Thumbnail
  • NBA-ს ახალი სეზონი რამდენიმე დღის დაწყებულია და უკვე პირველი სკანდალიც მოხდა
  • ლეიკერსისა და ჰიუსტონის მატჩში პოლმა და რონდომ იჩხუბეს

ლებრონ ჯეიმსის დებიუტი ლოს ანჯელესში დიდი ზეიმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მეფეებს სურთ. ლებრონის პირველი თამაში ლეიკერსის პუბლიკის წინ ჩხუბმა დაჩრდილა, რაც NBA-ს ახალი სეზონის პირველი სერიოზილი სკანდალია. ველური სცენების გამო, რომლებიც ბოლო მეოთხედში დაფიქსირდა, ჰიუსტონის გამარჯვება ლოს ანჯელესში (124:115) ფაქტობრივად მეორეხარისხოვანი გახდა.

ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჰიუსტონელთა სუპერვარსკვლავ ჯეიმს ჰარდენზე ბრენდონ ინგრამის ფოლით დაიწყო, რასაც ჯერ ამ უკანასკნელთა შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი, როცა მომხდარზე უკვე ბევრი კალათბურთელი კამათობდა, დისკუსიები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ვიდეოებში ჩანს, ჰიუსტონის გამთამაშებელი კრის პოლი ლეიკერსელ რაჟონ რონდოს ხელით ცუდად შეეხო, ამ უკანასკნელმა კი ვერ მოითმინა და სახეში დაარტყა! ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კრივი - ჩხუბში ინგრამიც დაბრუნდა, რომელმაც ასევე პოლს დაარტყა.

"საერთოდ არ გამკვირვებია... რონდოს და კრის პოლს ერთმანეთი არასდროს უყვარდათ. დაპირისპირება სათავეს ლიგაში რონდოს მოსვლიდან პირველივე ან მეორე წელს იღებს. მიკვირს მხოლოდ ახლა რომ იჩხუბეს პირველად, ერთმანეთი არასდროს უყვარდათ." - ეს ბოსტონის ლეგენდის, პოლ პირსის სიტყვებია ESPN-თან.

რონდოსა და კრის პოლის დაპირისპირებას ისტორია აქვს

აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსი ჩხუბში არ ჩართულა - ის კალათბურთელების გაშველებით იყო დაკავებული. პოლი, რონდო და ინგრამი კი თამაშიდან მოიხსნეს და სასჯელი ელოდებათ.

რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშიც გაგრძელდა, რომელიც ჰიუსტონმა მოიგო. MVP ჰარდენი საუკეთესო იყო 36 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით. ჩხუბამდე კრის პოლმა 28 ქულით, 7 მოხსნითა და 10 პასით გაიბრწყინა. ლეიკერსში ჯეიმსმა 24 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი გააკეთა. რონდოს ანგარიშზე 13 ქულა, 7 მოხსნა და 10 პასი იყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები