Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსმა დაძაბულ ბრძოლაში გოლდენ სტეიტს მოუგო
  • ლეიკერსთან სკანდალის შემდეგ ჰიუსტონი კლიპერსთან დამარცხდა
  • კლივლენდ კავალიერსმა მესამე თამაშიც წააგო

ლოს ანჯელეს კლიპერსისა და ფინიქს სანსის შემდეგ, დენვერმა საკუთარ დარბაზში გოლდენ სტეიტიც დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში დამაჯერებლად ლიდერობს.

იოკიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა

უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ნაგეთსმა უორიორსს 100:98 მოუგო და ახლა უკვე სამიდან სამი მოგება აქვს - ასეთი კარგი სტარტი დენვერმა ბოლოს 2009 წელს აიღო!

მატჩი ბოლო წამამდე დაძაბული იყო. უკანასკნელი შეტევისას ოკლენდელებს ანგარიშის გათანაბრება და ტამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლოთ, მაგრამ უორიორსის ბოლო მცდელობა ხუან ერნანგომესმა დაბლოკა და NBA-ს მოქმედ ჩემპიონსა და უმთავრეს ფავორიტს პირველი მარცხი აგემა.

დენვერის საუკეთესო მოთამაშე გარი ჰარისი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. შესანიშნავი იყო ნიკოლა იოკიჩიც, რომელმაც 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

გოლდენ სტეიტიდან სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ 30 ქულა დააგროვა (16-დან 6 სამქულიანი), კევინ დურანტს კი, მართალია, 20 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, მაგრამ ოთხი მცდელობიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. სამქულიანებში მოიკოჭლებდა კლეი ტომპსონიც - მან 6 მცდელობიდან მხოლოდ ერთის ჩაგდება მოახერხა.

ჰიუსტონი კრის პოლის გარეშე დამარცხდა

ლეიკერსთან სკანდალური მატჩიდან ერთი დღის შემდეგ, ჰიუსტონი ისევ ლოს ანჯელესურ კლუბს, კლიპერსს შეხვდა და 112:115 დამარაცხდა. როკეტსს ძალიან აკლდა გამთამაშებელი კრის პოლი, რომელმაც ლეიკერსთან იჩხუბა და დისკვალიფიცირებული იყო. ჯეიმს ჰარდენისთვის (31 ქულა, 14 პასი) და კომპანიისთვის ეს მესამე მატჩში მეორე წაგებაა.

კლივლენდის ანტირეკორდი

კლივლენდს კი უკვე ძალიან ცუდად აქვს საქმე. ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილ კავალიერსს ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა და ვერც ატლანტას დამარცხება მოახერხა - ვიცე-ჩემპიონმა საკმაოდ არასაპატიო ანგარიშით, 111:133 წააგო. აღსანიშნავია, რომ კლივლენდს რეგულარული სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი თამაში ბოლოს 14 წლის ჰქონდა წაგებული...

ვესტბრუკმა ოკლაჰომას ვერ უშველა

რასელ ვესტბრუკი დაბრუნდა და შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ოკლაჰომა საკრამენტოსთან მაინც დამარცხდა (120:131). არადა, რასელმა ორმაგი დუბლი შეასრულა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი პასი დააკლდა - 32 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი. კარგად ითამაშა პოლ ჯორჯმაც (29 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები