Thumbnail
  • 📅 შაბათი | ⌚ 22:45 | ⚽ ბარსელონა V სევილია
  • 19-21 ოქტომბერს ლა ლიგის მე-9 ტურია

ლა ლიგის მე-9 ტურის მთავარ მატჩში ბარსელონა "კამპ ნოუზე" სევილიას მასპინძლობს. თუკი ესპანეთის ჩემპიონს ბოლო 4 ტურია, ვერ მოუგია, ანდალუსიური კლუბი თავს სწორედ 4-მოგებიანი სერიით იწონებს და 16 ქულით პირველ ადგილზეა, ბარსა მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ისე კი, ლა ლიგაში მთავარი გრანდების არცთუ დამაჯერებელი სტარტის გამო, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა - ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მე-6 ადგილზე მყოფი ალავესი. 

ბარსამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა

ლიდერი ამ შეხვედრაში ფავორიტი ვერაფრით იქნება, მით უფრო ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორიას თუ გადავხედავთ. ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირებიდან 7 კატალონიელებმა მოიგეს. ბოლო დაპირისპირება ესპანეთის სუპერთასზე, აგვისტოში შედგა. ბარსამ ჟერარდ პიკესა და უსმან დემბელეს გოლების წყალობით მეტოქე 2:1 დაამარცხა და სეზონის პირველი ტიტულიც მოიგო. 

ბარსას უმტიტი და ვერმალენი ტრავმის გამო დააკლდება, სერხი რობერტოსა და სამპერის თამაშიც ნაკლებად სავარაუდოა. სტუმრებს ორი ფრანგი ამადუ და გონალონი აკლიათ, ცოტა საეჭვოა მერკადოსა და ესკუდეროს თამაში. ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ დაუპირისპირდება პაბლო მაჩინს. აქამდე ეს დუელები მხოლოდ ბასკის გამარჯვებით სრულდებოდა. 

მესი სევილიას ფეხბურთელებისთვის მთავარი საფრთხეა

მასპინძლებს კვლავ ლიონელ მესის ეიმედებათ, რომელმაც ახლახან სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. ლეომ სექტემბერში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც გააკეთა. არგენტინელის ანგარიშზე დუბლია უესკას კარშიც. სტუმართა შორის კი განსაკუთრებით ანდრე სილვასი ეიმედებათ - პორტიგალიელმა ფორვარდმა ბოლო 4 მატჩში ლა ლიგაში 4 გოლი გაიტანა.  

პაბლო მაჩინი (სევილია): "ერთი მატჩი ვერ იქნება ბარომეტრი, ვართ თუ არა უკეთესი გუნდი, ვიდრე ბარსა, თუმცა ეს იქნება კარგი ტესტი, ისეთი, როგორიც იყო სუპერთასი. ჩვენ უნდა გავიდეთ ყველაზე "არასტუმართმოყვარე" მოედანზე და დავამტკიცოთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობას ვიმსახურებთ. მათ ჰყავთ მესი, თუ საუკეთესო არა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში. ჩვენ ამას გუნდური თამაში უნდა დავუპირისპიროთ". 

პაბლო მაჩინის სევილია პირველ ადგილზეა

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3):  ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო

სევილია (5-3-2): ვაჩლიკი - ხესუს ნავასი, კარისო, კიაერი, სერხი გომესი, არანა - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა

საინტერესო ფაქტები

► ბარსელონას 4-ტურიანი მოუგებელი სერია 2009 წლის შემდეგ პირველად აქვს. 

► სევილიამ ბოლო 4 ტურში იმარჯვა, 2017 წლის სექტემბრის მერე პირველად. 

► სევილიამ ბოლოს "კამპ ნოუზე" 2002/03 წლების სეზონში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

► ანდრე სილვა (სევილია) შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 4 ტურში 4 გოლი გაიტანა. მან ასევე გაიტანა ერთა ლიგაზე პორტუგალიის ნაკრების რიგებში. 

► ლიონელ მესის 24 გოლი აქვს ლა ლიგაში სევილიას კარში გატანილი. სევილია არგენტინელის საყვარელი მსხვერპლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები