Thumbnail

'ეს არის რონალდოს ერთადერთი შეცდომა' - ანჩელოტი კრიშტიანოს ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის თავკაცმა იუვენტუსში რონალდოს ტრანსფერზე აზრი გამოთქვა
  • სპეციალისტის აზრით, პორტუგალიელი სერია A-ს იმიჯს გამოაკეთებს
  • კარლო ანჩელოტი რონალდოსაც კარგად იცნობს და იუვენტუსსაც

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის იუვენტუსში კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე ილაპარაკა. მწვრთნელის აზრით, პორტუგალიელი ვარსკვლავის სერია A-ში გადაბარგება იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა ანჩელოტის არ მოსწონს ის, რომ კრიშტიანომ არჩევანი იუვენტუსზე შეაჩერა - მისი ამჟამინდელი გუნდის უმთავრეს კონკურენტზე.

კარლო ანჩელოტი კრიშტიანოს რონალდოსაც კარგად იცნობს და ტურინის იუვენტუსსაც - 59 წლის იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელთან მადრიდის რეალში 2013/15 წლებში მუშაობდა, "ბებერ ქალბატონს" კი 1999-2001 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდს კარიერის ყველაზე ცუდ მონაკვეთად მოიხსენიებს.

"სერია A-ს იმიჯისთვის კრიშტიანოს მოსვლა დიდი ამბავია. იტალიური ჩემპიონატი დიდი ხნის განმავლობაში იყო სუპერვარსკვლავების ლიგა, სადაც თამაშობდნენ: მარადონა, პლატინი, ზიკო, ზიდანი, რონალდო, შევჩენკო, კაკა, იბრაჰიმოვიჩი. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ასე აღარ იყო და ახლა რონალდო ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის. ის არაჩვეულებრივი პროფესიონალია. მისი ერთადერთი შეცდომა იუვენტუსში გადასვლაა", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს Football Italia.

ანჩელოტი რონალდოსთან ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდა

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში გასულ ზაფულს, 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

იტალიის ჩემპიონატში ნაპოლი იუვენტუსის მთავარი კონკურენტია. ტურინული გრანდი 25 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ნეაპოლელები კი 21 ქულით მეორეზე არიან. 

იუვენტუსი სერია A-ს მოქმედი ჩემპიონია. 2017/18 წლების სეზონში ტურინულმა გუნდმა პირველი ადგილი 95 ქულით დაიკავა, ნაპოლი კი 91 ქულით ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დღეს კრიშტიანო რონალდო და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდებიან. 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები