Thumbnail

'ინტერი ჩემი სახლია' - მაურო იკარდი ნაკლებ ხელფასზეც თანახმაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის თავდამსხმელი და კაპიტანი კლუბთან მოლაპარაკებას აგრძელებს
  • არგენტინელი ბომბარდირი ნერაძურის ერთგული ნაკლებ ხელფასზეც დარჩება

მილანის ინტერის თავდამსხმელი და კაპიტანი მაურო იკარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ბოლო დროს ამ მხრივ წინსვლა შეიმჩნევა. 

იკარდის საქმეებს ვანდა განაგებს

იკარდის მოქმედი ხელშეკრულება, რომელშიც წლიური 7 მილიონი ევროა გათვალისწინებული, კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს, მის ორი წლით გახანგრძლივებაზე საუბარი კი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო.

თავდაპირველად, 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ცოლი და აგენტი ვანდა ნარა მაუროსთვის წლიურ ხელფასად 8 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამო, იკარდის 6,3 მილიონ ევროზე მეტს ვერ შესთავაზებს.

გამოცემის ცნობით, იკარდიმ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა და დიდი ალბათობით, მილანური დერბის შემდეგ, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართება, მხარეები მოლაპარაკების ფინალურ ეტაპზე გადავლენ. 

მოლაპარაკებებზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბში დარჩენა ევროპული გრანდებისგან ინტერესის მიუხედავად გადაწყვიტა.

"დღეს ბედნიერი ვარ. სხვა კლუბებთან კონტაქტი მართლაც მქონდა, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ჩემი ოჯახისთვის ასე უკეთესი იქნება. ეს ჩემი სახლია და წასვლა არ შემიძლია. მით უმეტეს, რომ ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა იყო და ინტერთან ერთად ეს ავისრულე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ახალ კონტრაქტს შობამდე შევათანხმხებთ, თუმცა შევეცდებით, ამისკენ წავიდეთ", - აქვეყნებს იკარდის ნათქვამს La Gazzetta dello Sport.

მაურო იკარდი მილანის ინტერის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, სადაც სამპდორიიდან გადავიდა. სერია A-ს გასულ სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა 29 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები