Thumbnail

41 წლის გაბორ კირალი ისევ დაფრინავს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უბერებელი გაბორ კირალი უნგრეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.
  • მისი 13 წლის შვილიც ნაცრისფერი შარვლით თამაშობს.

გაბორ კირალი არ ბერდება! ლეგენდარული უნგრელი მეკარე, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნაცრისფერი შარვლით გაიცნო, ახლა მშობლიურ კლუბში, ჰალადასში თამაშობს. კირალი 2018 წლის 1 აპრილს 42 წლის ხდება, მაგრამ უნგრეთის ნაკრების რეკორდსმენი (108 მატჩი ეროვნულ გუნდში) კარიერის დასრულებას არ აპირებს!

სწორედ აპრილში გააფორმა მან ახალი კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულამდე აქვს. იმ დროს კირალი უკვე 43 წლის იქნება! რაც ყველაზე საინტერესოა, კირალი ჯერ კიდევ ტოპ-ფორმაშია. უნგრეთის ჩემპიონატის პირველ წრეში მან ძირითად შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა.

“უნგრეთის უმაღლეს ლიგაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ვარ. სხვათა შორის, ჩვენს გუნდში თამაშობს ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელიც, ტამაშ კისი, რომელიც 17 წლისაა. ის ჩემს ქალიშვილ ვიქტორიაზე მხოლოდ 3 თვით უფროსია,” - აცხადებს კირალი.

ვარჯიშებზე სიარულიც ძველებურად მსიამოვნებს!

კითხვაზე, თუ რატომ არ ამთავრებს კარიერას, უბერებელი უნგრელი მეკარე ასე პასუხობს: “მოტივაცია არ მაკლია. ვარჯიშებზეც კი დიდი სიამოვნებით მივდივარ. ამ გუნდში თამაში ძალიან მსიამოვნებს. სწორედ აქ გავიზარდე და აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. მერე 18 წლის განმავლობაში სხვაგან ვთამაშობდი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ კარიერის ბოლოს მაინც აქ დავბრუნდებოდი და ახალ სტადიონზე ვითამაშებდი.”

გაბორ კირალის შვილი, მატიაშ კირალი

ჰალადასის ახალი არენა ახლახან გაიხსნა და კირალის გუნდმა ამ სტადიონზე უკვე ფერენცვაროშის დამარცხება შეძლო: “ფერენცვაროშის მერე, ახალ სტადიონზე ლიდერ ვიდეოტონსაც მოვუგეთ. ეს იგივეა, გერმანიაში სუსტმა გუნდმა ბაიერნი და დორტმუნდი რომ დაამარცხოს. შესაბამისად, შობას შესანიშნავ ხასიათზე შევხვდით,” - ამბობს კირალი, რომლის გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

40 წლის რომ გახდა, გაბორ კირალიმ მაღაზია K1RALY SHOP გახსნა, სადაც სწორედ ისეთ შარვლებს ყიდის, თვითონ რომ აცვია ხოლმე: “ეს შარვლები ჩემი სავიზიტო ბარათებია. სხვათა შორის, ჩემი შვილი, მატიაშიც მეკარეა და ისიც ასეთი შავრლით თამაშობს. ახლა 13 წლისაა და ჰალადასის 14-წლამდელთა გუნდში ირიცხება.”

ასე რომ, თუ გაბორ კირალი 2019 წელს მაინც დაამთავრებს კარიერას, უნგრულ ფეხბურთში ნაცრისფერი გრძელი შარვლის ისტორია არ დამთავრდება...

აქვე, ერთი სახალისო ვიდეო უნდა გაგახსენოთ - კანადურმა სპორტულმა ტელეარხმა TSN უნგრეთის ნაკრების რეკორდსმენ მეკარეს პატივი საკმაოდ ორიგინალური ფორმით მიაგო. გაბორ კირალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ტელეწამყვანებმა "შარვლიანი კაცის" ჩაცმის სტილი სტუდიაში გაიმეორეს.

კომენტარები

ბოლო ამბები