Thumbnail
  • ევრო 2020 ყველა წინა ტურნირისგან განსხვავებული იქნება - ის 13 ქვეყნის 13 ქალაქში ჩატარდება და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ორი გზა იარსებებს
  • 24 საგზურიდან 20 ტრადიციული გზით გათამაშდება - ჩატარდება საკვალიფიკაციო ტურნირი
  • 4 საგზური კი ახალი ტურნირის, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში გათამაშდება
  • საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ტურნირი ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსია

აქამდე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრის ორი გზა არსებობდა - ფინალური ტურნირის მასპინძლობა და საკვალიფიკაციო ტურნირი. ევრო 2020-ის წინ ყველაფერი შეიცვალა.

შევეცდებით, მარტივად ავხსნათ, თუ როგორ შეიძლება მოხვედრა ამიერიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ევრო 2020-ს ერთდროულად 13 ქვეყნის 13 ქალაქი უმასპინძლებს. ამდენ გუნდს ჩემპიონატზე ავტომატურად ვერ დაუშვებდნენ. ასე რომ, ჩემპიონატზე ავტომატურად არავინ არ არის დაშვებული - 24-ვე საგზური გათამაშდება.

მაგრამ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ორი გზა რჩება - პირველი: ძველებური, ანუ, საკვალიფიკაციო ტურნირი (20 საგზური) და მეორე: ახალი, ანუ, უეფას ერთა ლიგა (4 საგზური). საბოლოო ჯამში უეფას 55 მონაწილე ქვეყნიდან 24 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ევრო 2020-ზე მოხვედრის კომბინირებული სქემა

I გზა: საკვალიფიკაციო ტურნირი (20 საგზური)

დრო - 2019 წლის მარტიდან ნოემბრამდე

ტურნირის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში (ირლანდია) გაიმართება. 55 გუნდი 10 ჯგუფში განაწილდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

II გზა: უეფას ერთა ლიგა (4 საგზური)

დრო - პირველი ნაწილი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე, მეორე ნაწილი (საკვალიფიკაციო პლეი ოფები) 2020 წლის მარტი

უეფამ მოსაწყენი სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩასანაცვლებლად საინტერესო ტურნირი მოიფიქრა - უეფას ერთა ლიგა. ნაკრებები უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტის (რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება) მიხედვით: A, B, C და D ლიგებად დაიყოფა. 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, ივნისში დივიზიონის ნახევარფინალები და ფინალები.

ნაკრებები ლიგებში ასე გადანაწილდნენ

რაც შეეხება უშუალოდ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფს, ის 2020 წლის მარტში გაიმართება, როცა უკვე ცნობილი იქნება საკვალიფიკაციო ტურნირიდან ევრო 2020-ზე მოხვედრილი 20 ნაკრების ვინაობა. საკვალიფიკაციო პლეი ოფებშიც ნახევარფინალები და ფინალებია გათვალისწინებული.

საკვალიფიკაციო პლეი ოფში უეფას ერთა ლიგიდან მხოლოდ ის ნაკრებები ითამაშებენ, რომელთაც ტრადიციული გზით საგზური არ ექნებათ მოპოვებული.

ნახევარფინალები ორ-მატჩიანია, ხოლო ფინალები ერთ-მატჩიანი (ფინალის ადგილი წინასწარ გამოცხადდება). საბოლოოდ, ოთხივე დივიზიონის პლეი ოფების თითო გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ევრო 2020 13 ქალაქში გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები