Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი ACB ლიგაში - დუდა სანაძე ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების უკანახაზელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
  • 26 წლის დუდა გიპუსკოას ღირსებას ბექა ბურჯანაძესთან ერთად დაიცავს
  • სან სებასტიანის გუნდს სანაძის დახმარება ძალიან სჭირდება
  • ACB ლიგაში საქართველოს ნაკრების ექვსი კალათბურთელი გამოდის

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო გასულ სეზონში დიდი პერიოდი გაუცდა, კარიერას ესპანურ კლუბ გიპუსკოაში გააგრელებს.

26 წლის სანაძე ABC-ლიგის კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ კალათბურთელთან, ბექა ბურჯანაძესთან ერთად ითამაშებს, რომელიც სან სებასტიანის გუნდს სეზონის წინ შეუერთდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწება, 196 სმ სიმაღლის ქართველი კალათბურთელი გიპუსკოასთან ერთად ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და სულ ცოტა, ერთი თვის განმავლობაში დაეხმარება გუნდს. სანსებასტიანელები დუდას ახასიათებენ, როგორც 3-ქულიანების კარგ მსროლელს.

სანაძე გასულ სეზონში სერია A-ს ფლექს პისტოიას ღირსებას იცავდა, მაგრამ ტრავმის გამო წლის ბოლოს იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუხდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, დუდამ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ოთხ მატჩში ითამაშა, სადაც საშუალოდ 10,5 ქულას, 2,3 მოხსნასა და 1,3 პასს ითვლიდა. 

სან სებასტიანის გიპუსკოამ მიმდინარე ACB ლიგაში აქამდე მოუგებელია - 4 მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. ქართველების გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.   

დუდა სანაძეს იტალიური პისტოიას გარდა, ევროპაში სლოვენიურ პრიმორსკაშიც უთამაშია, მანამდე კი ის ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) გამოდიოდა, სადაც სან დიეგოს ღირსებას იცავდა.

დუდა სანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მეექვსე კალათბურთელია. მისი და ბექა ბურჯანაძის გარდა, ACB ლიგაში გამოდიან: თორნიკე შენგელია, მეტ ჯენინგი (ორივე ბასკონია), გიორგი შერმადინი (უნიკახა) და თად მაკფადენი (ტენერიფე).

კომენტარები

ბოლო ამბები