Thumbnail
  • 50 წლის ქართველმა სპეციალისტმა ყაზახურ მედიას ინტერვიუ მისცა
  • ცხადაძემ ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების უპირატესობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელიც ამჟამად ყაზახურ ორდაბასის წვრთნის, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, უეფას ერთა ლიგაში საქართველო-ყაზახეთის მეტოქეობაზეც გამოთქვა აზრი. 

50 წლის ქართველი სპეციალისტი ახლახან თავისი ყოფილი გუნდის - ალმათის ქაირათის მატჩს დაესწრო, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლთან (0:0). Prosports.kz-ს კორესპონდენტი ამ ფაქტმა გააკვირვა. ცხადაძე კი გულახდილად ამბობს, რომ ქაირათს აქამდე გულშემატკივრობს.

ქართველი სპეციალისტი ალმათის გუნდს 2016/17 წლებში წვრთნიდა

"თავისუფალი დრო მქონდა და ალმათიში სიამოვნებით ჩამოვედი, რათა ჩემი ყოფილი გუნდის თამაში მენახა და მექომაგა მისთვის. თუ არ ჩავთვლით იმ მატჩებს, როდესაც ქაირითი ორდაბასის ეთამაშება, ალმათელებს ყოველთვის ვქომაგობ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ისეთ დიდ კლუბში მუშაობა, როგორიც ქაირათია და აქ გატარებულ დროს ყოველთვის თბილად ვიხსენებ. კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ კლუბის პრეზიდენტთანაც. მშურს კიდეც ყაზახეთის, ქაირათ ბორანბაევის (ყაზახი ბიზნესმენი, ალმათის ქაირათის მფლობელი) მსგავსი მხარდამჭერი საქართველოშიც რომ გვყავდეს, ქართული სპორტი გაცილებით წინ წავიდოდა".

ჟურნალისტს ცხადაძის ნათქვამი გაუკვირდა იმის ფონზე, რომ უეფას ერთა ლიგაში საქართველომ ყაზახეთს უშანსოდ აჯობა.

"პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოს ჩემპიონატს. სახალხო გუნდი ჩვენც გვყავს - თბილისის დინამო, მაგრამ სამწუხაროდ, კლუბს არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც - ქაირათს. საქართველოში ძალიან ბევრი ტალანტია, დინამოს პრეზიდენტი კი მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ ის ერთადერთია და თან, არ აქვს ასეთი შესაძლებლობები.

ყაზახეთის ნაკრებისთვის კი აჯობებდა, ყოლოდა რამდენიმე ლეგიონერი. საქართველოს ნაკრები ამითაა ძლიერი - ფეხბურთელები საზღვარგარეთ ჩემპიონატებში თამაშობენ. ყაზახი ფეხბურთელები სამშობლოშიც კომფორტულად გრძნობენ თავს, კარგ თანხას იღებენ და არ ცდილობენ, სადმე წავიდნენ. ქართველი ფეხბურთელებისთვის კი ეს ლამის ერთადერთი შანსია იმისთვის, რათა ნორმალურად იცხოვრონ და ითამაშონ ძლიერ ჩემპიონატებში".

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს სტუმრად 2:0 მოუგო

კახა ცხადაძე ყაზახეთში სამუშაოდ ივნისში დაბრუნდა და არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში (როგორც სპორტული, ისე ფინანსური კუთხით) აღმოჩენილი შიმკენტის გუნდი ჩაიბარა. ცხადაძის ხელმძღვანელობით, რომლის სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძეც შედის, ორდაბასიმ მდგომარეობა გამოასწორა. ამჟამად კი გუნდს 39 ქულა აქვს და მეოთხე ადგილისთვის ჟეტისუსა და აქტობეს ებრძვის, რომლებსაც ამდენივე ქულა აქვთ. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.

კახა ცხადაძეს ორდაბასის ხელმძღვანელობასთან თავის მომავალზე ჯერ არ უსაუბრია 

"სეზონის დასრულებასთან ერთად, კონტრაქტები ჩვენც გვიმთავრდება, მის გახანგრძლივებაზე კი კლუბი ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებთ. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ყველა მხრივ დაშლილი გუნდი ჩავიბარეთ და პრობლემის მიუხედავად, რასაც მივაღწიეთ, ბიჭების დამსახურებაა. შევქმენით ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელმაც მათ შორის ორჯერ ქაირათს მოუგო. ახლა კლუბში ფინანსური პრობლემები აღარ არის", - ამბობს ცხადაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები