Thumbnail

აპოკალიფსი რომის მეტროში - ასწრაფებულმა ექსკალატორმა რუსი ფანატები მოიყოლა

  • ჩემპიონთა ლიგაში რომასა და ცსკა-ს მატჩს წინ რომის მეტროში ინციდენტი უძღოდა
  • ექსკალატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ცსკა-ს 20-ზე მეტი ქომაგი დაშავდა
  • იტალიური მედია მომხდარს ნასვამი რუსი ფანატების ქმედებას მიაწერს

რომში, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის წინ, რომელშიც რომამ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა, რუსი გულშემატკივრები დაშავდნენ.

იტალიის დედაქალაქის მეტროს ერთ-ერთი ცენტრალურ სადგურში (Piazza della Republica) მწყობრიდან ექსკალატორი გამოვიდა, რომლითაც ძირითადად მოსკოვური გუნდის გულშემატკივრები მგზავრობდნენ. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთმა კი შედარებით მძიმე დაზიანება მიიღო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაშავებულს ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა, თუმცა მოგვიანებით გამოცხადდა, რომ მედიკოსებმა პაციენტს კიდური გადაურჩინეს.

ინციდენტის ვიდეო იტალიის სახელმწიფო ტელეარხმა (RAI) აჩვენა. კადრებში ჩანს, რომ მეტროს სადგურში გულშემატკივრები იმყოფებიან, რომლებიც რომის ოლიმპიური სტადიონისკენ, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მიემართებიან. მოულოდნელად ექსკალატორი აჩქარებას იწყებს და მგზავრები ერთმანეთს ეჯახებიან.

მაშველებს (მეხანძრეებს) დაახლოებით საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ ექსკალატორის ლითონის ფილებში მოყოლილი ადამიანები შემთხვევის ადგილიდან გამოეყვანათ. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

"სულ ახლახან აპოკალიპსის სცენის მოწმე გავხდი, - ყვება თვითმხილველი. - ექსკალატორმა მოულდონელად აჩქარება დაიწყო, თითქოს გაგიჟდა.. რა ხდება ამ ქალაქში?".  

თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, ამის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ექსკალატორი მას შემდეგ მოიშალა და აჩქარდა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ფანატებმა სკანდირება და კიბეებზე სინქრონულად ხტომა დაიწყეს. იატაკზე აღმოჩენილია ლუდის ქილები.

მომხდარში რუსი ფანატები დაადანაშაულა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ.

"დამნაშავე რუსული გუნდის ათამდე მთვრალი ფსევდოგულშემატკივარია, რომლებმაც ქაოსი მოაწყვეს. ექსკალატორი იმისთვის არაა შექმნილი, რომ ზედ იხტუნონ", - თქვა სალვინიმ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

რუსული საინფორმაციო საშუალებები თვითმხილველთა კომენტარებს აქვეყნებენ, სადაც უარყოფილია ექსკალატორის საფეხურებზე ხტომის ფაქტი, ასევე ინფორმაცია, თითქოს იმ მომენტში ფანატები ნასვამ მდგომაროებაში იყვნენ.

"ფაქტია, ექსკალატორი გამოვიდა წყობიდან, - თქვა რომის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯამპეტრო ბოშანომ, - თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორ მოხდა ეს. უცნაური შემთხვევაა".

რომის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევას სწავლობს კომპანიაც, რომელიც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზეა პასუხისმგებელი. ამჟამად მეტროს სადგური დაკეტილია.

23 ოქტომბერს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მესამე ტურის მატჩში რომამ მოსკოვის ცსკა-ს ანგარიშით 3:0 სძლია. ჯგუფს 6-6 ქულით რეალი და რომა ლიდერობენ. 4 ქულით მესამეა ცსკა, ხოლო ბოლო ადგილზე 1 ქულით პლზენია.

კომენტარები

ბოლო ამბები