Thumbnail
  • სებასტიან ფეტელს ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს
  • ლუის ჰემილტონი მეხუთე ტიტულთან ძალიან ახლოდაა

სებასტიან ფეტელმა ყველაზე უკეთ იცის, რომ ამ სეზონში ჩემპიონი ვეღარ გახდება - ლუის ჰემილტონს პირველობის ოფიციალურად განაღდება ახლავე, აშშ-ის გრანპრიზე შეუძლია. ამიტომ, ფერარის გერმანელი პილოტი უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრობს და ავტოსპორტის ღმერთს დახმარებას სთხოვს.

“ავტოსპორტი ხანდახან ძალიან უსამართლოა. წელს ბევრჯერ არ გაგვიმართლა, თუმცა ჩვენც ვუშვებდით შეცდომებს. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ავტოსპორტის ღმერთი ჩვენთვის უფრო კეთილი იქნება,” - განაცხადა ფეტელმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

31 წლის გერმანელს აშშ-ის გრანპრის წინ ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს და ცხადია, რომ ჰემილტონს ვეღარ აჯობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეტელი არ ნებდება და ბოლომდე ბრძოლას აპირებს: “დანებაბა არ მჩვევია. ამერიკის გრანპრის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჰემილტონის ჩემპიონობა გადაიდოს. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი,” - დასძინა გერმანელმა.

ჰემილტონმა ბოლო 7 რბოლაში 175 შესაძლო ქულიდან 168 მოიპოვა და ფეტელთან 8-ქულიანი ჩამორჩენა 67-ქულიან უპირატესობად გარდაქმნა. თუ ჰემილტონი ტექსასში ფეტელზე 8 ქულით მეტს აიღებს, ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს და ფორმულა 1-ის ტრიუმფატორი მეხუთედ გახდება.

ჰემილტონი კვირას ჩემპიონი გახდება, თუ…

► რბოლას მოიგებს და ფეტელი მაქსიმუმ მესამე ადგილზე გავა.

► ლუისი მეორე ადგილს დაიკავებს, ფეტელი კი მაქსიმუმ მეხუთე იქნება.

► ლუისი მესამე ადგილს დაიკავებს და ფეტელი მაქსიმუმ მეშვიდეზე გავა.

► ლუისი მეოთხე ადგილს დაიკავებს და ფეტელი მაქსიმუმ მე-8 იქნება.

► ლუისი მეხუთე ადგილს დაიკავებს და ფეტელი მაქსიმუმ მე-9 იქნება. 

► ლუისი მეექვე ადგილს დაიკავებს და ფეტელი უქულოდ დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები