Thumbnail
  • 📅 კვირა | ⌚ 23:30 | ⚽ ნაპოლი V რომა
  • ნაპოლის რომასთვის შინ 2014 წლის შემდეგ არ მოუგია
  • ანჩელოტი - ხასიათზე, დი ფრანჩესკო - ჩემოდნებზე 

სერია A-ს მეათე ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი კვირას, "სან პაოლოზე" გაიმართება, სადაც სკუდეტოს მაძიებელი ნაპოლი ჩემპიონატში ძალიან არასტაბილურად მოთამაშე რომას უმასპინძლებს. 

ანჩელოტის ხელი

ანჩელოტის ნაპოლი სარის გუნდს თუ არ სჯობს, არაფრით ჩამოუვარდება

სეზონის წინ მაურიციო სარისთან გამოთხოვება ნეაპოლელთათვის უმტკივნეულო აღმოჩნდა და ეს კარლო ანჩელოტის დამსახურებაა. გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მეორე გუნდის სტატუსი ხომ შეინარჩუნა, ჩემპიონთა ლიგაში კი კიდევ უკეთესად გამოდის. ნაპოლის ყულაბაში უკვე არის გამარჯვება ლივერპულთან (1:0) და გასვლაზე ფრე პსჟ-სთან (2:2), რომელიც გასულ ოთხშაბათს მიითვალა. ანჩელოტის ნაპოლი, სარის გუნდისგან განსხვავებით, ლიგის პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატია.

რაც შეეხება სერია А-ს, ნაპოლიმ 9 ტურში 7 მოგება იზეიმა, ბოლო ორ მატჩში კი სასუოლოსა (2:0) და უდინეზეს (3:0) მოუგო და ამჟამად 21 ქულით მეორე ადგილზეა. ანჩელოტის გუნდი ლიდერ იუვენტუსს 4 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილოსან ინტერს კი 2 ქულით უსწრებს. ნაპოლიმ მიმდინარე ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა - საშუალოდ ორი გოლი შეხვედრაში, რაც მეორე მაჩვენებელია ლიგაში, 10 გაშვებული ბურთი კი - მეექვსე შედეგია.

ლორენცო ინსინიემ სერია A-ს 8 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

არასტაბილური, მაგრამ საშიში

რომაელები არასტაბილურად გამოდიან - წარმატებულ მატჩებს ჩაგდებული შეხვედრები ერთვის. მაგალითად, გასულ შაბათს დი ფრანჩესკოს შეგირდებმა უშანსოდ წააგეს მოკრძალებულ სპალ-თან (0:2), მომდევნო სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს გადაუარეს (3:0). 

რომა - მზადება ნაპოლისთან მატჩისთვის

სერია A-ში რომამ ჩატარებული 9 მატჩიდან ქულები 5-ში დაკარგა და 14 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდეა (ამდენივე ქულა აქვთ ფიორენტინასა და სასუოლოს). რომა საკმაოდ ბევრს იტანს - 16 გოლი მესამე შედეგია ლიგაში, მაგრამ გუნდის პრობლემა ისაა, რომ ბევრსაც უშვებს - 12 გოლზე მეტი ლიგაში სულ ექვს გუნდს აქვს მიღებული. 

და რა შანსი უნდა ჰქონდეთ რომაელებს ნეაპოლში? გუნდების ამჟამინდელი სათამაშო ფორმისა და მატჩის გამართვის ადგილის გათვალისწინებით, თითქოს არცთუ დიდი, მაგრამ არის ერთი დეტალი. ბოლო დროს ნაპოლი რომასთან სწორედ საკუთარ მოედანზე ვერ ახერხებს სათანადო თამაშის ჩვენებას - სამი მოუგებელი მატჩი.

გასულ სეზონში, მარტში განცდილი მარცხი კი განსაკუთრებით მწარე იყო ნეაპოლელთათვის. სკუდეტოზე მეოცნებე ნაპოლი რომას მოგებათა 10-მატჩიანი სერიით დაუხვდა, ანგარიშიც გახსნა, მაგრამ შემდეგ 4 გოლი გაუშვა და საბოლოოდ 2:4 წააგო. 

ნაპოლი-რომას ბოლო დაპირისპირებაში დუბლი ედინ ჯეკომ მიითვალა

და კიდევ, კვირას გასამართ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება რომას მთავარი მწვრთნელისთვის ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის. მის გაშვებაზე უკვე საუბრობდნენ სეზონის სტარტზე გუნდის წარუმატებლობის შემდეგ, წინა ტურში სპალ-თან საშინაო მარცხმა კი ეს თემა კვლავ წინ წამოწია. 

საინტერესო ფაქტები

► ნაპოლი და რომა ბოლო 17 წლის მანძილზე, ყველა ტურნირში ერთმანეთს 28-ჯერ შეხვდნენ. 14 მატჩი რომამ მოიგო, 8 - ნაპოლიმ, კიდევ 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

► მიმდინარე სეზონში ნაპოლი "სან პაოლოზე" 100%-იანია. ანჩელოტის გუნდმა ხუთივე საშინაო მატჩი მოიგო - 4 ჩემპიონატში, 1 ჩემპიონთა ლიგაში.

► ნაპოლიმ ყველა ტურნირში ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 9 მოიგო (1 ფრე), ბოლო 4-ში კი კარი მშრალად შეინახა.

► ბოლო გუნდი, რომელმაც სტუმრად "სან პაოლოზე" 3 ქულა მოიპოვა, რომა იყო - 3 მარტს, ანგარიშით 4:2 მოიგო.

► რომამ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში სულ ცოტა 2 გოლის გატანა მოახერხა.

► ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე რომას ბოლოს 2014 წლის ნოემბერში მოუგო. მას შემდეგ "სან პაოლოზე 3-ჯერ უმასპინძლა, 2-ჯერ წააგო, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა. 

"სან პაოლოზე" კვირას გასამართ შეხვედრაში მასპინძლებს ვლად კირიკეში, ამინ იუნესი და სიმონე ვერდი ვერ დაეხმარებიან. რომაში ტრავმები დიეგო პეროტის, ჯასტინ კლუივერტსა და რიკ კარსდორპს აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-1-1): ოსპინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ზელინსკი - ინსინიე - მილიკი.

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნ’ზონზი, როსი - უნდერი, პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო.

სხვა მატჩები

სერია A-ს მეათე ტურში სხვა არაერთი საინტერესო მატჩია. შაბათს ცხრილის ლიდერი ტურინის იუვენტუსი სათამაშოდ ლევან მჭედლიძის ემპოლის ესტუმრება.

მილანურ დერბისა და ევროპალიგაში დამარცხებული ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი მილანი ხასიათის გამოკეთებას კვირას, სამპდორიასთან საშინაო მატჩში შეეცდება. გონსალო იგუაინმა სერია A-ში 4 გოლის გატანა უკვე მოასწრო. ახლაც გაიტანს არგენტინელი?

 

კომენტარები

ბოლო ამბები