Thumbnail

ნიკას ასეთ სწრაფ პროგრესს არ ველოდი - ინტერვიუ ბასილაშვილის მწვრთნელთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელთან
  • დე ვიტი: ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო...
ჰამბურგის ტრიუმფის მერე

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი მწვრთნელი გერმანელ იან დე ვიტი გახდა, ქართველ ჩოგბურთელს უდიდესი პროგრესი აქვს.

მან ATP-ის ორი ტურნირი მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა. დე ვიტი 1998 წლიდან წვრთნის ჩოგბურთელებს, მას გაელ მონფილსთან, ჟილ სიმონთან, ვიქტორ ტროიცკისთან და სხვებთან უმუშავია. სხვათა შორის, დე ვიტს ფეხბურთთანაც აქვს კავშირი - ის ბრემენის ვერდერის ერთ-ერთი მრჩეველია და კლუბს სხვადასხვა საკითხებში ეხმარება. 

spox.com-მა იან დე ვიტთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა, სხვა საკითხებთან ერთად გერმანელი სპეციალისტი ნიკას საოცარ პროგრესზეც საუბრობს. 

spox.com: თქვენი თანამშრომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილთან სენსაციურად დაიწყო, მან ჰამბურგის ტურნირი მოიგო...

დე ვიტი: ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ სინამდვილეში ვერ დავიწყეთ კარგად. ჩვენი თანამშრომლობის დაწყებიდან პირველი 12 მატჩიდან 8-ში დავმარცხდით. თუმცა ჩვენი ერთად მუშაობა პირველივე დღიდან პოზიტიური იყო, მაგრამ სანამ ეს შედეგებში აისახებოდა, 6-დან 8 კვირამდე გავიდა. 

spox.com: ეს საკმაოდ კარგი შედეგია...

დე ვიტი: ჩოგბურთში ასეა, თუმცა სპორტის სხვა სახეობებში არა. ფეხბურთში შეიძლება ამდენი არც გაცალონ. კი ბატონო, ჩვენ მართლა ძალიან სწრაფად მოვუმატეთ. ჰამბურგში ჩვენ 9 დღეში 7 მატჩი ვითამაშეთ, რომელთაგანაც 5-ში წაგებასთან ახლოს ვიყავით. მაგრამ უდიდესი ემოციების, მებრძოლი სულისა და სხვა ისეთი ხასიათის გამო, რომელიც ჩოგბურთს უშუალოდ არ უკავშირდება, ნიკომ შეძლო და გაიმარჯვა. მას ამ თვისებების ხარჯზე ხშირად შეუძლია ისეთი მატჩების მოგება, რომლებშიც სიტუაცია მისთვის კარგად არ ვითარდება. 

spox.com: და რაში გამოიხატება ეს პროგრესი კორტზე?

დე ვიტი: ნიკო სხვანაირად ურტყამს, სხვანაირად აბრუნებს. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა მეტოქეების მიმართ, არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე ისე დაარტყა ბურთი, რომ მეტოქე გახვრიტო.

spox.com: ბასილაშვილამდე ჟილ სიმონის მწვრთნელი იყავით, რომელიც სრულიად განხსვავებული ჩოგბურთელია, უფრო ტაქტიკოსი. არ იყო თქვენთვის რთული ახალ, განსხვავებულ შეგირდზე გადაწყობა?

დე ვიტი: ძალზე საპასუხისმგებლო მომენტია. მით უფრო, რომ კარგად მესმის, რომ ნიკოს და ჟილს სულ სხვადასხვა მიდგომა ესაჭიროებათ. ჩვენ მწვრთნელებს კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, ყველა სიტუაციას ვერ "დაალაგებ". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში მართალი ვერ იქნები. ამ მაღალ დონეზე თუ დიდხანს მუშაობ, როგორც მე, სამწვრთნელო თვითრწმენაც უკვე ჩამოყალიბებული გაქვს. მე კარგად ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ და მე ვიცი, რომელ მოთამაშეს, რა ესაჭიროება, რომ წარმატებული გახდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევძლებ ყველაფრის განხორციელებას და მოთამაშეს აუცილებლად ვაქცევ წარმატებულ ჩოგბურთელად.

დე ვიტი ვერდერთანაც თანამშრომლობს

spox.com: როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ბასილაშვილთან?

დე ვიტი: ჩვენ ორჯერ ვითამაშეთ მის წინააღმდეგ შანხაიში და საფრანგეთის ღია პირველობაზე. ჟილ სიმონს და ნიკოს ერთად ვარჯიში ხშირად უწევდათ. მივხვდი, რომ ის კარგი ჩოგბურთელი იქნებოდა ჩემთვის. მასში პოტენციალი მხოლოდ მე არ შემიმჩნევია, მაგრამ მე უკვე კარგად ჩამომიყალიბდა გეგმა, თუ, როგორ უნდა გვეთანამშრომლა. ახლა რაც ხდება, ჩემთვის სიურპრიზი სულაც არ არის, მაგრამ სიურპრიზია, თუ რამდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი ეს. პეკინში ფინალში დელ პოტროსთან ჩვენ საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

spox.com: თქვენი პროტეჟე ახლა ნაკლებად ავლენს კორტზე თავის ხასიათს, ეს თქვენი გეგმის ნაწილია?

დე ვიტი: ვფიქრობ, ნიკო დამშვიდდა. ჩვენი მიდგომა ასეთია: ვთამაშობთ ჩვენს ჩოგბურთს და მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ასევე აუცილებელია, რომ მან დაუშვას მცირე შეცდომები, როცა უტევს და ეს ეპატიოს. ემოციებს თავისი როლი აქვთ ჩოგბურთში და პროფესიულ სპორტში, მთავარია, როგორ გაუმკლავდები მათ. ვფიქრობ, ხანდახან ის პოზიტიურ შედეგს აღწევს ამისგან. ასევე აუცილებლად უნდა შევაქო ნიკო: ბიჭი ძალიან კარგია, როცა გადამწყვეტი მომენტი დგება. ფაქტია, რომ ნიკოს შეუძლია ემოციებისგან ძალიან კარგად "გამოძვრეს". გარკვეულ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე ერთხელ შეხვდა ნოვაკ ჯოკოვიჩს. ეს რომის მასტერსზე მოხდა და სერბმა ჩოგბურთელმა 6:4, 6:2 მოიგო.

spox.com: ამჟამად ყველაზე კარგად ნოვაკ ჯოკოვიჩი თამაშობს, დაუმარცხებელია ნოლე?

დე ვიტი: არ ვფიქრობ ასე. არა მგონია, რომ ახლაც ისე კარგად თამაშობს, როგორც საუკეთესო წლებში, თუმცა ფაქტია, რომ უმატებს. დარწმუნებული ვარ, ნოლეს კიდევ უკეთ შეუძლია თამაში, ვიდრე დღეს აჩვენებს კორტზე. როგორ დავამარცხოთ ჯოკოვიჩი? ამ საიდუმლოს ჩემთვის შევინახავ. უკვე სამი სხვადასხვა ჩოგბურთელით შევძელი ეს, მაგრამ ნოვაკის დამარცხება ძალიან რთულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები