Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგა. H ჯგუფი. III ტური
  • მანჩესტერი 0:1 იუვენტუსი
  • ჟოზე მოურინიომ არცერთი ცვლილება არ განახორციელა

"ოლდ ტრაფორდზე" კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ფორმით წარსდგა და დაუპირისპირდა კლუბს, რომლის ღირსებასაც 2003-09 წლებში, მადრიდის რეალში გადაბარგებამდე იცავდა. თამაშის წინ, მოედანზე სავარჯიშოდ გასულ პორტუგალიელს მანჩესტერელი ქომაგი თბილად შეხვდა და კრიშტიანოც გულთბილად მიესალმა მათ, მაგრამ შეხვედრა დაიწყო და კრიშტიანოს ტრიბუნებიდან მაინც უსტვინეს.

კრიშტიანო რონალდოს მანჩესტერში ქომაგები აქამდე ჰყავს

ეს პირველ ტაიმში მოხდა, საჯარიმოს შესრულებისას. რონალდომ დე ხეას სტანდარტი დაახლოებით იმ პოზიციიდან დაურტყა, გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკური გოლი რომ გაუტანა, ოღონდ ამჯერად ესპანელმა გოლკიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა…

ერთ-ერთმა ფანატმა მინდორზე შეღწევა და რონალდოს ახლოდან მონახულებაც მოახერხა 

ამ დროს იუვენტუსი ანგარიშში უკვე წინ იყო. საერთოდაც, "ოლდ ტრაფორდზე" ტურინელთა სათამაშო უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, უკვე მე-17 წუთზე კი კრიშტიანოს აქტიურობას გოლიც მოყვა.

პორტუგალიელმა მარჯვენა ფლანგიდან მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა. კრის სმოლინგმა ხუან კუადრადოსთვის ხელის შეშლა ვარდნაში სცადა, შედეგად კი ბურთი იქვე დადარაჯებულ პაულო დიბალას მიუვიდა. არგენტინელმა ზუსტად დაარტყა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეოთხე გოლი მიითვალა... ორ მატჩში!

პაულომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა - იმდენი, რამდენიც წინა 24 შეხვედრაში 

კრიშტიანო რონალდოს მსგავსად, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში უწევდა პოლ პოგბასაც. თუმცა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს დასამახსოვრებელი პირველ ტაიმში არაფერი შეუქმნია. 

თუ პირველი 45 წუთი იუვენტუსი დომინირებდა, შესვენების შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ნელ-ნელა მოახერხა თამაშის საპირისპირო ნახევარზე გადატანა. რეალი მომენტი კი თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე იმავე პოგბა ჰქონდა. ფრანგმა ძლიერად გასროლა, ვოიცეხ შჩესნის კარი კი ძელმა იხსნა.

პოლ პოგბას თავის ყოფილ გუნდთან ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლო წუთები ჟოზე მოურინიოს გუნდის შეტევებში გაილია, მასპინძლებმა ქულის გადარჩენა ვერაფრით მოახერხეს. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები უშვებედნენ შეცდომებს, მაგრამ ისეთს არა, რომ ამით მეტოქეს ესარგებლა. საინტერესოა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის გუნდში არცერთი ცვლილება არ განახორციელა და მატჩი იმ 11-ეულით დაასრულა, რითაც დაიწყო. 

მანჩესტერ იუნაიტედმა ცვლილების გარეშე ბოლოს 2012 წლის თებერვალში ითამაშა, ოღონდ მაშინ ლივერპულთან მოუგო - 2:1 

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და III ტურის შემდეგ H ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. ამ ჯგუფში მანამდე იანგ ბოიზისა და ვალენსიას დაპირისპირება გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. შედეგად, მანჩესტერ იუნაიტედი 4 ქულით მეორე ადგილზე რჩება, მესამეზე ვალენსიაა - 2 ქულით, ხოლო მეოთხეზე იანგ ბოიზი - 1 ქულით.

11  ოგება და 1 ფრე - ასეთია იუვენტუსის შედეგი ამ სეზონში...

მომდევნო ტურში, 7 ნოემბერს, იუვენტუსი ტურინში მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს, ხოლო ვალენსია - იანგ ბოიზს დაუხვდება.  

მანჩესტერი 0:1 იუვენტუსი

გოლი: 0:1 დიბალა (17’)

კომენტარები

ბოლო ამბები