Thumbnail
  • პირლო FIFA-ს სიმულაციაში პირველად 1998 წელს გამოჩნდა
  • ყველაზე მაღალი რეიტინგი მან FIFA 16-ში და FIFA 18-ში დაიმსახურა
  • FIFA 19 ბოლო ოც წელში პირველია, რომელშიც ანდრეას პირლოს ვერ ვიხილავთ

ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს, რომ ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოდან თბილისში, ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებში, გაჩნდა დაწესებულებები რომლებშიც ახლად გამოჩენილი Sony-ს კონსოლების საათობრივად ქირაობა შეიძლებოდა. EA-ს ფეხბურთის სიმულაცია Playstation-ის სათამაშოდ შეკრებილი ახალგაზრდების ყველაზე საყვარელი გასართობი იყო. მას კონკურენციას KONAMI-ს Pro Evolution Soccer უწევდა, რომელმაც გენიალური კორეელი კომენტატორებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ამჯერად FIFA-ზე ვისაუბრებთ.

FIFA 98-2009

FIFA 97 არ გვაინტერესებს, რადგან ანდრეა პირლო თამაშში 1997 წლიდან, FIFA 98-ში გამოჩნდა. მაშინ მომავალი ლეგენდა მხოლოდ 19 წლის იყო და ბრეშაში და იტალიის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. ამ პერიოდში თამაში გრაფიკული მონაცემებით არ გამოირჩეოდა, პირლოც ამომავალი ვარსკლავი იყო და საფეხბურთო სიმულაციაში  თავის თავს დიდად არ ჰგავდა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ FIFA 98-ში თავის თავს არც ერთი ფეხბურთელი არ ჰგავდა და ეს ტრენდი წლების მანძილზე გაგრძელდა.

FIFA 10-ამდე ძალიან რთულია ინფორმაციის მოძიება, თუ რა მონაცემები ჰქონდა თამაშში პირლოს, თუმცა ვისაც ეს სიმულაცია უთამაშია, ემახსოვრება, რომ იტალიელი ნახევარმცველი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იმაში, რომ ამ წლებში ინტერი ან/და მილანი მოთამაშეების ფავორიტი გუნდები იყო, ანდრეას საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის.

ეტაპობრივად FIFA-ში პირლოსთვის დამახასიათებელი გოლის აღნიშვნა და სხვა დეტალები გამოჩნდა, რომლებიც სიმულაციას რეალობას სძენდა.

FIFA 10

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშო რეჟიმი FIFA Ultimate Team (FUT) FIFA 09-ს განახლებაში გამოჩნდა, თუმცა საბოლოო სახე FIFA 10-ში მიიღო. რეჟიმის არჩევისას მოთამაშეს საშუალება აქვს გუნდი იმ ფეხბურთელებით ააწყოს, რომლებიც თავად სურს და კონკრეტული ფეხბურთელების მონაცემებმა და რეიტინგმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

FIFA 10-ში პირლოს რეიტინგი 81 იყო. თამაშის ამ ვერსიაში პირლოს მაღალი მონაცემი მხოლოდ პასის კომპონენტში ჰქონდა (92). არაუშავდა დრიბლინგსაც (84), მაგრამ EA-მ იტალიელი დანარჩენ კომპონენტებში საშუალო რეიტინგით 'დააჯილდოვა' და პირლოც საუკეთესო ასეულს მიღმა დარჩა.

FIFA 12

თამაშის მომდევნო ვერსიაში (FIFA 11) პირლოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით მოემატა - 82. მისი უმთავრესი კოზირი კვლავ გადაცემების განაწილება იყო (90), კვლავ გამოირჩეოდა დრიბლინგით (82) და საჯარიმო დარტყმების შესრულების უნარით. Electronic Arts-მა ნახევარმცველი FIFA 12-ში დააფასა. პირლოს იშვიათ - Rare Golden 'ბარათს' რეიტინგი 90 ჰქონდა და საუკეთესო ასეულში 92-ე ადგილით შევიდა. მნიშვნელოვანი მატება იყო მის პარამეტრებშიც: პასი - 95, დრიბლინგი 89, კარში დარტყმა 84, დაცვა 77 და საჯარიმოს შესრულება - 95. 

FIFA 16

მომდევნო წლებში პირლოს რეიტინგმა იკლო (FIFA 13 - 88, FIFA 14 - 87, FIFA 15 - 85), მაგრამ ძირთადად, კვლავ საუკეთესო ასეულთან ახლოს იმყოფებოდა. 

ფეხბურთელმა EA-ს მხრიდან მორიგი აღიარება FIFA 16-ში მიიღო. მის საუკეთესო Card-ს რეიტინგი 91 ჰქონდა. პასის გაკეთება და საგოლე შანსების შექმნა პირლოს ამ ვერსიამდეც შესანიშნავად გამოსდიოდა, მაგრამ თამაშის FIFA 16-ში აღნიშნულ კომპონენტებში მას ერთერთი უმაღლესი ქულა - 98 ჰქონდა. სამაგიეროდ იკლო მისმა სისწრაფემ (60) და კარში დარტყმამ (72). რა თქმა უნდა, მისი საჯარიმოს შესრულების რეიტინგი ტრადიციულად მაღალი იყო (98).

ასეთი მაღალი რეიტინგი და მონაცემები პირლოს სიმულაციის ისტორიაში ერთადერთხელ - FIFA 18-ში ჰქონდა.

FIFA 18

თამამად შეიძლება ითქვას, რომ EA-მ FIFA 17-ში პირლო დაჩაგრა. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი არაა, თუკი მის Card-ებზე მოთამაშეების მიერ დაწერილ კომენტარებს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ იტალიელი უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებდა, ვიდრე მიიღო - 83. იუვენტუსიდან ნიუ იორკ სითიში გადასულ ფეხბურთელს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დააკლდა მონაცემი. Electronic Arts-მა მისთვის პასის რეიტინგის დაგდება ვერ გაბედა (92), სამაგიეროდ ძალიან დააკლო სისწრაფე (40) და დაცვა (50).

კომპანიამ მოთამაშეების აზრი თამაშის მომდევნო ვერსიაში გაითვალისწინა, თუმცა ნაწილობრივ. პირლოს 'ბარათი' Squad Building Challenge-ში გამოჩნდა და მსურველებს მისი მოპოვება გარკვეული დროის მანძილზე შეეძლოთ. იტალიელი ნახევარმცველის რეიტინგი კვლავ 91 გახდა. როგორც იქნა, პირლომ პასის გაკეთებაში ის რეიტინგი მიიღო, რომელსაც მისი გულშემატკივრები და თამაშის მოყვარულები წლების მანძილზე ითხოვდნენ - 99. დრიბლინგშიც აქამდე უმაღლესი - 87 ქულა დაიმსახურა. 

როგორც ჩანს, EA-მ გადაწყვიტა პირლოს სათანადოდ დამშვიდობებოდა და ზუსტად ისეთი 'ბარათით' შეაფასა, როგორიც ლეგენდარულ ფეხბურთელს ეკუთვნოდა.

FIFA 19

1997 წლის შემდეგ, პირველად გამოვიდა FIFA, რომელშიც პირლო აღარ იყო. მიზეზი მარტივი და ლოგიკურია - ნახევარმცველმა სათამაშო კარიერა 2017 წელს დაასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ EA-ს სიმულაციის და იტალიური ფეხბურთის მოყვარულები იმას ელოდებიან, თუ FIFA-ს რომელ ვერსიაში გამოჩნდება პირლოს ახალი, ლეგენდარული ფეხბურთელის ბარათი. 

კომენტარები

ბოლო ამბები