Thumbnail
  • ტორონტომ სეზონი კლივლენდთან გამარჯვებით დაიწყო
  • კავაი ლეონარდს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა
  • ჰიუსტონმა წააგო, ჰარდენი ფორმაში არ არის

კლივლენდ კავალიერსმა ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ პირველივე ოფიციალური მატჩი წააგო: ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში კავალიერსი ტორონტოს ესტუმრა და 104:116 დამარცხდა.

კანადელთა რიგებში საუკეთესო ახალწვეული კავაი ლეონარდი იყო, რომელიც ტორონტოს ფანებმა უდიდესი ოვაციებით მიიღეს. 27 წლის ლეონარდმა NBA-ში იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 13 მოხსნა.

არადა, ტორონტოს მსუბუქი ფორვარდისთვის თამაში არცისე კარგად დაიწყო. ლეონარდმა, რომელმაც წინა სეზონში სან ანტონიოს მაისურით მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პირველი სამი სროლიდან სამივე გააფუჭა, მაგრამ მერე იდეალურად ათამაშდა - მომდევნო 4 ტყორცნიდან 3 ჩააგდო.

ამ გუნდების ბოლო 17 დუელიდან 15 კლივლენდს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ახლა სხვა დროა: კავალიერსს ლებრონ ჯეიმსი აღარ ჰყავს, ტორონტო კი გაძლიერდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლივლენდმა კავაისა და კომპანიას სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. 2016 წლის ჩემპიონებს შორის საუკეთესო კევინ ლავი გახლდათ - 21 ქულით…

ჰიუსტონის მოულოდნელი მარცხი

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ჰიუსტონში, სადაც ჯეიმს ჰარდენის როკეტსი ნიუ ორლეანს პელიკანსთან 112:131 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა არ დათმეს. განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ენტონი დევისმა (32 ქულა, 16 მოხსნა, 8 პასი), ნიკოლა მიროტიჩმა (30 ქულა, 10 მოხსნა) და ჯულიუს რენდლმა (25 ქულა, 8 მოხსნა), რომელიც პელიკანსში ლეიკერსიდან გადავიდა.

აშკარაა, რომ ჰარდენი საუკეთესო ფორმისგან შორსაა - მართალია, “წვერი” ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან, მაგრამ მხოლოდ 18 ქულა დააგროვა (9 მოხსნა, 10 პასი).

კომენტარები

ბოლო ამბები