Thumbnail
  • ბაიერნის ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
  • ჰიონესის და რუმენიგეს სკანდალური პრესკონფერენცია

ბაიერნმა პარასკევს დილას დააანონსა, რომ მიუნხენის დროით 12:00-ზე კლუბის მთავარი შეფები პრესკონფერენციას გამართავდნენ და ეს ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. საქმე ისაა, რომ ბავარიული გრანდი კრიზისშია, გერმანული მედია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გათავისუფლებაზე ალაპარაკდა და ამასაც რომ თავი დავანებოთ, სამივე შეფი პრესკონფერენციას ერთად იშვიათად ატარებს ხოლმე. 

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაშინვე იფიქრეს, შეიძლება კოვაჩს ათავისუფელებენო, მაგრამ მალევე თავად კოვაჩის პრესკონფერენციაც დაინიშნა, ოღონდ 1 საათით ადრე და მწვრთნელმა ძალიან მშვიდად ილაპარაკა ვოლფსბურგთან მატჩზე, რომელსაც ბაიერნი შაბათს გამართავს. შესაბამისად, კოვაჩის გაგდება გამოირიცხა.

რუმენიგე, სალიჰამიჯიჩი და ჰიონესი პრესკონფერენციაზე

მოვიდა 12 სააათიც და გერმანული მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტ ული ჰიონესის, გენერალურ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს და სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს საპრესკონფერენციო დარბაზში ელოდებოდნენ. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები დარბაზში 3 წუთის დაგვიანებით გამოჩნდნენ და დაიწყო, როგორც “ბილდი” წერს, ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პრესკონფერენცია ბაიერნის ისტორიაში.

► პირველად სიტყვა 63 წლის რუმენიგემ აიღო და მოიყვანა ციტატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონიდან: “ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია”.

► ზუსტად 14 წუთის შემდეგ, მისმა თანამოაზრემ, 66 წლის ული ჰიონესმა, რომელსაც რუმენიგეს ნათქვამი ალბათ აღარ ახსოვდა, ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ხუან ბერნატი (ახლა პსჟ-შია) გალანძღა.

“როცა სევილიაში ვითამაშეთ, პირადად ბერნატის და, თამამად ვიტყვი, მხოლოდ მისი ბრალი იყო ის, რომ კინაღამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდით. ზუსტად იმ დღეს გადავწყვიტეთ, რომ მას გუნდიდან გავუშვებდით,” - დასჭექა ულიმ.

საქმე ეხება 2018 წლის 3 აპრილს გამართულ მატჩს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც სევილია სწორედ ბერნატის შეცდომის შემდეგ დაწინაურდა. ბაიერნმა ის თამაში ბოლოს 2:1 მოიგო, ბერნატი კი ზაფხულში პსჟ-ში გაუშვეს.

ჰიონესის გამონათქვამი Sky-ს რეპორტიორ ული კიოლერისკენ იყო მიმართული, რომელიც ბაიერნს ესპანელის გაყიდვის გამო აკრიტიკებდა. ზოგადად, ბაიერნის ბოსებს ზაფხულის შემდეგ თავიანთი სატრანსფერო პოლიტიკის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ და, როგორც ჩანს, სწორედ ეს ყველაფერი აღარ მოსწონთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პრესკონფერენციის მიზანი ის იყო, რომ რუმენიგეს და ჰიონესს მედიის წარმომადგენლები დაეტუქსათ.

ჰიონესი Sky-ს ჟურნალისტის მისამართით: “სიმართლე გითხრა, იმედი მქონდა, რომ მაშინ, სევილიასთან მატჩის დროს პირდაპირ იტყოდი, თუ რა განავალი ფეხბურთი ითამაშა ბერნატმა.” 

ჟურნალისტმა სცადა, აეხსნა, მაგრამ ჰიონესმა შეაწყვეტინა და მის ჟურნალისტურ საქმიანობას საშინელი და აღმაშფოთებელი უწოდა.

Sky-ს ჟურნალისტს კოლეგებმა მხარი დაუჭირეს და ერთად გააკრიტიკეს ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკა და გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა, რაზეც ჰიონესმა ხმას აუწია: “თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, ჩვენ - ჩვენი. სეზონის ბოლოს დავსხდეთ და შევხედოთ, ვინ იყო მართალი.”

ერთი სიტყვით, ბაიერნის შეფებმა მედიის წარმომადგენლებს შეუტიეს და მათ ბრძოლა გამოუცხადეს. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო N-TV-ს სამ რეპორტიორს ჰიონესმა “უვიცთა ტრიო” უწოდა; “ბილდის” და ზოგადად საგამომცემლო სახლ “აქსელ შპრინგერის” წარმომადგენლებს კი “ჟურნალისტები, რომლებიც არავის და არაფერს სცემენ პატივს.” რუმენიგემ პირდაპირ მიმართა “ბილდის” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველ რიგში ისხდნენ: “ბატონებო, შეგიძლიათ თამამად მიიჩნიოთ, რომ თქვენ პირველ რიგში გგულისხმობთ.”

უფრო მეტიც: ჰიონესი და რუმენიგე მედიის წარმომადგენლებს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ დროა სასამართლოს მიმართონ. 

"როდესაც მანუელ ნოიერზე წერილი წავიკითხე, სიტყვები ვერ მოვნახე ამ სტატიის გადმოსაცემად. უბრალოდ, მინდა შევახსენო ავტორს, რომ მანუელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ოთხჯერ დაასახელეს." - ამბობს რუმენიგე - "იგივეს ვიტყოდი ჯერომ ბოატენგზე და მატს ჰუმელსზე. არ ვიცი, რა რეგულაციები არსებობს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების ასე მოხსენიებას აღარ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენი გუნდის მწვრთნელის, ჩვენი ფეხბურთელების და ჩევენი კლუბის იმიჯს.”

მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ამბობს, რომ ბაიერნს უბრალოდ ცოტა მეტი გამართლება ჭირდება, რომ ყველაფერი დალაგდეს: “სეზონი კარგად დავიწყეთ და მაშინაც ვამბობდი, რომ ყველაფერი ასეთი ვარდისფერი არ იყო. ახლაც იგივეს ვიტყვი, საქმე ისე ცუდადაც არაა, როგორც პრესა აშუქებს" - აცხადებს კოვაჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები