Thumbnail

'გინდათ, ყოველ საღამოს ოპერაში იაროთ?' - რატომ სძულს იურგენ კლოპს ერთა ლიგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის თავკაცმა ერთა ლიგაზე კრიტიკულად კიდევ ერთხელ ილაპარაკა
  • გერმანელი სპეციალისტის აზრით, ფეხბურთი მოსაბეზრებელი არ უნდა გახდეს

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უეფას ახალ ტურნირზე - ერთა ლიგაზე კრიტიკულად კიდევ ერთხელ ილაპარაკა. 51 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ ტურნირს უაზრო უწოდა, ამჯერად კი თავის დამოკიდებულებაზე უფრო დეტალურად ისაუბრა.

კლოპის რეაქცია მოსალოდნელი იყო - სანაკრებო პაუზამ მისი გუნდი განსაკუთრებით დააზარალა.

"რა გირჩევნიათ, ოპერაში ყოველ საღამოს იაროთ თუ ორ თვეში ერთხელ? მიყვარს დიდი ტურნირები, მაგრამ ზოგჯერ უკანაც უნდა დაიხიო. ერთა ლიგა კარგი იდეაა, მაგრამ არა - ფეხბურთისთვის. მისთვის უბრალოდ არ მოიძებნება თანამედროვე ფეხბურთში ადგილი.

ხომ არ გსურთ, ბრძოლას ენტონი ჯოშუას მონაწილეობით ყოველ ორ დღეში ერთხელ უყურებდეთ? ეს უბრალოდ შეუძლებელია. სპორტის თითოეულ სახეობაში, ამერიკულ ფეხბურთშიც კი, არსებობს შესვენება.

ყველას უნდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ტურნირი ტარდებოდეს, რომლებშიც ფეხბურთელები ტიტულებისთვის იბრძოლებდნენ. მაგრამ ზოგჯერ მოთამაშეებზეც უნდა ვიფიქროთ და იმაზე, კიდევ შეუძლიათ თუ არა მათ კარგი ფეხბურთის ჩვენება. მაგრამ ეს მოსაზრება არავის აინტერესებს…", - აქვეყნებს კლოპის ნათქვამს Daily Mail.

ცოტა ხნის წინ იურგენ კლოპის კრიტიკულ შეხედულებას მხარი მისმა ფეხბურთელმა, ლივერპულისა და ხორვატიის ნაკრების მცველმა დეიან ლოვრენმაც აუბა

უეფას ახალმა ტურნირმა - ერთა ლიგამ, რომელიც ამხანაგური მატჩების ჩასანაცვლებლად შეიქმნა, სტარტი ამ შემოდგომაზე აიღო. საქართველოს ნაკრებს, რომელიც D ლიგაში წარმატებით გამოდის, კარგი შანსი აქვს, ევრო 2020-ის საგზური მოიპოვოს.

ახლახან უეფამ ერთა ლიგაში სოლიდარობისა და საპრიზო თანხები გაზარდა, რის შედეგადაც ტურნირს გამარჯვებული ჯამში 10,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები