Thumbnail

ჯადოქარი იოზილი - მესუთი კლინსმანზე, რონალდოსა და მესიზე წინ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იოზილს ინგლისში უკვე იურგენ კლინსმანზე მეტი გოლი აქვს
  • საგოლე მომენტების შექმნით მესუთი მესის და რონალდოსაც უსწრებს
  • ინგლისური მედია ლესტერთან გამარჯვების შემდეგ, არსენალის გამთამაშებელს აქებს

ლესტერთან გამარჯვების (3:1) შემდეგ, ინგლისურმა მედიამ არსენალის გამთამაშებელი მესუთ იოზილი ქებით ცაში აიყვანა - გერმანიის ნაკრებიდან სკანდალურად წარმოსული ნახევარმცველი ერიკ კანტონასაც კი შეადარეს. ლონდონური კლუბის ფანები კი მის სახელს სკანდირებდნენ - იოზილმა ლესტერთან მართლაც შესანიშნავად ითამაშა და 30-ე გოლით ინგლისის ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირი გახდა. მესუთმა ლეგენდარულ იურგენ კლინსმანს გადაასწრო.

მესუთ იოზილმა პრემიერლიგაში 30-ე გოლი გაიტანა

“დღეს მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, მესუთი კი განსაკუთრებით მაგარი იყო!” - განაცხადა მატჩის შემდეგ არსენალის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, რომლის ხელშიც “მეთოფეებმა” ბოლოს და ბოლოს დაიწყეს ისეთი ფეხბურთის თამაში, როგორზეც არსენალის ქომაგები დიდი ხანი ოცნებობდნენ.

გაგახსენებთ, რომ ლონდონელებმა სეზონი ორი მარცხით დაიწყეს, ახლა კი ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილში მე-4 ადგილამდე აღზევდნენ და ლიდერებს, მანჩესტერ სიტისა და ლივერპულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

საკუთარი და გუნდის თამაშით თვითონ იოზილიც კმაყოფილი იყო: “ვფიქრობ, სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ!” - დაწერა მესუთმა ტვიტერზე.

“დეილი მეილი” წერს, რომ მესუთი ისეთივე კაპიტანია, როგორიც თავის დროზე ერიკ კანტონა იყო. 90-იან წლებში მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ლიდერიც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა.

გერმანიაში კი იოზილს დიდი ხანია, აღარ აქებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული სკანდალური ფოტოს გამო მან გერმანიის ნაკრები კონფლიქტით დატოვა და მას მერე აკრიტიკებენ. მაგალითად, ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, წლების მანძილზე განავალ ფეხბურთს თამაშობდა, ბოლო ორთაბრძოლა კი 2014 წლის მუნდიალის წინ მოიგოო. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ბუნდესგუნდის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა არაერთხელ სცადა იოზილტან დაკავშირება და გასაუბრება, მაგრამ მესუთი მის ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

ორშაბათის შემდეგ მესუთი ინგლისში, გერმანელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან იურგენ კლინსმანს და უვე რიოსლერს (29-29 გოლი) გაასწრო.

იურგენ კლინსმანი ტოტენჰემში 1994-95 წლებში თამაშობდა

კიდევ ერთი სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2006 წლის შემდეგ არცერთ სხვა ფეხბურთელს არ შეუქმნია ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში იმდენი საგოლე მომენტი, რამდენიც იოზილმა შექმნა. დათვლილია არა მხოლოდ საგოლე გადაცემები, არამედ ისეთი პასები, რომელთა შემდეგ მეტოქის კართან კარგი მომენტი შეიქმნა. ამ მხრივ იოზილი (1033) მნიშვნელოვნად უსწრებს ლიონელ მესის (861) და კრიშტიანო რონალდოს (695).

 

კომენტარები

ბოლო ამბები