Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოსთვის დღეს განსაკუთრებული მატჩია
  • CR7 საფეხბურთო მსოფლიომ სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” გაიცნო
  • პორტუგალიელს კარგად ახსოვს ის დღე, როცა იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ვალენსიასთან სამართლიანად გააძევეს, თუ უსამართლოდ, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს - კრიშტიანო რონალდომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოედანზე მოისმენს. იუვენტუსის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდება და იმ გუნდის კარში შეეცდება გატანას, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

მას მერე ბევრი დრო გავიდა. პრემიერლიგაში პორტუგალიელმა (2003-დან 2009 წლამდე) 84 გოლი გაიტანა, ლა ლიგაში, რეალის მაისურით 311 (2009-2018), იტალიის სერია A-ში კი უკვე 5 გოლი აქვს და პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში 400 გოლის გატანა შეძლო.

► მანჩესტერ იუნაიტედის ფორმით რონალდო სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2007, 2008, 2009), მოიგო ასოციაციის თასი (2004) და ჩემპიონთა ლიგა (2008).

კრიშტიანო “ოლდ ტრაფორდზე” შეეცდება, ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავისი კლასი და შესაძლებლობები დაუმტკიცოს - 33 წლის პორტუგალიელი ვალენსიასთან გაძევების შემდეგ, რის გამოც იანგ ბოისთან მატჩი გამოტოვა, განსაკუთრებით მოტივირებული იქნება.

ტურინეელები ოლდ ტრაფორდზე

ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა 2003-დან 2009 წლამდე იუნაიტედის ფორმით ჯამში 292 თამაში ჩაატარა და 118 გოლის გატანა შეძლო. კრიშტიანო სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” გახდა მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი. ეს თვითონაც კარგად იცის: “ჩემს კარიერაში სერ ალექს ფერგიუსონმა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ის ჩემთვის მამასავითაა - ყველაფრის გამო ვემადლიერები,” - თქვა რონალდომ პრესკონფერენციაზე.

კრიშტიანომ მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” ერთხელ უკვე ითამაშა - ეს 2013 წელს მოხდა. “მაშინდელ გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. იუნაიტედის ფანებმა იმდენი მოახერხეს, რომ შემრცხვა. ფანებმა პლაკატები გამოფინეს, რომლებზეც ეწერა, “კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, რონი”, “ვივა რონალდო” და ა.შ. მაშინ მანჩესტერში წავაგეთ, ახლა კი მოგება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა მსურს,” - აღნიშნა კრიშტიანომ.

საინტერესო იქნება რონალდოს და მოურინიოს შეხვედრაც. “კრიშტიანო ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, მანჩესტერში ჩამოსვლა უხარია. როცა აქ რეალთან ერთად ჩამოვიდა, ძალიან ისიამოვნა. იუვენტუსმა რონალდო იმიტომ იყიდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. იტალიის ჩემპიონატს ტურინელები მის გარეშეც ადვილად იგებდნენ,” - ეს ჟოზეს სიტყვებია.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდოს გაუპატიურების ცნობილ სკანდალზე ჰკითხეს, რაზეც CR7-მა ასე უპასუხა: “ვიცი, რომ ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. მე ყველაფერი მაქვს: ბრწყინვალე გუნდში ვთამაშობ, შესანიშნავი ოჯახი მყავს - ბედნიერი კაცი ვარ.”

კომენტარები

ბოლო ამბები