Thumbnail
  • 📅 კვირა | ⌚ 22:30 | ⚽ ინტერი V მილანი
  • 20-22 ოქტომბერს სერია A-ს მე-9 ტურია

ამ უქმეების უკანასკნელი გამორჩეული საფეხბურთო მოვლენა კვირას საღამოს მილანში გასამართი დაპირისპირებაა, სადაც დერბიში ინტერი და მილანი ითამაშებენ. ლუჩანო სპალეტის გუნდი, რონელიც "სან სიროზე" პირობითი მასპინძელი იქნება, გაცილებით შეკრული და მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია და ეს ცხრილშიც ჩანს - 16 ქულა და მესამე ადგილი. ჯენარო გატუზოს კი შეგირდებთან კიდევ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ გუნდი  ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეიყვანოს.

მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად ვრცელდება მილანურ დერბიზე - აქ ლიდერი და აუტსაიდერი, დიდი და პატარა არ იციან.

Derby della Madonnina

ამ ორი მილანური კლუბის დაპირისპირების ისტორია საუკუნეზე ხანგრძლივ პერიოდსა და 200-ზე მეტ ოფიციალურ მატჩს ითვლის. ის არამხოლოდ იტალიის, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერბია, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის ორი ტიტულოვანი გუნდი უპირისპირდება. ინტერსა და მილანს ჩემპიონატი 18-18-ჯერ აქვთ მოგებული, მილანელებზე მეტი "სკუდეტოთი" კი მხოლოდ იუვენტუსი თუ დაიკვეხნის (34).

ერთი მილანური კლუბის მაისურა მეორისაზე არაერთ ვარსკვლავს გაუცვლია, მათ შორის: რობერტო ბაჯოს, რონალდოს, კრისტიან ვიერის, ერნან კრესპოს, ანდრეა პირლოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მარიო ბალოტელის... 

2 more days till....😍

Posted by Italian Football TV on პარასკევი, 19 ოქტომბერი, 2018

იტალიაში ტრადიციად აქვთ, დერბის სახელწოდება ქალაქის რომელიმე გამორჩეულ ღირშესანიშნაობას დაუკავშირონ. სახელწოდება "Della Madonnina" კი ქალწული მარიამის ქანდაკებიდან მომდინარეობს, რომელიც მილანის საკათედრო ტაძარს "დუომო დი მილანოს" ამშვენებს.

სერია A-ში გამართულ უკანასკნელ ხუთ მილანურ დერბიში მეტოქეებმა თითოჯერ მოიგეს, სამჯერ კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. უგოლო ფრე დაფიქსირდა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში.

მილანის ფეხბურთელი მასიმო ამბროზინი პლაკატით: "Lo scudetto mettilo nel culo" (უკან გაიკეთეთ სკუდეტო). ფოტო 2006/07 წლების სეზონის ბოლოსაა გადაღებული, როდესაც ინტერმა ჩემპიონატი მოიგო, მილანმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვა

იკარდი V იგუაინი

ინტერმა ეს სეზონი მძიმედ დაიწყო (მარცხი და ფრე), მაგრამ ახლა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ლუჩანო სპალეტის შეგირდებისთვის მილანთან პრინციპული დერბი კარგი გაკვეთილი შეიძლება გახდეს ბარსელონასთან გასვლითი მატჩის წინ.

კვირას გასამართ შეხვედრას ინტერი მოგებათა 6-მატჩიანი სერიით ხვდება (4 ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაში) და უკვე ისე ჩანს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვენტუსის მთავარი მოცილე იქნება, ნაპოლისთან ერთად.  

კვირას "სან სირო" შავ-ლურჯ ფერებში შეიღებება

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის მაური იკარდის ანგარიშზე კი მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია და 25 წლისარგენტინელი კაპიტანი "სან სიროზეც" ყურადღების ცენტრში იქნება. 

სხვათა შორის, თამაშის წინ "ნერაძურის" ქომაგებმა კარგი ამბავი გაიგეს - იკარდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კლუბთან შეთანხმებას, ბოლოს და ბოლოს ახერხებს და მზადა, დაკლებული ხელფასითაც დაიცვას ინტერის ღირსება.

მაურო იკარდისთვის ხელფასი მთავარი არაა

თავად ბომბარდირმა კი დერბის წინ მეტოქე გუნდის თავდამსხმელზე, თანამემამულე გონსალო იგუაინთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა:

"მილანში ბრწყინვალე და გამოცდილი ფეხბურთელები მრავლად არიან, მაგრამ თუ ერთი უნდა გამოვარჩიო, მაშინ გონსალო იგუაინს დავასახელებ, რომელიც ბევრ გოლს იტანს. გონსალო ზუსტად ის არის, ვინც მილანს აკლდა. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა და შესანიშნავი თავდამსხმელია. იგუაინს პრინციპული მეტოქის როლში არ განვიხილავ. მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ვიდგებით, მაგრამ ამის გამო არ ვღელავ, უბრალოდ, შევეცდები, თავად გავისარჯო კარგად".

სერია A მილანმაც წაგებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სტაბილურობის მოპოვება ნელ-ნელა მოახერხა - მიყოლებით 3 ფრეს, ზედიზედ 2 მოგება დაურთო. "როსონერის" საუკეთესო ვარიანტი ამ სეზონში ალბათ მაინც რომასთან მატჩში (2:1) ვიხილეთ. ასეთი მილანის ნახვა სურს ჯენარო გატუზოსაც ყოველ თამაშში და აი, ახლა მისი გუნდი მორიგი გამოცდის წინაშეა. 

მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ინტერთან მატჩს ჩემპიონატის 10 მატჩში 17 სეივით ხვდება

თუ ინტერის ჯოკერი იკარდია, მილანს ასეთი იუვენტუსიდან სეზონის წინ გადმოსული იგუაინი ჰყავს. არგენტინელი ძალიან მაგარ ფორმაშია - "როსონერის" მაისურით ყველა ტურნირის ბოლო 5 მატჩში მან 6 გოლი შეაგდო და თავის გამოჩენას მისთვის პირველ მილანურ დერბიშიც შეეცდება.

"ყველა დერბის თავისი კოლორიტი აქვს. ჩემთვის ეს პირველი მილანური დერბია და კარგია, რომ ვითამაშებ. შეხვედრას მშვიდად, კონცენტრირებული და გამარჯვების იმედით ვხვდებით. ის ფაქტი, რომ ლამის მთელი "სან სირო" მეტოქის მხარეს იქნება, ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. მილანური დერბი თავისი ვნებათაღელვით მადრიდულს წააგავს. მილანი მოიგებს, თუ ვირწმუნებთ, რომ არავიზე ნაკლები ვართ. ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ, ეს ფეხბურთია - 11 11-ის წინააღდეგ, და არა - ფორვარდი თავდამსხმელის წინააღმდეგ", - თქვა 30 წლის იგუაინმა. 

გონსალო იგუაინი და ჯენარო გატუზო მილანური დერბისთვის მზადებისას

აი, ინტერის ყოფილი თავდამსხმელი დიეგო მილიტო კი კარს მომდგარ დერბიში სულ სხვა თანამემამულის გაბრწყინებას ელოდება - 21 წლის ლაუტარო მარტინესის, რომელიც კლუბში არგენტინის ნაკრებიდან სადებიუტო მატჩში გატანილი სადებიუტო გოლით დაბრუნდა.

"ვფიქრობ, დერბიში თანაბარ თამაშს ვნახავთ. ყოველთვის ასეა. ეს უნიკალური, განსაკუთრებული მატჩებია და მათში გამარჯვება უფრო კონცენტრაციასა და ვაჟკაცობას მოაქვს, ვიდრე კლასს. როგორც წესი, გუნდები არ "იხსნებიან", თამაშის ბედს კი წვრილმანები წყვეტს. მჯერა, მომავალ დაპირისპირებაში გადამწყვეტ სიტყვას ლაუტარო მარტინესი იტყვის. კარგად ვიცნობ მას - ბრწყინვალე ბიჭია".

ვნახოთ, გამართლდება თუ არა მილიტოს პროგნოზი, ლაუტარო მარტინესი კი, დიდი ალბათობით, თავიდან სათადარიგოებში იქნება.

შეხვედრას ნომინალური მასპინძლებიდან, დიდი ალბათობით, მატიას ვესინო გამოტოვებს, სტუმრებს კი კარგა ხანია ივან სტრინიჩი აკლიათ. 

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბროზოვიჩი, გალიარდინი - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი.

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესიე, ბილია, ბონავენტურა - სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ.

კომენტარები

ბოლო ამბები