Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგა. E ჯგუფი. III ტური
  • აეკ-ი 0:2 ბაიერნი
  • აიაქსი 1:0 ბენფიკა

ნიკო კოვაჩის გუნდი ათენში E ჯგუფის ლიდერის (აიაქსთან ერთად) რანგში, გამოკეთებული ხასიათით ჩავიდა. მიუნხენელებმა ოთხმატჩიანი დანავსული სერია (2 ფრე, 2 მარცხი) გასულ უქმეებზე, ბუნდესლიგაში ვოლფსბურგთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით შეწყვიტეს და ბერძნებს თავდაჯერებულები ესტუმრნენ.

ათენის სტადიონი თამაშის დაწყებამდე საინტერესო რაკურსით

მაგრამ ათენის არენაზე თამაშის დაწყებიდან საათი ისე მიილია, სტუმრებს ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ. ბაიერნს პოზიციური უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ კოვაჩის გუნდი საგოლე მომენტებს პრაქტიკულად ვერ იქმნიდა. 

ანგარიში ათენის სტადიონზე ზუსტად ერთი საათის გასვლის შემდეგ გაიხსნა. სერჟ გნაბრიმ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი მატს ჰუმელსს გაატანა, ამ უკანასკნელმა კი არიენ რობენს დაუგორა. ჰოლანდიელის დარტყმული ბერძენმა მცველებმა დაბლოკეს, ბურთი კი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ხავი მარტინესს მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

სერჟ გნაბრიმ თავისი წვლილი სტუმართა ორივე გოლში შეიტანა 

აქედან ორ წუთში მეორე საგოლე შეტევაც გნაბრიმ განავითარა და ისევ მარცხენა ფრთაზე. მისი პასის შემდეგ, რაფინიამ უმალ მეტოქის კარის შორეულ ძელთან დადარაჯებული რობერტ ლევანდოვსკი მოძებნა და პოლონელმა ბომბარდირმაც ერთი შეხებით მარტივად შეაგდო. 

ბურთს ამის შემდეგაც დიდწილად მიუნხენის ბაიერნი აკონტროლებდა. აეკ-ს უბრალოდ არაფერი აღმოაჩნდა არსენალში, მანუელ ნოიერის კართან თუნდაც ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტის შესაქმნელად.

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის 3 მატჩში მეორე გოლი მიითვალა

E ჯგუფს კვლავაც ბაიარნი და აიაქსი ლიდერობენ - 7-7 ქულით. აიაქსმა ამსტერდამში ბენფიკას კომპენსირებულ მეორე წუთზე, ნუსაირ მაზრაუის გოლით სძლია (1:0). ლისაბონის კლუბს 3 ქულა აქვს და მესამე, ბოლო ადგილზე კი ათენის აეკ-ი რჩება, რომელიც მესამე ტურის შემდეგაც უქულოდაა. 

მომდევნო ტურში, 7 ნოემბერს, ბაიერნი აეკ-ს მიუნხენში უმასპინძლებს, ბენფიკა კი აიაქსს მიიღებს.

აეკ-ი 0:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 მარტინესი (61’). 0:2 ლევანდოვსკი (63’)

აეკ-ი (4-2-3-1):  ბარკასი - ბაკაკისი, ლამბროპულოსი, ჩიგრინსკი, ჰულტი - გალანოპულოსი (84' გალო), სიმოეში - ბაკასეტასი, კლონარიდისი (64' ბოე), მანტალოსი (76' ალეფი) - პონსე. 

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, რაფინია - როდრიგესი (62' გორეტცკა), მარტინესი, ალკანტარა - რობენი, ლევანდოვსკი (84' ვაგნერი), გნაბრი (75' მიულერი).

კომენტარები

ბოლო ამბები