Thumbnail
  • უსაინ ბოლტის, როგორც ფეხბურთელის პერსპექტივა ბუნდოვანია
  • ავსტრალიურ კლუბს მან ძალიან მაღალი ხელფასი მოსთხოვა
  • მარინერსმა იამაიკელი ვარჯიშიდან მოხსნა

სპრინტის ლეგენდა უსაინ ბოლტს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაუწყია და უკვე იმდენად მაღალი ხელფასი მოითხოვა, რომ ავსტრალიური კლუბი სენტრალ ქოუსთ მარინერსში იძულებულები გახდნენ, ვარჯიშებიდან მოეხსნათ.

მარინერსის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იამაიკელი ზედმეტად მაღალ ხელფასს ითხოვს, რის გამოც მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის გამორიცხულია. ერთადერთი შანსი ის არის, რომ ავსტრალიელებმა კიდევ რამდენიმე სპონსორი იპოვნონ, რაც ასევე არარეალურია.

► როგორც ირკვევა, რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ავსტრალიელებმა წელიწადში 80 000 ევრო შესთავაზეს, მაგრამ ბოლტი 20-ჯერ მეტს ითხოვს.

უსაინ ბოლტმა (მარცხნივ) ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა

“ბოლტმა ჩვენთან პროგრესი განიცადა და გვჯერა, რომ პროგრესს არ შეწყვეტს, მაგრამ მისთვის ძალიან მაღალი ხელფასის გადახდა არ შეგვიძლია,” - ნათქვამია მარინერსის განცხადებაში.

32 წლის ბოლტმა ბოლოს ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც გავრცელდა ცნობები, რომ მისი გადაბირებით იტალიური მილანი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ინფორმაცია არსად დადასტურებულა. სამაგიეროდ, მალტის ჩემპიონმა ვალეტამ ბოლტს ოფიციალურად შესთავაზა 2-წლიანი კონტრაქტი, მაგრამ იამაიკელმა მალტელთა წინადადებაზე უარი თქვა.

ამასობაში, ექსპერტები უსაინ ბოლტს და მის ამბიციებს უკვე აკრიტიკებენ. “თუ ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებს, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მას, როგორც ფეხბურთელს, სერიოზულად ვერასდროს შევხედავ. ვნახე მისი თამაში და ყველაფრის მიუხედავად, 100 წელიწადიც კი არ ეყოფა, რომ ფეხბურთელი ერქვას,” - ეს გერმანიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, მარკუს ბაბელის სიტყვებია, რომელიც ახლა ავსტრალიური ვესტერნ სიდნეი უონდერერსის დამრიგებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები