Thumbnail

საუკეთესო ფეხბურთელები გრანდებში მიდიან და მერე ტიტულებს იგებენ, თუმცა ეს სტატია გამონაკლისებზეა - დიდ ფეხბურთელებზე, რომელთაც, შესაძლოა, კარიერული თვალსაზრისით შეცდომა დაუშვეს, როცა ამა თუ იმ კლუბს უერთგულეს, ტიტულები ვერ მოიგეს, მაგრამ ამით მოიგეს კლუბის ფანების გულები და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ლეგენდებში. ასეთი გამონაკლისებიც საკმაოდ არიან, ჩვენ მათგან ხუთი ყველაზე სახელოვანი ავარჩიეთ. 

1. ჯანლუიჯი ბუფონი

იუვენტუსი

ჯიჯი სერია B-ში

თამაშის ისტორიაში ალბათ საუკეთესო გოლკიპერმა ერთი სეზონი (2006/07) სერია B-ში გაატარა, როცა იუვენტუსს კალჩოპოლის სკანდალის გამო ტიტულები ჩამოართვეს და ქულები დააკლეს. ყველა ელოდა, რომ ბუფონი, რომელიც კარიერის პიკზე იყო სატრანსფერო ბაზარზე კარგ ფასად გაიყიდებოდა და კარიერას, რომელიმე ძლიერ კლუბში გააგრძელებდა.

მან იუვეს უერთგულა, იგი მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში რიმინისა და ალბინოლეფეს მსგავს გუნდებთან სათამაშოდ გადიოდა მოედანზე. ჯიჯიმ ერთხელ წითელი ბარათიც კი მიიღო სერია B-ში. იუვემ ტურნირი პირველივე ჯერზე მოიგო და იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა. ჯიჯიმ ტურინი არც ამის შემდეგ დატოვა და კლუბს ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაშიც დაეხმარა. 

"ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეკარეა. როცა იუვე სერია B-ში იყო, მან უერთგულა კლუბს. ეს უდიდესი ჟესტი იყო", - თქვა ჯიჯიზე იუპ ჰაინკესმა. 

2. ფრანჩესკო ტოტი

რომა

ფრანჩესკო რომადან ასე გააცილეს

თუკი ბუფონს პარმაშიც უთამაშია და ახლა პსჟ-ს კარს იცავს, იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი თავიდან ბოლომდე ერთი კლუბის - რომას - ერთგული იყო. შემტევმა რომას მაისურით ჯამში 250 გოლი გაიტანა და კლუბის ფანების უპირველესი კუმირია. 

"ერთხელ ძალიან ახლოს ვიყავი რეალში ტრანსფერთან, მაგრამ გულმა დარჩენა მიკარნახა", - აღიარა მოგვიანებით ტოტიმ, რომელიც მარადიულ ქალაქში კლუბის, ოჯახისა და ქალაქის სიყვარულმა დატოვა. ტოტის საკლუბო ტიტულებში სიხალვათეა - მან სკუდეტო მხოლოდ ერთხელ მოიგო, თუმცა ამბობს, რომ არც ერთი წუთით არ ნანობს თავის საქციელს. 

3. სტივენ ჯერარდი

ლივერპული

სტივი ჯი ენფილდზე ძალიან უყვართ

სტივი ჯიმ კარიერა ლოს ანჯელესში დაასრულა, თუმცა მანამდე ის 17 წლის განმავლობაში "ენფილდის" ერთგული იყო. 

ლივერპულის კაპიტანს თავის დროზე უარი უთქვამს რეალისთვის, ახლოს იყო ჩელსიში გადასვლასთან, მაგრამ მაინც დარჩა "ენფილდზე". შემოთავაზებები მართლაც უამრავი იყო. ჯერარდმა პრემიერლიგა ვერაფრით მოიგო, თუმცა უტიტულოდ საბოლოოდ მაინც არ დარჩენილა - ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალის სასწაულებრივი შემოტრიალების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ იგი იყო. 

4. გაბრიელ ბატისტუტა

ფიორენტინა

ბატისტუტამ ფიორენტინაში 9 წელი გაატარა

ბატიგოლმა მშობლიურ არგენტინაში სამ წელში სამი არგენტინული გრანდი გამოიცვალა (ოლდ ბოისი, რივერი, ბოკა), მაგრამ თავი შინ ტოსკანაში იგრძნო, სადაც ფიორენტინას 9 წლის განმავლობაში უერთგულა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ გრანდებს მასზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

1993 წელს, როცა ფიორენტინა სერია B-ში გავარდა, არგენტინელი ფორვარდი მას იქაც ჩაყვა. იტალიის თასსა და სუპერთასს თუ არ ჩავთვლით ბატიგოლს ტოსკანაში არაფერი მოუგია ფიორენტინას ფანების უსაზღვრო სიყვარულის გარდა, რომელიც მან ორასამდე გოლის გატანითა და ლეგიონერისთვის უჩვეულო ერთგულებით დაიმსახურა. ფიორენტინას მადლიერმა ფანებმა არგენტინელს ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს ფლორენციაში - ეს ძალიან ბევრ ტიტულზე მეტია.

5. ალან შირერი

ნიუკასლი

ალან შირერი ყველაზე კარგად თავს მშობლიურ ქალაქში გრძნობდა

მართალია, ალან შირერს კარიერის საკმაო ნაწილი საუთჰემპტონსა და ბლექბერნში აქვს გატარებული, მაგრამ ნიუკასლელია და როცა ამ კლუბში 1996 წლისთვის მსოფლიოს სარეკორდო თანხად ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა, იქიდან წასვლა აღარც უფიქრია და კარიერაში 500-ზე მეტი მატჩი ითამაშა შავ-თეთრი მაისურით. 

სხვათა შორის, ზუსტად ერთ წელიწადში შირერს კვლავ შეეძლო მსოფლიოს რეკორდის მოხსნა ტრანსფერებში, მას ბარსელონა ეპატიჟებოდა. შირერმა ნიუკასლში ინგლისის ჩემპიონატიც ვერ მოიგო (მხოლოდ ბლექბერნის რიგებში გახდა ჩემპიონი), ბარსელონაში მას ალბათ, ბევრი პრიზი ელოდებოდა, თუმცა ინგლისელთა მთავარი გოლეადორი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში დარჩა.

...აუცილებლად სახსენებელი კაცი

ანდრეა პირლო 

ინტერი - მილანი - იუვენტუსი

ტიფოზებს პირლო ახლაც ძალიან უყვართ

პირლო ზემოთ ჩამოთვლილებს არაფრით ჰგავს - ბრეშას აღზრდილი ინტერის ფანი ამ კლუბში დიდ ხანს ვერ გაჩერდა (ერთი პერიოდი რეჯინაშიც შეიარა) და უშუალო მტრის, მილანის ბანაკში გადაბარგდა, სადაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელად იქცა და... მილანი იუვენტუსზე გაცვალა. კარიერა მაესტრომ სულაც ამერიკულ ნიუ იორკ სიტიში დაასრულა.

მიუხედავად ამისა, იტალიაში პირლო ლამის ყველას უყვარს და ტაშსაც ყველა სტადიონზე უკრავენ: ინტერის ფანები არაერთხელ ნათქვამი თბილი სიტყვებისთვის, მილანისტები ამ კლუბში გატარებული დიდებული 10 წლისთვის, იუვენტუსის ფანები კი ზედიზედ მოგებული სკუდეტოებისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები