Thumbnail

ბობ მარლის შვილი იამაიკის ქალთა ნაკრებს დაეხმარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სიდელა მარლიმ იამაიკის სპორტული ცხოვრების ახალი ფურცელი დაწერა
  • იამაიკის ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

იამაიკა გახდა პირველი ქვეყანა, რომლის ქალთა ნაკრებიც, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. მათ კონკაფის ზონის მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში პანამას თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდეს.

სიდელა მარლი ბობ მარლის შვილია. სწორედ მისი ძალისხმევით აღდგა იამაიკის ქალთა ეროვნული ნაკრები. სიდელა მომღერალი, დიზაინერი და მსახიობია. მან 2012 წელს იამაიკის ოლიმპიურ ნაკრებს ფორმები შეუკერა.

რვა წლის წინ იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრებს დაფინანსება შეუწყვიტა და საერთოდ გააუქმა. სამწლიანი უმოქმედობის გამო, იამაიკის ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგიდანაც ამოიღეს.

2014 წელს სიდელა მარლი ამ ნაკრების ელჩი გახდა. მან სპონსორები მოიძია, იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ კი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდისთვის გარკვეული თანხა გამოყო.

იამაიკელები 28 ოქტომბერს ინგლისის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან. მათი მთავარი მიზანი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებაა. მარლის თანამემამულეები სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთში გაემართებიან.

სიდელა მარლი: 'ჩვენმა ქვეყანამ ისტორია დაწერა. წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება.'

 

კომენტარები

ბოლო ამბები