Thumbnail
  • პირლო მსოფლიოს კლასის ფეხბურთელად მილანში ჩამოყალიბდა
  • ლეგენდარული იტალიელის საუკეთესო მომენტები მილანში
TOP 5 | ანდრეა პირლო იუვენტუსში

2001 წლის ივნისს ანდრეა პირლო მილანმა ინტერისგან 33 მილიარდ ლირად იყიდა (დღევანდელ 17 მილიონ ევროს უდრის) და სწორედ ამის შემდეგ გახდა მაესტრო იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიქერი.

მილანთან ერთად პირლომ ორი სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორი უეფას სუპერთასი, იტალიის თასი და სუპერთასი, აგრეთვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ჩვენ ანდრეას მილანური მომენტების ტოპხუთეული შევარჩიეთ: 

1. სუპერგოლი პარმას კარში

📅 2010 წლის 2 ოქტომბერი | ⚽ პარმა v მილანი 📺

მილანს ამ დროს უკვე აღარ წვრთნიდა კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი კი პირლოს დიდად არ წყალობდა. ანდრეამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი პარმას კარში გაიტანა, თამაში კი მილანმა 1:0 მოიგო. სხვათა შორის, იმ სეზონში პირლოს სერია A-ში მეტი გოლი არ გაუტანია. მოკლედ, ეს მისი ბოლო გოლი იყო იტალიის ჩემპიონატში მილანის მაისურით.

2. შორეული დარტყმა სამპდორიას კარში

📅 2004 წლის 7 მარტი | ⚽ მილანი v სამპდორია 📺

"მან მთლიანად შეცვალა ჩემი კარიერა, როცა მცველების წინ დამაყენა" - იხსენებს პირლო, კარლო ანჩელოტის ბწყინვალე გადაწყვეტილებას, როცა მან ანდრეა უკან დახია და სიღრმიდან ათამაშა, როგორც პლეიმეიქერი. სხვათა შორის, ეს კარლო მაცონეს იდეა იყო, თუმცა მილანის თავკაცმა რეალობაში განახორციელა. ამის შემდეგ პირლოს ხშირად გაჰქონდა შორეული დარტყმებით შესანიშნავი გოლები, ისეთი, როგორც მან 2004 წელს სამპდორიას კარში შეაგდო. ის შეხვედრა კი მილანმა 3:1 მოიგო.

3. დრიბლინგით კალიარის კარში

📅 2004 წლის 17 აპრილი | ⚽ კალიარი v მილანი 📺

პირლოს უძლიერესი მხარე ბრწყინვალე საჯარიმოები და შორეული დარტყმები იყო, თუმცა მას ასეთი შესანიშნავი გოლებიც გაუტანია, როგორც კალიარის კარში - ანდრეას პლეიმეიქერული ნიჭი ამ გოლში შესანიშნავად გამოჩნდა, ეს თამაში კი მილანმა 1:0 მოიგო. 

4. შორეული გასროლა კიევოს კარში

📅 2004 წლის 28 მარტი | ⚽ მილანი v კიევო 📺

კიდევ ერთი სუპერგოლი პირლოს შესრულებით თამაშიდან. ანდრეამ შორეული დარტყმით კიევოს გაუტანა, თამაში მილანმა ვერ მოიგო - 2:2. 

5. მადონინა, გოლი ყოფილი გუნდის კარში

📅 2007 წლის 23 დეკემბერი | ⚽ ინტერი v მილანი 📺

პირლო ინტერში ვერაფრით აეწყო, ანდრეა გუნდში რომ ვერ ხვდებოდა, სხვა კლუბებში ანათხოვრებდნენ ხოლმე. ასე რომ, ყოფილი გუნდის კარში ნებისმიერ გოლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უფრო ასე შესანიშნავ საჯარიმოს. თუმცა ის "მადონინა" მილანმა მაინც დათმო - 1:2. 

კომენტარები

ბოლო ამბები