში ჯერაც დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), ყველა საშინაო თამაში მოგებული აქვს, გაიტანა ყველაზე მეტი (27) და გაუშვა ყველაზე ცოტა (8) გოლი. სხვათა შორის, გოლის გატანა ჰერტას კარშიც რთულია - ბერლინელებსაც მხოლოდ 8 გოლი აქვთ მიღებული.

► დორტმუნდელებს ამ სეზონში არცერთ ტურნირზე არ წაუგიათ (10 მოგება, 2 ფრე), ოთხშაბათს კი, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის ატლეტიკო 4:0 გაანადგურეს.

► ჰერტამ გერმანიის ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო და ყველასათვის მოულოდნელად, მიუნხენის ბაიერნიც კი დაამარცხა (2:0).

► ბერლინელთა წარმატების საიდუმლო კარგი დაცვაა (მხოლოდ 8 გოლი აქვთ მიღებული).

► ეს გუნდები ერთმანეთს, ყველა ტურნირზე, ჯამში 39-ჯერ შეხვდნენ. დორტმუნდმა 18 თამაში მოიგო, ჰერტამ - 10. ბორუსიას ჰერტასთან ბოლო 5 საშინაო თამაში არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).

► 18 წლის სანჩო დორტმუნდში ნამდვილი აღმოჩენაა. მას ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს (6) და პლუს 2 გოლიც გაიტანა.

► ჰერტაში ონდრეი დუდა გამოირჩევა - 6 გოლით. ის ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.

► დორტმუნდის შეტევა ბოლო დროს შეუდარებელია. ბორუსიას ბოლო 6 თამაშში (ყველა ტურნირზე) მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა.

► დორტმუნდსაც და ჰერტასაც, ბუნდესლიგის 8 თამაშიდან 4-ში ორივე ტაიმი მოგებული აქვთ (50%).

რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს: კრიზისში მყოფი რეკორდმაისტერი მაინცს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები